მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ფარგლებში, მაჟორიტარებთან ერთად, ვმუშაობთ დამატებით კრიტერიუმებზე და უკვე შეთანხმებული ვართ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გადავხედოთ მიდგომებს, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს სტატუსით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ, ასევე 2 ათას მეტრზე ზემოთ დასახლებებში მცხოვრებთა მიმართ გვინდა შევცვალოთ კრიტერიუმები და ამ მიმართულებით კონსულტაციებს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ სულხან მახათაძის შეკითხვის პასუხად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

„კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლებებისთვის ბევრი სოციალური შეღავათი დაწესდა და ბევრი სპეციალური პროგრამა განხორციელდა. 400 მლნ ლარი დაიხარჯა სხვადასხვა სოციალურ პაკეტზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი დაახლოებით 86 მლნ ლარი მოხმარდა, რაც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. საერთშორისო პარტნიორების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც უახლოეს მომავალში გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯებია ასახული,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ზრუნვა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებზე მხოლოდ სოციალური შეღავათებით არ შემოიფარგლოს და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ადამიანების კეთილდღეობას აამაღლებს.

„ამისთვის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში არსებობს კონკრეტული მიზნობრივი პროგრამები, რაც აუცილებლად გაგრძელდება. ასევე, ქალბატონ ნათიასთნ ერთად ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა