მამუკა ხაზარაძეში ილია ჭავჭავაძის სული ჩასახლდა!

მამუკა ხაზარაძეში ილია ჭავჭავაძის სული ჩასახლდა!

- იცით, რას გეტყვით, ბატონებო და ქალბატონებო? ახლა ისეთ სასიხარულო ამბავს გაუწყებთ, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ როდესაც რეალობას თვალებში ჩახედავთ, დარწმუნდებით, რომ მე, მამუკა ხაზარაძე სიმართლეს ვღაღადებ!

დარბაზში მდუმარება ჩამოწვა, ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით. მხოლოდ ერთმა გაბედა და თქვა:

- აღმოსთქვით, ბატონო მამუკა, ჩვენ გვჯერა თქვენი!

- ვიცი, რომ გჯერათ, სხვა შემთხვევაში აქ არ იჯდებოდით და ტაშსაც არ დამიკრავდით!

- დიახ, ჩვენ გიკრავთ ტაშს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ქვეყნის გადარჩენა, ბიძინა ივანიშვილის კლანჭებიდან გამოხსნა! - წარმოსთქვა კეკლუცმა ქალბატონმა წინა რიგებიდან და დარბაზში მსხდომთ ამაყად გადახედა.

- ბატონებო და ქალბატონებო, ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... იცით, მინდა დიდი სიხარულით და აღტყინებით გაუწყოთ, რომ... სხვათა შორის, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ეს ამბავი გამემხილა თუ არა, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, გაგანდოთ, რადგან ეს მეხება არა მხოლოდ მე, მამუკა ხაზარაძეს, არამედ ეხება ქვეყანას, სახელმწიფოს, მის მომავალს, გეხებათ თქვენ, თქვენს შვილებს, შვილიშვილებს, შთამომავლობას!

- დიახ, ბატონო მამუკა, თქვენს მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ეკუთვნის ქვეყანას, სახელმწიფოს, ეკუთვნით მომავალ თაობებს, ჩვენს ოჯახებს! - წამოდგა უკანა რიგებში შუახნის მამაკაცი.

- დიახ, ჩემო ჯემალ, სწორედაც რომ ასეა, ჩვენ უნდა ავაშენოთ სრულიად ახალი სახელმწიფო, სადაც საერთოდ ვერ შემოვა რუსეთში ნაშოვნი ფული, ვერ შემოვა ვერც პანამიდან და ვერც გვატემალადან. ამიხსენით, რა უნდა საქართველოში რუსულ ფულს, თანაც პანამიდან შემოტანილს?  მე პირადად ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული არაფერი მინახავს, რა გაუკეთებია ამ კაცს საქართველოსთვის? ხალხო, აქ ფული უნდა შემოდიოდეს მხოლოდ ლონდონიდან, ჩემი ბანკის გავლით. აი, ეს არის მამულიშვილობა, მხოლოდ ასეთი თავგანწირული მიდგომებით გაბრწყინდება ივერია!

დარბაზში მსხდომნი ფეხზე წამოდგნენ. გაისმა ხშირი ტაში. მამუკამ აღტყინებულ საზოგადოებას მოწიწებით დაუკრა თავი და განაგრძო:

- ამხანაგებო... უკაცრავად, მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვის წინათ, ერთ ბედნიერ ღამეს, როდესაც ქვეყანაზე ფიქრით თავი მქონდა გახეთქვაზე, უცებ ჩემში ჩასახლდა ილია ჭავჭავაძის სული!

დარბაზში ისევ გაისმა მქუხარე ტაში.

- დიახ, ეგრეც ვიცოდით, ჩვენ ამას ვგრძნობდით, მაგრამ რაკი ჩვენი ინტუიცია დაუდასტურებელი იყო, ვერაფერს ვამბობდით! - აკივლდა წინა რიგებში მჯდომი კეკლუცი ქალბატონი, რომელიც ახლა უკვე ვეღარ ჯდებოდა და სიხარულისგან ცმუკავდა.

- ბატონო მამუკა... უკაცრავად, ბატონო ილიავ, იქნებ წვრილად მოგვიყვეთ, როგორ მოხდა თქვენში ჭავჭავაძის სულის გადმოსახლება? ისე, არც მიკვირს, ისიც ხომ თქვენსავით ბანკირი იყო, სხვაგან სად უნდა გადასახლებულიყო, თუ არა თქვენში?! - იღრიალა წვეროსანმა მამაკაცმა.

- დიახ, მე მისი სული გამომეცხადა და პირდაპირ მითხრა, შვილო, მამუკ, ამიერიდან შენ იქნები ჩემი დიადი საქმეების გამგრძელებელიო... სამწუხაროდ, რჯულძაღლებმა მომიღეს ბოლო წიწამურთან, ბევრი რამ ვეღარ მოვასწარიო... მას შემდეგ, რაც ბერბიჭაშვილმა მესროლა, აეგრე დავწანწალობ, კაცი ვერ ვნახე, რომ ჩავსახლებულიყავიო, ადრეც მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ რაკი პოლიტიკაში არ ერეოდი, ვერ გავბედეო. გესმით, ხალხო? ილიას სულმა ჩემთან მოსვლა ვერ გაბედა, ახლა კი, როცა პოლიტიკაში შემოვაბიჯე ასე ბრწყინვალედ, მოვიდა და ნდობაც გამომიცხადა, განა ეს არ არის საოცრება?!

- ესე იგი, ახლა ჩვენ ილია ჭავჭავაძე გველაპარაკება?! - წამოიძახა ქალბატონმა, რომელიც გაპუდრულ სახეს შავი მარაოთი ინიავებდა.

- ილიაა, ქალო, აბა, ვინ გველაპარაკება, განა სხვას შეუძლია, ასეთი სიბრძნეები გადმოაფრქვიოს? - მიუგო დეკოლტიანმა ქალბატონმა და ცხვირი აიბზუა.

- დიახ, ამიერიდან მე ვარ არა მამუკა ხაზარაძე, არამედ ილია ჭავჭავაძე... მეგობრებო, თავხედობაში ნუ ჩამითვლით, ამას ითხოვს თვით ილიას სული. წარმოიდგინეთ, რომ მე არაფერ შუაში ვარ. ახლა კი დაწვრილებით იმაზე მოგახსენებთ, თუ რა დიადი საქმეები დარჩა ილიას, რაც აწი ჩვენი გასაგრძელებელია: უპირველესად, სასწრაფო წესით უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით, როგორც სულმა შთამაგონა, ეს ქვეყანა რევოლუციას და არეულობას ვეღარ გაუძლებს, თორემ მაგასაც ვიზამდით, არ არი პრობლემა. სულმა ისიც მითხრა, თუ ივანიშვილი მინისტრებს ხსნის და ნიშნავს, შენ ვერ მოხსნი და დანიშნავო? რაც მთავარიაო, ქვეყნის მმართველი რომ გახდები, ანაკლიას მიმიხედეო, მანდ ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე მე და აკაკი წერეთელი ოდითგანვე ვოცნებობდით, მაგრამ ნიკო ნიკოლაძემ ჩაგვიშალაო... აი, ისე, როგორც შენ ბიძინა ივანიშვილმა ჩაგიშალაო, თან დასძინა, თითო ნიკოლაძე ყველა ეპოქას ჰყავს, მაგისი არ შეგეშინდესო. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვგავარ იმ კაცს, ვინმესი და რამისა რომ ეშინია?!

- ბატონო მამუკა... უკაცრავად, ბატონო ილიავ, თქვენ ხართ უშიშარი, ვითარცა უხორცო, თქვენ ხართ ლომგული ლომგულთა შორის, ურააააა! - იყვირა კვლავ უკანა რიგებიდან წვეროსანმა და ქუდი ჰაერში ისროლა.

- არავითარი "ურა", არავითარი რუსული აღტაცება, ჩვენ უნდა აღვტაცდეთ მხოლოდ ქართულად, ვაშაააა! - იღრიალა წვეროსანის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა და ბნედიანივით წამოხტა.

- დიახ, სწორი შენიშვნაა... მეგობრებო, ჩვენი ურყევი ორიენტაცია არის პროდასავლურობა, პროამერიკულობა... აი, ბიძინა ივანიშვილიც ვითომ პროდასავლურობას აწვება, მაგრამ სინამდვილეში ის არის პრორუსი ოლიგარქი... როდესაც მისმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მარცხენა ხელის თითები ჰქონდა გადაჯვარედინებული, რაც იმას ნიშნავს, ხელს კი ვაწერ, მაგრამ მაინც რუსულ საქმეს ვაკეთებო, ანუ პუტინის დავალებას ვასრულებო. აი, ესენი ლაპარაკობენ, ამერიკაო და ამ დროს გამოდის რუსეთი! - მოდელირებულმა ილია ჭავჭავაძემ ისევ მოწიწებით დაუხარა თავი დარბაზში მსხდომთ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ უნდა გავარდნილიყო მქუხარე ტაში, ვითარცა ელვა მოქუფრულ ცაზე.

მართლაც, არ დააყოვნა ხშირმა ტაშმა.

- და ბოლოს, მეგობრებო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, - განაგრძო ილია ჭავჭავაძემ, - როდესაც ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ, ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი?!

- რა თქმა უნდა, თქვენ, განა არ იმსახურებთ?! - წამოხტა პირველ რიგში მჯდომი ლაშა ბუღაძე, რომელიც აქამდე რატომღაც არ აქტიურობდა.

- დიახ, ბატონო ლაშა, მე ვიქნები პრემიერ-მინისტრი, ამ თანამდებობაზე ნამდვილად გამაჩნია პრეტენზია, მაგრამ თუ ჩემზე ჭკვიანი ვინმე გამოჩნდება, მზად ვარ, დავუთმო. აბა, მითხარით, ხართ ვინმე ამ დარბაზში ჩემზე ჭკვიანი?!

არაააა, არააააა, არააააააააა, გაისმა ჯერ კანტიკუნტად, შემდეგ კი ყოველივე ღრიანცელში გადაიზარდა, ყველა ერთხმად აფიქსირებდა თავის პოზიციას.

- ბატონო ილიავ, როდესაც თქვენ გახდებით ქვეყნის პრემიერი, მე ხომ დამნიშნავთ კულტურის მინისტრად? - მიმართა პრინციპულად ლაშა ბუღაძემ და შემდეგ დარბაზს მოავლო თავისი არწივისებრი მზერა, ემანდ ვინმე ხომ არ არის წინააღმდეგიო?

- ლაშა, ვერ დაგიმალავ, ჩემო მეგობარო, შენ უკვე ხარ კულტურის მინისტრი... ოღონდ ერთი პირობით, პირველ მოადგილედ უნდა დანიშნო კოტე ყუბანეიშვილი, რომელიც უხელმძღვანელებს პოეზიის მიმართულებას. ალბათ, იცი, კოტე არის მეტად ერუდირებული და პერსპექტიული ახალგაზრდა. მეორე მოადგილედ დანიშნავ ერეკლე დეისაძეს, რომელიც უხელმძღვანელებს მუსიკალურ ღონისძიებებს და ასევე პროზის განყოფილებას. ჰო, კიდევ ერთ მოადგილედ დანიშნავ ნანუკა ჟორჟოლიანის გოგოს, მაგან ბევრი ირბინა და იყვირა, გადადგეს გახარიაო. მოდი, ჩავაბაროთ ქუჩის კულტურა, რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია!

- დიახ, ბატონო მამუკა... უკაცრავად, ბატონო ილიავ, ჩვენი აზრები ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს, მეც სწორედ ამ ადამიანების დაწინაურებაზე ვფიქრობდი. თუმცა ერთი ადამიანი გვრჩება დაუსაქმებელი, არც კი ვიცი, როგორ შემოგკადროთ, - დაუწია ხმას ბუღაძემ.

- აბა, რომელი? ჩვენს მომხრეებს შორის არც ერთი არ უნდა დარჩეს დაუსაქმებელი!

- შოთა გაგარინი, ბატონო ჩემო, მთელი ზაფხული რუსთაველზე იდგა, "დაკაფჩონდა" ბიჭი.

- ააა... დიღმელაშვილი? ჰო, მართლაც მაგრად დაიღალა ეგ ადამიანი, სხვები რომ პლაჟებზე კოტრიალობდნენ, მაგას მიკროფონი ეჭირა ხელში და კაცობრიობას ამცნობდა რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს. ვატყობ, გაგარინ-დიღმელაშვილს მიკროფონი უყვარს ძალიან, ჩავაბაროთ ჩემი ტელევიზია "არტარეა", რომელიც გამოირჩევა მაღალი რეიტინგით და დახვეწილობით!

- აგაშენათ ღმერთმა, ბატონო ილიავ, თქვენისთანა კეთილშობილი და გულმოწყალე ჯერაც არავინ მინახავს... იცით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი კაცი ჰყავს სათავეში! - გაებადრა სახე ბუღაძეს.

ლე-ლო, ლე-ლო, ლე-ლო, სა-ქა-რთვე-ლო! - აგუგუნდა დარბაზი. ვიღაცამ სცენაზე დაფნის გვირგვინი აარბენინა და ახალ ილიას თავზე დაადგა. ილიამ მადლიერების ნიშნად დაიჩოქა, თვალთაგან ცრემლი წამოუვიდა, უკვე აშკარად გრძნობდა, რომ მისი გარდასახული სული ქართველი ერის კუთვნილება იყო. უცებ ჟურნალისტებიც გაჩნდნენ სცენაზე. მათი ყაყანი მალე ტატყანში გადაიზარდა. თუმცა ერთმა მაინც აჯობა ყველას და ასეთი შეკითხვა დასვა: ბატონო მამუკა, რა იგრძენით იმ წუთას, როდესაც თქვენს სხეულში ილიას სული ჩასახლდა?

- როგორ გითხრათ... აი, ეს იყო ძალიან სასიამოვნო განცდა... ჯერ რაღაცნაირი ტკაცანი გავიგონე, თითქოს თავის ქალა ამხადეს და შიგ ვიღაცა ჩაძვრა... იცით, მერე გამაჟრჟოლა, თავიდან ორგაზმი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, ეს არ იყო ორგაზმი, ეს იყო რაღაც სხვა, ამაღლებული და გაცისკროვნებული... ეს იყო ლტოლვა ჩვენი ქვეყნისა დიადი და ნათელი მომავლისკენ!

ავტორი გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"