მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება

მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა, მათ შორის -  წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია.

„პროექტი, რომელიც მარნეულისა და 6 სოფლის 24-საათიანი წყალმომარგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს. აქ ეს პრობლემა ათწლეულებია მწვავედ დგას და მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი წყალს ძალიან შეზღუდული გრაფიკით იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანს ეს პრობლემა მოუგვარდება და წყალარინების სისტემაც გამართული იქნება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და ბიუჯეტი  56 მლნ დოლარამდეა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილისა და შიდა ქსელის, ასევე საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა.

პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.