გელა ზედელაშვილი: მაკა ჩიჩუამ სიუზი კუატროს გადაუჯოკრა!

გელა ზედელაშვილი: მაკა ჩიჩუამ სიუზი კუატროს გადაუჯოკრა!

ჩემი ღრმა რწმენით, მაკა ჩიჩუა მღერის სიუზი კუატროს სტილში. მართალია, ქალბატონ სიუზის ვოკალი ახლოსაც ვერ მივა ქალბატონ მაკას ვოკალთან, რადგან ის უკვე მოძველებულია, ანუ ყავლგასული, 1970-იან წლებში ჩაკარგული, მაგრამ საშემსრულებლო მანერა და ხმის ტემბრი თითქმის იგივეა, რაც, ალბათ დამეთანხმებით, უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის მაკა ჩიჩუას შემოქმედებას.

აქ იკვეთება ერთი საინტერესო მოვლენაც: თუ სიუზი კუატრო გაშეშებული იდგა სცენაზე გიტრით ხელში, ამჯერად ჩვენ ვიხილეთ ლამის ჰაერში, ცის კამარაზე მოფარფატე მაკა ჩიჩუა ფურცლით ხელში. თუ ამას დავამატებთ პლასტიკას, თანამედროვე მიხვრა-მოხვრას, ხელების დახვეწილ მოძრაობას, მის იდუმალ, ანუ ინტიმურ გამოწვევას, აშკარად დავინახავთ, როგორ აღმასვლას განიცდის ქართული ესტრადა.

სად იყო აქამდე ქალბატონი მაკა, რატომ მალავდა თავის უზადო ნიჭს, რომელიც ღმერთმა ასე უხვად დააბერტყა თავზე? ოჰ, ეს თავმდაბლობა!

თუმცა სანერვიულო მაინც არაფერი გვაქვს, მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში ხშირია ადამიანთა ნაგვიანევი აფეთქებები. მეტსაც გეტყვით, თუ თავის დროზე იოჰან სებასტიან ბახმა გაამდიდრა გერმანული მუსიკალური სტილი კონტრაპუნქტის, ჰარმონიის და მოტივური ორგანიზაციის ოსტატური გამოყენებით, თითქმის იგივე გააკეთა ჩიჩუამ ქართულ მუსიკაში.

და ბოლოს... დიდი მოკრძალებით ვურჩევ ქალბატონ მაკა ჩიჩუას: ყველა მუსიკოსი დასაწყისში განიცდის ხოლმე გენიოსების გავლენას. ამ მხრივ, როგორც ჩანს, არც თქვენ ხართ გამონაკლისი - თქვენს შემოქმედებაში აშკარად ვხედავ გენიალური შემოქმედის, ერეკლე დეისაძის გავლენას. უბრალოდ ვალდებული ხართ, ბოლომდე გათავისუფლდეთ და შემოგვთავაზოთ უფრო მეტად ხალასი, ანუ ჯიგრული მუსიკა შეხტომა-შემოტრიალების თანხლებით. დიახ, ქართველ მსმენელს სწორედ ეს აღაფრთოვანებს და ექსტაზში აგდებს. გისურვებთ წარმატებებს!

***

ტაში, კუკური!