მაია ცქიტიშვილი დასავლეთ საქართველოს რეგიონულ მედიას შეხვდა

მაია ცქიტიშვილი დასავლეთ საქართველოს  რეგიონულ მედიას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დასავლეთ საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ  სამინისტროს მიერ 2018 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და  2019 წლის  გეგმებსა და ამოცანებზე ესაუბრა, ასევე დეტალურად გააცნო 2019-2025 წლების  დეცენტრალიზაციის  სტრატეგია.

,,დღეს გვქონდა საშუალება რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით.  გასული წლის განმავლობაში  სამინისტროს კოორდინაციით, ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდას, თვითმმართველობების მატერიალურ და ფინანსურ გაძლიერება და კარგ მმართველობას, რაც ასევე, გულისხმობს სანდო, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობას“.

საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურაში მიმდინარე პროექტებს, ასევე წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში არსებულ მდგომარეობას, მთის განვითარების სტრატეგიას და პრიორიტეტებს,  მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდინარე პროექტებს და პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და   მნიშვნელობას.

შეხვედრა კითხვა-პაუხის რეჟიმში წარიმართა. რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ვიცე-პრემიერთან ერთად მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო კომპანიების ხელმძღვანელები პასუხობდნენ.

,,საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო.  უწყების პირველი პირი მოადგილეებთან და სიპების ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან რა პრობლემებია რეგიონში. გვქონდა საშუალება დაგვესვა ყველა შეკითხვა და მიგვეღო ყველა პასუხი. ასევე, იყო საუბარი სამომავლო გეგმებთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით და რაც მთავარია იყო დაპირება რომ მსგავსი  ფორმატის შეხვედრები იქნება მომავალშიც, რაც ვფიქრობ რომ აუცილებელია, როგორც მედიისთვის ისე  სამინისტროსთვის და მოსახლეობისთვის. რეგიონში მედია არის ის საშუალება რომელიც ხალხს აწვდის იმ ინფორმაციას რაც ხდება ადგილზე და საჭიროა ჩვენ გვქონდეს  უწყებიდან პასუხები და ამომწურავი ინფორმაცია“-აღნიშნა ,, გურია ნიუსის“ წარმომადგენელმა ნატო გოგელიამ.

სამინისტროს მენეჯმენტმა  უშუალოდ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისგან მოისმინა  კონკრეტული პრობლემების შესახებ. ანალოგიური შეხვედრა ცოტა ხნის წინ აღმოსავლეთის რეგიონულ მედიასთანაც შედგა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასეთი შეხვედრების მნიშვნელობას და  შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.