ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ.

მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.

წყარო: "პირველი არხი"