ვახტანგ გომელაური: იგეგმება სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და ზღვაზე დაკვირვების სისტემების განახლება

ვახტანგ გომელაური: იგეგმება სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და ზღვაზე დაკვირვების სისტემების განახლება

“გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში. იგეგმება სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და ზღვაზე დაკვირვების სისტემების განახლება ამერიკული მხარის დახმარებით”,- ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღევანდელი სანაპირო დაცვის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკულ მხარეს.
“გაგრძელდება სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, ადამიანური რესურსების, სასაზღვრო ინფრასტრუქტურისა და საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარება. ასევე, გაგრძელდება საზღვრის მართვის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი ინტეგრირება შესაბამის ანალიტიკურ სისტემაში. იგეგმება სანაპირო დაცვის საკომუნიკაციო და ზღვაზე დაკვირვების სისტემების განახლება ამერიკული მხარის დახმარებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სანაპირო დაცვა ძლიერია და ეს დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის. როცა ბატონი ირაკლი იყო მინისტრი, ვიყავი საზღვრის კურატორი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღეს რომ არსებობს სანაპირო დაცვა, ძალიან დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის – ბათუმის ახალი პორტი, ფოთის გაძლიერებული პორტი და ა.შ.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, შავ ზღვაზე, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის პროცესში ძირითადი როლი ეკისრება. ალიანსთან თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება. გაგრძელდება სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარება.
ასევე საზღვართან დაკავშირებით მინდა ვთქვა, იცით რა პრობლემები გვაქვს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაცია-დემარკაცია გასაკეთებელია, ვერ მივედით ბოლომდე, ეს არ არის 1 და 2 წლის თემა, 90-იანი წლებიდან მოჰყვება ეს პრობლემა და ვერ დამთავრდა, 60-70%-მდეა შეთანხმებული სიტყვიერად, თუმცა პრობლემა დგას და იმედია, რომ ამ პრობლემას გადავწყვეტთ”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.