სალომე ზურაბიშვილი: იმისთვის ვიქნები თქვენი პრეზიდენტი, რომ ერთად ვუშველოთ ქვეყანას

სალომე ზურაბიშვილი: იმისთვის ვიქნები თქვენი პრეზიდენტი, რომ ერთად ვუშველოთ ქვეყანას

„61 წელია რაც ვფიქრობ იმაზე, თუ რა სჭირდება ამ ქვეყანას“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არ იქნება სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი და მას მეტი კომუნიკაცია ექნება ხალხთან, კვლავ ჩავა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და პირადად მოუსმენს მათ.
„მე არ ვიქნები ზეპრეზიდენტი, არც ვიქნები, ვერც ვიქნები, არც ვაპირებ და არც არის ჩემს ხასიათში, თუმცა, ამბობენ ჩემზე ჯიუტიაო… მე ვერ ვიქნები ზეპრეზიდენტი, როგორც არის ქვეყანაში ზოგჯერ მოთხოვნა, მე რომ გავდივარ მითუმეტეს რეგიონებში არის ეს მოლოდინი, რომ აბა მოვა მხსნელი, ის ვინც გვეტყვის რომ გვეშველბა… არც არაფერი გვეშველება თუ ჩვენ არ ვუშველით ჩვენს თავს, მე იმისთვის ვიქნები თქვენი პრეზიდენტი რომ ერთად ვუშველოთ, მე მექნება ინიციატივები და მოსაზრებები რა თქმა უნდა… 66-ს რომ 5 მოვაკლოთ – 61 წელია რაც ვფიქრობ იმაზე, რომ თუ რა სჭირდება ამ ქვეყანას და თქვენც ასევე, მე არ ვარ ერთადერთი, მე ვიცი რომ ყველა, თითოეული ქართველი, სულ მუდამ, ყოველდღე ფიქრობს თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ეს ქვეყანა რომ გაძლიერდეს და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშაოთ, ამითი წავალთ წინ… ამიტომ მე არ ვიქნები სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი და გავალ გარეთ, უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, აქ თბილისში და რეგიონებში. მე დავპირდი რეგიონის მოსახლეობას, რომ არჩევნების შემდეგ მათთან ჩავიდოდი და მე თქვენ გპირდებით რომ 29 ოქტომბრიდან მე თქვენ მოგისმენთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.