ასინეთურ-კოკინაშვილური მოძრაობა მიშმაკაკურად

ასინეთურ-კოკინაშვილური მოძრაობა მიშმაკაკურად

ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაში" ასინეთა რომ არის, გახსოვთ, ხომ? არქიფო სეთური მას აძლევს ასეთ დავალებას:

"შედი კოკინაშვილისას და მის პელაგიას შეაპარე ლაპარაკში, ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს, არქიფოზე ულაპარაკია რაღაც და მისი ნალაპარაკევი თაბაგართან კოლპინოვს მიუტანია-თქვა. კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა შინ, კოლპინოვებისას შედი და მის ტერეზიას შეაპარე ლაპარაკში, სპირიდონა სულანჯიას ნათქვამი თაბაგართან კოკინაშვილმა მიიტანა-თქვა. უკუღმაა ეს, მარა სულერთია".

აი, მეგობრებო, ეს გახლავთ კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა გავრცელდეს ჭორი, რათა ადამიანებს შეუჩნდეთ ეჭვის ჭია და შემდეგ ერთმანეთს დაერიონ, ერთმანეთი შესძულდეთ. სწორედ ამ მეთოდს იყენებს "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რაც ძალიან ეფექტურია რეგიონებში, რაიონებსა თუ სოფლებში. რა შინაარსით ავრცელებენ მიხოს მოციქულები ინფორმაციას, ანუ ჭორს? გააჩნია, რა პერიოდია, წელიწადის რომელი დრო და გლეხს რა აწუხებს მოცემულ მომენტში. მაგალითად, 2012 წლიდან მოყოლებული, კახეთში რთვლის დროს სპეციალურად დადიან ე.წ. ასინეთები და კოკინაშვილებს არწმუნებენ, ყველა მარანი ბიძინამ იყიდა, წელს კილო ყურძენს 50 კაპეიკად ჩაიბარებს მხოლოდო, თუ გახსოვთ, მიშას დროს ლარზე ნაკლები არ იყოო. კოკინაშვილი გადავა კიკინაშვილებთან, იტყვის, ყველა მარანი ივანიშვილმა იყიდაო, მეორე დღეს კიკინაშვილი შეხვდება კოკინაშვილს სადალაქოში და მოუყვება, რამდენ მილიონად იყიდა ივანიშვილმა ყველა მარანი, თან დაამატებს, რომ ამ გარიგების თაობაზე თურმე ზაზა ოქუაშვილმა უთხრა ნიკანორ მელიას, ხოლო მელია მოუყვა მეგი გოცირიძეს, რომლის მული ყოფილა ფაჩიკოანთ რაჟდენას რძლის დაქალის შორეული ნათესავი. კოკინაშვილი თავს გადააქნევს და ამოიოხრებს: ნწუ, ნწუ, ნწუ-ო. მორჩა, ინფორმაცია "ხოდშია". ამ დროს მე ჩავალ კახეთში და მომიყვებიან ამ ამბის შესახებ. თან აქეთ მომდგებიან - მა ეს არი ცხოვრებაო? მა ამასა გვპირდებოდა ივანიშვილიო?! დავიწყებ ახსნას, რომ ეს არის ჭორი, სიცრუე, ტყუილი, თითიდან გამოწოვილი... თითქოს დამიჯერებენ, მაგრამ გლეხების თვალებში მაინც დარჩება უნდობლობა. ყურძენს მოკრეფენ, ჩააბარებენ, დააბინავებენ, მარნების ამბავი მომავალ რთვლამდე ყველას გადაავიწყდება... თუმცა ამასობაში მაინც გამოიძებნება თემა, რომლის გარშემოც ისევ აგორდება "სკანდალი" - მაგალითად, ე.წ. ასინეთები მიადგებიან კოკინაშვილებს და თავიანთებურად "დაამუშავებენ", რომ "ტეხასმოტრიდან" ყოველ მანქანაზე 10 ლარი ბიძინასია. თან კარგად გააფორმებენ - განა ივანიშვილს გამართული მანქანების დარდი აქვს? არა, კაცო, მაგას ოღონდ ფულის კეთების საშუალება მიეცი და მთელ ქვეყანას თავზე დაიმხობს, აგე, რა ქნა აჭარაში, ვერ მოთხარა ხეები და წაიღო თავის ეზოში?! ე.წ. ბიძინოფობია "მასოვკაზე" მაგრად მუშაობს, როგორ იმუშავა გრიგოლ ვაშაძისეულმა 400-ლარიანმა პენსიამ. გლეხებმა იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ, რომ ეს მტკნარი სიცრუე იყო, მაგრამ მათ ყურებს იმდენად სასიამოვნოდ ხვდებოდა, მაინც იჯერებდნენ. დიახ, როცა ჩვენ ამაზე ვიცინოდით, გლეხები ვაშაძეს ხაზავდნენ საარჩევნო ურნასთან. ნახეთ, როგორი უფრო დამაჯერებელი ლოზუნგი შესთავაზეს მოსახლეობას ვირეშმაკებმა - 400-ლარიან პენსიასა და თქვენს შორის ბიძინა ივანიშვილი დგასო. ესე იგი, როგორც კი ჩვენ აგვირჩევთ, ბიძინას მოვაშორებთ და პენსიასთან პირისპირ დაგტოვებთო. ვიმეორებ, ყველამ იცოდა, რომ პრეზიდენტს პენსიის გაზრდის უფლება არ გააჩნია, მაგრამ ეს ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენი იყო. ჩვენში ადამიანებს უყვართ თავის მოტყუება, თუკი ტყუილი სასიამოვნოა. ადრე ერთ მედოლეს ვიცნობდი, ქორწილებსა და ქელეხებში უკრავდა თავის ძმაკაცებთან ერთად - კლარნეტისტთან და მეგარმონესთან. ერთხელაც რესტორანში უკრავენ და საქეიფოდ "ზაგოზერნოს" დირექტორი შევიდა. "მუზიკანტებს" თავიდანვე მოელაპარაკა, ამაღამ რასაც გეტყვით, დაუკარით და პატივისცემა ჩემზე იყოს, თუ გინდათ, ხვალ ფულს მოგცემთ, თუ გინდათ, ნატურით გადაგიხდით, ფქვილით, ხორბლით, ქატოთი და ასე შემდეგო. გაგვიხარდაო, კაცო, ძაან მაგრად გაგვისწორდა და მთელი ღამე ვუბრახუნე დოლსაო, მიყვება ჩემი ნაცნობი. "ზაგოზერნოს" დირექტორმა კარგად მოილხინა, ნასიამოვნები დარჩა და მეორე დღეს მივადექით იმ იმედით, რომ ან ფულს მოგვცემდა, ან კიდევ ფქვილსაო. გამოვიდა თურმე "პახმელიაზე" მყოფი, თვალებდასიებული დირექტორი და საკითხი დასვა ასე: რა უნდა მოგცეთ, ბიჭებო, როდესაც თქვენ უკრავდით, ხომ მიხაროდაო? კი, ნამდვილად გიხაროდაო, - დაუდასტურებიათ ამათაც. როდესაც მე გპირდებოდით, ხომ გიხაროდათო? კი, გვიხაროდაო, - დაუკრავთ კვერი ამათ. ჰოდა, ყველანი გახარებულები დავრჩით, ეხლა რაღა ჩემ ფეხებსა მთხოვთო?! ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ გრიგოლ ვაშაძე "ზაგოზერნოს" დირექტორივით მოიქცა, თუ პრეზიდენტი გახდებოდა, მერე იტყოდა, ყველანი გახარებულები დავრჩით, ეხლა რაღა ჩემ ფეხებსა მთხოვთო?!

რაც უფრო სულელური და მარტივია გადმოგდებულ-შემოგდებული ინფორმაცია, კოკინაშვილები და კიკინაშვილები უფრო იჯერებენ, მერე კი სხვებსაც აჯერებენ. აი, ხომ დაუფარა 600 ათას ადამიანს ივანიშვილმა ბანკის ვალები? დაუფარა, გაუნულა, მაგრამ ხალხში რა ჭორები გავრცელდა? ჯერ ერთი, იმიტომ გაუნულა, რომ არჩევნებისთვის ხალხი მოისყიდა და მეორეც - იმიტომ გაუნულა, რომ თითო განულებულზე 10 ლარი მაგის ყულაბაში წავიდაო. ბიჯოოოო... ესეც დაიჯერეს კოკინაშვილებმა, ამ შტერებმა, ჯერ ერთი, ივანიშვილმა ვინმეს ხელწერილი დააწერინა, ხმა სალომეს მიეცი და ვალს დაგიფარავო? ვინმეს პირობა ჩამოართვა, თუ ხმას ზურაბიშვილს არ მისცემ, არ დაგეხმარებიო? კაცი ადგა და გადაიხადა, იქ "ნაცებიც" მოჰყვნენ და "ქოცებიც", მაიმუნებიც, ინდაურებიც და კეთილშობილებიც, წესიერებიც. მოსყიდვა მაშინ იქნებოდა, "ღრიღოლივით" ვირეშმაკულად რომ მოქცეულიყო, სამცხე-ჯავახეთში "ტუფტა" სერთიფიკატები დაერიგებინა, ხალხისთვის ხელი მოეწერებინებინა და ეთქვა, ვალებს არჩევნების შემდეგ დაგიფარავთო. მეორეც - აბა, დავფიქრდეთ, კაცი ფულს თვითონ იხდიდა და თითო განულებულზე 10 ლარი რანაირად უნდა დარჩენოდა?!

ჰოდა, იცით, კოკინაშვილებში კიდევ რა ჭორი გავრცელდა? თურმე ბიძინას ზაზა ოქუაშვილისთვის ოთხი თითი რომ უჩვენებია, ოთხი მილიონი მინდა დოლარებშიო, ეხლა კიდე მამუკა ხაზარაძისთვის სამი თითი უჩვენებია, სამი მილიონი მინდა სტერლინგებში თუ ევროებშიო. არქიფოს უთქვამს ასინეთასთვის, კოკინაშვილებში რომ გადახვალ, სტერლინგები ახსენე ხშირად, მამუკას ბანკი ლონდონის ბირჟაზეა დარეგისტრირებული და უფრო დამაჯერებელი იქნებაო. მერე კოკინაშვილმა გადარეკოს თავის ნათესავ სულანჯიასთან ზუგდიდში და უთხრას, რომ ეს ამბავი გიგლა უგულავამ გამოიტანა თავისი პირით სოლოლაკის სასახლიდანო, შემთხვევით შეესწრო ხაზარაძისა და ივანიშვილის კამათსო. ასინეთას უკითხავს არქიფოსთვის, მამავ და მარჩენალო, სტერლინგი რომ ვერ გაიგოს კოკინაშვილმა, რა ვქნაო? უთხარი, რომ ჩვეულებრივი ფულია ანგლიაშიო. ჰო, კიდევ დაამატე, რომ იმ კვირის ბოლო შაბათს მიხეილ სააკაშვილი მოდის ემიგრანტებთან ერთად "ჩერეზ" სარფის საბაჟოო, - დაურიგებია ჭკუაზე არქიფოს. ამ ჭორის დედააზრი ის გახლავთ, მეგობრებო, რომ ბიძინას უნდა ხაზარაძის ბანკის დათრევა, გაკოტრება და იქ "კარფურის" გახსნა. ნეტა რათ უნდა ბიძინას ეგ შენობა, თვითონ ვერ ააშენებს? - შეიძლება იკითხოს ყველაზე ჭკვიანმა გლეხმა და მართალიც იქნება. კოკინაშვილს ამაზეც აქვს პასუხი მზად. ესე იგი, ივანიშვილი ამით იჭერს სამ კურდღელს - იშორებს ხაზარაძეს, რომელიც თურმე "ნაცმოძრაობის" აქციებს აფინანსებდა რუსთაველზე, იშორებს კონკურენტ ბანკს და აშენებს "კარფურს". ჰა, რავარია, ხომ არის დამაჯერებელი? თან არ დაგავიწყდეთ, როდესაც ბიძინა ამ სქემას ადგენდა, ნიკანორ მელია ადგა თურმე თავზე.

სხვათა შორის, სამწუხარო ის არის, რომ ასინეთურ მოძრაობაში ბევრი ისეთი გაება, რომელსაც პრეტენზია აქვს ერისკაცობასა და მამულიშვილობაზე, რომელიც ადრე ივანიშვილის თანამებრძოლობაზე დებდა თავს. მაგალითად, ამ დღეებში ჩემმა ერთმა მეგობარმა "ფეისბუქში" სტატუსი გამოაცხო - აი, ხომ გეუბნებოდით, რომ ვალების განულება ტყუილი იქნებოდაო? აგერ, ბანკებს მიუწერიათ დავალიანების მქონე კლიენტებისთვის, არაფერი არ გაგინულდათ, ვალები ჩვეულებრივად უნდა დაფაროთო. ამან ცამოწმენდილზე დაწერა, დილით მჭმუნვარე ხასიათზე გაიღვიძა და დაწერა. მართალია, ბანკებს მსგავსი არაფერი მიუწერიათ თავიანთი ყოფილი კლიენტებისთვის, მაგრამ ეჭვი ხომ შემოაგდო? ეჭვი კიდე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ისეთი ჭიაა, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებ.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დიდი ამბებია კოკინაშვილებში და ასევე დიდი ამბებია ჩვენს სოფლებშიც. კახეთში ღვინის მარნები შარშან ბიძინამ მეშვიდედ იყიდა, წელს მერვედ იყიდის. აიწყო ცხოვრება ოლიგარქმა, აგერ "ტეხასმოტრების" ფულს ყოველწლიურად ჩაიდებს ჯიბეში. თითო განულებულზე 10 ლარი მოტეხა, მეტი რაღა უნდა? ბოლო-ბოლო, მაგისია ეს ქვეყანა, რასაც უნდა, იმას მოიფიქრებს. ჩვენს მუშურ-გლეხურ პროლეტარიატს კი ისღა დარჩენია, ყველაფერი ბრმად დაიჯეროს.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"