ლუკა კურტანიძე: "ქართულ ოცნებაში" თაობათა ბრძოლა უნდა დასრულდეს!

ლუკა კურტანიძე: "ქართულ ოცნებაში" თაობათა ბრძოლა უნდა დასრულდეს!

გვესაუბრება ყოფილი 
პარლამენტარი, "ქართული 
ოცნების" ერთ-ერთი 
დამფუძნებალი
ლუკა კურტანიძე:

- ლუკა, გასულ წელს ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები გასცა საკადრო, საბანკო და სხვა სფეროებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ქვეყნის შენების ახალი ეტაპი დაიწყო? 
- მინდა სიამაყით აღვნიშნო, ბედნიერი ვარ იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ვიყავი ჩართული, გახლდით სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ნაძალადევის რაიონში. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოწოდება: მეორე ტურში ყველანი გავერთიანებულიყავით. სწორედ, ამ ერთიანობამ მიგვიყვანა გამარჯვებამდე. პირველ ტურში, ალბათ, ზედმეტი თავდაჯერებულობა იყო, შედეგად, საზოგადოებამ დღევანდელ ხელისუფლებას, მმართველ პარტიას მესიჯი გამოუგზავნა. ვფიქრობ, ყველაფერი უკეთისი მომავლისთვის კეთდება. მეორე ტურში იმ ხალხის გამოფხიზლება მოხდა, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ ბრძოლაში ჩართულნი. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეგონა, საზოგადოების გარეშე შეძლებდა "ნაციონალების" დამარცხებას, მაგრამ შეცდა და მოსახლეობისგან შესაბამისი "ყვითელი ბარათიც" მიიღო. მეორე ტურის წინ ბატონი ბიძინას გაკეთებულმა განცხადებამ ყველანი გაგვაერთიანა. ეს გამოწვევა მივიღეთ, რადგან ამ ადამიანის გვწამს და გვჯერა. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთი სახელი და გვარი არ არის, არამედ მან თავისი განვლილი ცხოვრებით შექმნა იდეა, რითაც უამრავი ადამიანი გააერთიანა. მათ შორისაა, ბევრი გამორჩეული ადამიანი, რომლებიც მის სიტყვას სიცოცხლის ფასად იცავენ და იმ საქმეს ემსახურებიან, რაც სამშობლოს აძლიერებს. ამ მოწოდებით მივედით იქამდე, რომ საქართველომ პრეზიდენტად ღირსეული ქალბატონი აირჩია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება დიდი იმედის მომცემია
- თქვენი თანაგუნდელების ერთი ნაწილი, დღეს "ქართულ ოცნებას" ღიად აკრიტიკებს. როგორია ამ საკითხზე თქვენი პოზიცია?
- რაც შეეხება კრიტიკას, ეს დასაშვებია, მაგრამ ამან ის იდეა, რის გარშემოც გავერთიანდით, არ უნდა დააზიანოს. ბევრი ამბობს: თვითკრიტიკა კარგიაო, მაგრამ ზომიერება აუცილებელია, რადგან ზედმეტი თვითგვემისგან უკუქცევა არ მივიღოთ, რაც გადინებას გამოიწვევს. ადამიანები იქ იკრიბებიან, სადაც ძალას ხედავენ. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ და არა დავჭამოთ
- ახალი პოლიტიკური წელი ცვლილებებით დაიწყო. პოლიტიკაში დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი. როგორ ფიქრობთ, დადგა ჟამი 2012 წლის იდეების განახლებისა და ხორცშესხმის?
- ყველა იმ ადამიანს ვაფასებ, ვინც 2011 წლიდან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი ირაკლი ღარიბაშვილს უჭირავს. იმედია, ის დრო რაც პოლიტიკაში აღარ იყო, მოვლენების გაანალიზებას დაუთმო, თავის განვლილ გზას გადახედა. თითოეული ადამიანი, რომლებიც ამ ბრძოლაში ჩართული ვიყავით, მზად ვართ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდეთ. ერთი და მთავარი რასაც ვისურვებდი - მეტი კომუნიკაციაა. ზემოთ, შემთხვევით როდი ვახსენე მეორე ტური. ზედმეტი თავდაჯერებულობის, კომუნიკაციის არქონის გამო, კინაღამ სავალალო შედეგი დადგა
- საუბრისას ახსენეთ, ივანიშვილმა ძველი გვარდია მოიხმოო. თქვენ ვის მოიაზრებთ ამ ხალხში?
- ზოგი ძველ გვარდიელებს ქილიკით იხსენიებს, ზოგიც ამ გვარდიაში პოლიტიკოსებს მოიაზრებს, ზოგი -უბრალო ხალხს. ერთ რამეს გავიხსენებ: როცა "სახალხო კრებაში" ვიყავი ერთ-ერთი შეხვედრისას ჭაბუა ამირეჯიბმა თქვა: ნუ შეგეშინდებათ, რომ ცოტანი ვართ იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სწორედ ეს ცოტა ქმნიდა ამინდს და მერე ვბევრდებოდითო. ამიტომ, მინდა ვთქვა: ერთიანობა ნებისმიერ საქმეში აუცილებელია და მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანა გაბარია. პასუხისმგებლობა რაც ქვეყნის მართვას ახლავს, ყველამ გუნდური პრინციპით უნდა გავინაწილოთ, ერთიმეორეს შევეხიდოთ და ტვირთი გადავინაწილოთ. ერთ დეტალს აღვნიშნავ: ოქტომბრის დასაწყისში ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა პირველ ტურში არჩევნების მოგება სათუო გამხდარიყო. უბრალოდ, ინიციატივა გამოვიჩინე. "ქართული ოცნების" შტაბს დავუკავშირდი და ვუთხარი: საქმე ისეა, ასეთი მიდგომით პირველ ტურში ვერ გავიმარჯვებთ-მეთქი. მიპასუხეს: ყველაფერს გადავამოწმებთ და რამდენიმე დღეში დაგირეკავთო, მაგრამ კვლავ არავინ დამკავშირებია.
ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, შტაბში რამდენჯერმე ძალით მივედი, ჩემი თანადგომა შევთავაზე. მათგან იგნორირების მეტი არაფერი ყოფილა. ივანიშვილის განცხადება რომ არა, რამაც ყველა გაგვაერთიანა, მეორე ტურიც იმავე შედეგით დასრულდებოდა, რითაც პირველი. ის მებრძოლები ვისაც არც ტყვია აშინებთ, არც სამშობლოსთვის სიცოცხლის გაწირვა, კვლავ ველოდებით კომუნიკაციას. მზად ვართ შეხვედრისთვის, ნებისმიერი კომუნიკაციისთვის და იმ თემებზე სასაუბროთ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის პასუხისმგებლობას აგვაღებინებს. პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე, ხელისუფლებამ უნდა აიღოს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რამდენიმე პარტიას გამოიცვლის. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც იმ იდეამ გააერთიანა, რომლის მატარებელიც ბიძინა ივანიშვილია. მას თავისი საქმეებიდან, განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე ვაფასებ. იგი არ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც პოლიტ.მჭერმეტყველებით გაიკვლია გზა, არამედ სამშობლოს სიყვარულით, ადამიანობით, შრომისმოყვარეობით, მიზანსწრაფულობით, ცხოვრების წესით. მან ეს დოვლათი ჩვენი სამშობლოს გადარჩენის იდეას მოახმარა. მისგან ჩვენს სამშობლოს უამრავი სიკეთე ერგო. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის იდეა. როცა ამ იდეას ძალა ამოეწურება, მეც ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური დრო ამოიწურა და ქვეყნის მსახურებას ჩემს პროფესიაში გავაგრძელებ
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ძველ გვარდიაში ბევრი სფეროს წარმომადგენელია გაერთიანებული, რომელთაც 2011 წელს, სააკაშვილის რეჟიმის აღზევების პიკში, ყველაფერი გადადეს იმისათვის, რათა ამ რეჟიმს, სასაკლაოს შეწინააღმდეგებოდნენ. თითოეული მათგანი მახსოვს. ზოგმა, ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა, გრიგოლ ვაშაძესთან აღმოჩნდა. ვაანალიზებ და ვადასტურებ, რომ ისინი "ქართულ ოცნებაში" თავის დროზე ანგარების გამო იყვნენ. ბუნებრივია, მათ ვერ ჩავთვლით იმ ადამიანთა რიცხვში, ვისაც ძველ არმიას უწოდებენ. ვგულისხმობ, "რესპუბლიკელებს", "ფორუმს". ამ პარტიების წარმოამდგენელთა განცხადებები ამაზრზენია: როცა "ქართულ ოცნებაში" საკვანძო თანამდებობები ეკავათ (ზოგი თავდაცვის მინისტრი იყო, ზოგიც პარლამენტში ვიცე-სპიკერი და ..), მაშინ ივანიშვილი კარგი კაცი იყო, მას მერე რაც ამ პარტიის წიაღიდან გავიდნენ, ლანძღვა დაიწყეს. საზოგადოებამ ასეთ ფიგურებს ხაზი უნდა გადაუსვას. პოლიტიკაში ტივტივის გამო "ნაცებთან" რომ ერთიანდები, ვინაც ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა და მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სხდები, .. "ქართულ ოცნებაში" ანგარების გამო ყოფილხარ. გამოდის, ისინი თავიდანვე ხალხს ატყუებდნენ. ვინც ქვეყანა დაღუპა, მათთან როგორ უნდა გაერთიანდე?! საზოგადოებას ვურჩევ, ასეთი ადამიანები საერთოდ უარყოს. გუბაზ სანიკიძეს უჯობს ბარი და თოხი დაიკავოს. ნამდვილ ძველ გვარდიაში კი შედიან ადამიანები, რომლებიც რა იდეის მატარებლებიც 2011 წელს იყვნენ, დღესაც ამ იდეას ერთგულებენ და კრიტიკაშიც ზომიერნი არიან. იმ ადამიანებს ვინც კრიტიკის თვალსაზრისით ზომას გადადის, მოვუწოდებ: დაფიქრდნენ რამდენად არგებს ეს ერთიანობას. მე კარგი ვარ და შენ ცუდი, ასეთი ტერმინოლოგიით ნუ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ძველი გუნდიც და ახალიც ორივე ჩემი ნაწილია. ახალიც რომ წაიქცეს, ეს ჩემი წაქცევაა. ამიტომ, ყველას - ახალ და ძველ თაობასაც მოვუწოდებ: ერთიანობისკენ გადაიდგას ნაბიჭები და "ქართულ ოცნებაში" თაობათა ბრძოლა დასრულდეს. აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, რასაც ცალ-ცალკე ვერც ძველი თაობა მოერევა და ვერც ახალი
კიდევ დავაკონკრეტებ: ძველი გვარდიაა ყველა ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ამ იდეის გარშემო იყო გაერთიანებული. ასაკი აქ არაფერ შუაშია, ეს შეიძლება იყოს 20 წლის ადამიანიც და 55-ისაც. ასაკობრივი ცენზით დაპირისპირება, გაუგებარია. ამ იდეას თუ არ გაჰყვები გინდ 15 წლის იყავი და გინდ 75-ის, მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, ახლა, ეს გამაერთიანებელი იდეა ისე გამოკვეთილი არ არის, გზადაგზა გაფერმკრთალდა და მივივიწყეთ. გავიხსენოთ, რისთვის გავერთიანდით და მოდით, ეს მიზანი განვახორციელოთ. გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა, ისევ გრძელდება და ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
- ლუკა, ძველ გვარდიაში მოიაზრებიან ის ადამიანებიც, რომელთაც 2012 წელს თემატურ ჯგუფებში საკმაოდ კარგი პროექტები შექმნეს ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ეს პროექტები, ახლა, თაროზეა შემოდებული. ხომ არ დადგა დრო პროექტები თაროებიდან ჩამოვიღოთ და მისი შემქმნელებიც "ქართულ ოცნებას" დავუბრუნოთ?
- დიახ, ეს ხალხი, ყველანი - ხელოვანები, სპორტსმენები, იურისტები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის იდეამ გაგვაერთიანა და შესანიშნავი პროექტები შეიქმნა. ამის განსახორციელებლად საჭიროა კომუნიკაცია სწორედ ბიძინა ივანიშვილთან იმიტომ, რომ იგი არის წყარო ჩვენი ერთიანობის, იგია ძალა, რომელიც ხელოვანსაც, მეცნიერსაც, ჟურნალისტსაც ყველას შეკრებს. ამა თუ იმ საკითხის განხილვა მათთან ერთად უნდა მოხდეს, ვინც ჩვენ ლიდერებად ვაღიარეთ. ივანიშვილმა კვლავ უნდა ითავოს გამაერთიანებლის ფუნქცია
- ლუკა, თქვენ, პარლამენტის წევრი იყავით, თუმცა ვიღაცებმა ჩათვალეს რომ სპორტსმენის ადგილი იქ არ არის. ამის გამო განაწყენებულიც იყავით. ამ გადმოსახედიდან, რამდენად სწორი იყო ეს მიდგომა?
- დიახ, კონკრეტულად ჩემზე თქვეს: ლუკა კურტანიძე სპორტსმენია და მისი ადგილი პარლამენტში არ არისო. შე დალოცვილო, როდესაც ვიბრძოდი, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე ვიდექი, 26 მაისს დამარბიეს, მაშინ პოლიტიკაში ვიყავი და ახლა აღარ ვარ?! რეჟიმის წინააღმდეგ განცხადებებს რომ ვაკეთებდი, მაშინ კარგი ბიჭი ვიყავი ხომ?! ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ აფხაზეთიდან, სოხუმელი ვარ, მთელი ოცი წელი ამერიკელს, გერმანელს, თურქსა თუ სხვას საქართველოს ჰიმნის ქვეშ ვაყენებდი ფეხზე და ჩემი ქვეყნის პატივსაცემად ისინი ჩემი სამშობლოს ჰიმნის მოსმენისას ფეხზე დგებოდნენ, ეს თურმე პოლიტიკა არ ყოფილა. არც ის ყოფილა პოლიტიკა, რაც წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში გამოვიარე. თურმე, მე არ ვარ პოლიტიკოსი. ერთი რამ მინდა `საერთო გაზეთის~ მეშვეობით ყველას გასაგონად ვთქვა: ჩემი გადმოსახედიდან, პოლიტიკა არის სამშობლოს, ოჯახის სიყვარული. სამშობლოში ერთიანდება იმ ერის სიყვარული, სადაც შენ დაიბადე და ამ იდეებისთვის ბრძოლა. მგონი, მე ყველა გზა გამოვიარე. როდესაც რაღაც საკითხის განხილვაა და ჩემი გაწევა სურთ იმის გამო, რომ მე სპორტსმენი ვარ, სწორად არ მიმაჩნია. სხვათა შორის, სპორტშიც პირველი ვარ და სამშობლოსთვის ბრძოლაშიც. ჩემს უკან უამრავი ადამიანი დგას, რომელთაც სჯერათ ჩემი განვლილი გზის. სამშობლოზე ფიქრი, ზრუნვაა პოლიტიკა. პოლიტიკა თუ იმას ნიშნავს ათ პარტიას რომ გამოიცვლი, ხან ლეიბორისტი ხარ, ხან "ნაციონალი" და ხანაც "ქართული ოცნების" გუნდის წევრი, ეს თუ არის პოლიტიკოსობა, მაშინ მე, არ ვარ პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, შეცდომები მქონია, მაგრამ უკან რომ მოვიხედავ ჩემს ოჯახს, შვილებს, მეგობრებს სიამაყით შეუძლიათ იკითხონ: ვინ არის ლუკა კურტანიძე. ასე, რომ სანამ იმის განხილვას დაიწყებენ ვარ თუ არა მე პოლიტიკოსი და მაქვს თუ არა უფლება ჩემი სამშობლოს პოლიტიკაში ვიყო, ჯერ თავიანთ ცხოვრებას გადახედონ. საპარლამენტო ქვეყანაშიამ ორგანოში უამრავი სფეროს წარმოამდგენელი იყრის თავს. ხომ არ შეიძლება მეცნიერმა გადაწყვეტილება მიიღოს იმ დარგში, რაშიც მე ვარ. ექიმიც, ხელოვანიც, მეცნიერიც, სპორტსმენიც არის კრებული, რომელიც ქმნის ქვეყნის დოვლათს. პარლამენტში ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს.
- წეღან, ახსენეთ: ღარიბაშვილთან ბევრი რამ მაქვს გასარკვევიო. რას გულისხმობდით?
- ირაკლი არის ის ადამიანი, რომელმაც ბევრის სიყვარული მოიპოვა, ერთ-ერთი მათ შორის მეც ვარ. მას თავისი ქარიზმით შეუძლია უამრავი ადამიანი გააერთიანოს. ჩემს მაგალითზე გეტყვით: როცა ამა თუ იმ შეჯიბრზე შედეგს დავდებდი, მერე, მომდევნო ასპარეზობამდე ვაანალიზებდი, რა იყო სწორი და რა - შეცდომა. ჩვენ ვითხოვთ, უშუალო კომუნიკაციას, რათა ერთობლივად გავაანალიზოთ: ვინ რა შეცდომა დავუშვით. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ რატომ მივედით აქამდე, რა შეცდომები დავუშვით, რა არის გასაახლებელი. აქამდე იმიტომ მივედით, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, გუნდში კომუნიკაცია დაიკარგა. ვინც შენ ძალას და იმედს გაძლევს, მასთან კომუნიკაციის არქონა დაუძლურებას ნიშნავს. როცა ქვეყნის წამყვან ლიდერებთან კომუნიკაცია არ გაქვს, სუსტდები, შენს ირგვლივ მყოფები სხვაგვარად გიყურებენ, ძალა გეცლება. ეს ძალა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილია, მერე ირაკლი ღარიბაშვილი, კახი კალაძე და .. ანუ, ის ხალხი ვინც პარტიაში ამინდს ქმნის. მათთან კომუნიკაციის სიმწირე ერთიანობას აუძლურებს. ივანიშვილმა თქვა სანამ ჩემს რესურს არ ამოვწურავ, მანამდე ქვეყნის სამსახურში ვიქნებიო. ეს დიდი ძალაა ჩემთვის, სოსოსთვის, ბატონი ვახტანგისთვის, თქვენთვის ყველასთვის, ვისაც ამ იდეის გვჯერა. ყველაზე მთავარი ერთიმეორის მოსმენაა. ვიცი ირაკლის ღირებულებები, მიზნები. ჩვენი მოძრაობა ქაოტური რომ არ იყოს და არ დავიქსაქსოთ, ამისთვის მეტი ურთიერთობაა საჭირო, რათა ერთიმეორეში ძალა ვიპოვოთ და ქვეყნისთვის მეტი სიკეთე გავაკეთოთ

თამარ შველიძე

"საერთო გაზეთი"