გელა ზედელაშვილი: როგორც ჩანს, ივანიშვილმა გიორგი შენგელაიას მთავარ როლზე უარი უთხრა

გელა ზედელაშვილი: როგორც ჩანს, ივანიშვილმა გიორგი შენგელაიას მთავარ როლზე უარი უთხრა

ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში რეჟისორ გიორგი შენგელაიას გამოსვლა ვნახე. დავიბენი, მისგან ასეთ "მკრეხელობას" არ ველოდი. შენგელაია ამბობს, ბიძინა ივანიშვილთან მისაუბრია, ის უმეცარი და გაუნათლებელიაო. მართლა დავიბენი, რადგან რეჟისორი და მისი შვილი - ნიკუშა შენგელაია ივანიშვილთან მეგობრობდნენ. როგორც ვიცი, ნიკუშა ახლაც მეგობრობს, ხშირად არიან ერთად.

ბატონ გიორგისთან შედარებით, მე უფრო მეტი ვიცი - მასთანაც მისაუბრია და ბიძინა ივანიშვილთანაც. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რეჟისორმა საიდან დაასკვნა, რომ ყოფილი პრემიერი უმეცარია. დარწმუნებული ვარ, აქ საქმე სხვა რაღაცაშია: მხცოვან რეჟისორს ოცნება ჰქონდა, ფილმი უნდა გადავიღო და მთავარ როლში ივანიშვილი ვათამაშოო. ამის შესახებ პირადად მე გამიმხილა. არ არსებობს, მაგაზე არ დაგთანხმდებათ-მეთქი. დამთანხმდება და დამაფინანსებს კიდევაცო. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გიორგი შენგელაიას მთავარ როლზე უარი უთხრა და ეს დაიბოღმა. საერთოდ, ბატონი გიორგი უცნაური კაცია - ტვინის ბურღვა უყვარს უტოპიურ საკითხებზე. ივანიშვილი უფრო პრაქტიკულია - დროს არ კარგავს ბლა-ბლა-ბლა თემებზე, რისი თქმაც უნდა, პირდაპირ მოგახლის.

რაც შეეხება ივანიშვილის განათლებას, არ დავიზარებ და აქვე დაგიდებთ:

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1980 წელს წარჩინებით დაამთავრა. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, 1982 წელს ჩააბარა და 1986 წელს დაასრულა ასპირანტურა მოსკოვში.
შრომის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიიღო ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა".

სხვათა შორის, ბატონ გიორგის ერთი ოცნებაც ჰქონდა: ძალიან უნდოდა, აღდგენილიყო უკვე არარსებული კინოსტუდია "ქართული ფილმი" და გამხდარიყო დირექტორი. მაშინ, როცა უკვე არსებობს კინოცენტრი, ძველის აღდგენა აღარ მოხერხდა და ამიტომ ამ შემთხვევაშიც ივანიშვილზე დაიბოღმა.

10 ივნისს ბატონი გიორგი რუსთაველზე გასვლას და "ნაცების" მიტინგზე დადგომას აპირებს. ამით რას მიაღწევს, ვერ გეტყვით, მაგრამ უხერხულ სიტუაციაში რომ აღმოჩნდება, ეს ცხადია. კიდევ რა ვთქვა, არ ვიცი, შეიძლება დაბერდა და არაადეკვატური გახდა, თორემ როგორ შეიძლება, ის მკვლელი "ნაცების" გვერდით გამოიჭიმოს?! ვნახოთ, შეიძლება მანამდე აზრზე მოვიდეს და გადაიფიქროს.