კახა ძაგანია: ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი საპატიებელი არაა

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია აცხადებს, რომ სკოლებში ახალი კორუფციული სქემა მოქმედებს.

მისი თქმით, საქმე ეხება სახელმძღვანელოების საკითხს. კერძოდ, როგორც კახა ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ზოგიერთ სკოლებში მასწავლებლები მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ უფასო წიგნები, რომელიც სახელმწიფოსგან ურიგდებათ, არ არის კარგი და სხვა წიგნები უნდა შეიძინონ.

ძაგანია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ხდება ბავშვების დახარისხება: ბავშვები, რომლებიც უფასო წიგნებით სწავლობენ და ბავშვები, რომლებიც ნაყიდი წიგნებით სწავლობენ.

„მას შემდეგ, რაც შეიცვალა ხელისუფლება, ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო საარჩევნო დანაპირების განხორციელება და მართლაც დიდი შრომა გასწია ჩვენთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად , რომ საზოგადოებსითვის ეს ტვირთი ჩამოეცილებინა და ბავშვებისთვის უფასოდ დაერიგებინა საშუალო სკოლის წიგნები. ძალიან კარგი, ევროპული დონის კანონი შეიქმნა, რომელმაც უამრავი ბავშვი და მათი მშობელი გაახარა.
თუმცა, რა ხდება დღეს – ხდება ისე, რომ პედაგოგები ზოგიერთ სკოლაში სთავაზობენ მშობლებს ,რომ შეიძინონ სხვა ლიტერატურა და ამას ასაბუთებენ იმით, რომ ეს წიგნები უფასო წიგნებზე უკეთესია .
პირველკლასელის მათემატიკის წიგნი, რომელიც შეარჩია განათლების სამინსიტროს კომპეტენტურმა კომისიამ, იმისთვის ბიუჯეტიდან შეეძინა , დაერიგებინა ბავშვებისაათვის , რატომ არის უფრო უარესი იმ წიგნზე, რომლის ყიდვასაც მშობლებს ავალდებულებენ? ეს ყველაფერი პირველ რიგში ბავშვის ფსიქიკაზე მოქმედებს , ეს არის ბავშვებზე მიზანმიმართული თავდასხმა და მათზე გაკეთებული ფული. სკოლების პედაგოგები ერთ შემთხვევაში სთავაზობენ ბავშვებს, რომ უკეთესი წიგნია შესაძენია, ვინც ვერ შეიძნეს, ვერ შეიძენს . ხდება ბავშების დახარისხება : ერთ კლასში ბავშვების ნახევარი სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი წიგნებით ზის, მეორე ნაწილი სწავლობს ნაყიდი წიგნებით . მეორე შემთხვაა, როცა ეუბნებიან, რომ თუ ყველა არ შეიძენს წიგნებს, მაშინ ვისწავლოთ სახლმწიფოს მიერ გადმოცემული წიგნებითო. მაშინ ბავშვები სხვა ბავშვებს სდებენ ბრალს – იმის გამო, რომ თქვენმა მშობლებმა ვერ შეიძინეს წიგნები, ჩვენც იძულებულები ვართ , უხარისხო წიგნებით ვისწავლოთო“- განაცხადა ძაგანიამ.

კახა ძაგანია პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

„ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი საპატიებელი არაა. მივმართავთ განათლების სამინისტროს, ეს კორუფციული სქემა მოშალონ. ეს სკოლებში ხდება ქვედა დონეზე , ფულზე დამსუნაგებული ვიღაცეების მიერ. ასევე მივმართავ პროკურატურას, გამოიძიოს ეს საქმე, თუ ვინ მოიფიქრა ეს სქემა და ვინ სარგებლობს ბავშვების ფსიქოლოგიური ტერორით „- განაცხადა ძაგანიამ.

თამუნა შეყილაძე