მარჯვნიდან მარცხნივ - პრეზიდენტი ვაშაძე და პრემიერ-მინისტრი მაჭუტაძე

მარჯვნიდან მარცხნივ - პრეზიდენტი ვაშაძე  და პრემიერ-მინისტრი მაჭუტაძე

მას შემდეგ, რაც გია (გრიგოლ, გრიშა) ვაშაძე გახდა საქართველოს პრეზიდენტი, გაერთიანებულ ოპოზიციაში თანამდებობების გადანაწილება დაიწყო. ვაშაძის წარდგინებით, ქვეყნის მთავრობას ნიკოლოზ მაჭუტაძე უხელმძღვანელებს. თავად ნიკოლოზ მაჭუტაძის წარდგინებით, კულტურასა და სპორტს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ჩაიბარებს, ოღონდ ერთი პირობით - ვაშაძის რეკომენდაციის საფუძველზე, ქართული სპორტიდან მოიკვეთება ფეხბურთი, ხელბურთი, რაგბი, მოტობურთი და საერთოდ, ყველა ის სახეობა, სადაც ბურთი გამოიყენება. სამაგიეროდ, სპორტისა და კულტურის მთავარი სახეობა გახდება ბალეტი, ნინო ანანიაშვილის მეთაურობით.

ნიკა მაჭუტაძის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება ბაჩუკი ქარდავა, საგარეო საქმეთა მინისტრი - შოთა მალაშხია, გენერალური პროკურორი და მთავარი პროდიუსერი - ნიკოლოზ გვარამია, ფინანსთა მინისტრი - რომან გოცირიძე, თავდაცვის მინისტრი - მეგი გოცირიძე, ეკონომიკის მინისტრი - ბადრი შუბლაძე. უსაფრთხოებას ჩაიბარებს ელეონორა კილაძე, დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს პაატა დავითაია, სოფლის მეურნეობას განავითარებს მაია ორჯონიკიძე.

არ გჯერათ, ხომ?

არც ჩვენ გვჯერა, მაგრამ მიხო სააკაშვილს სჯერა (მთავარი ეს არის), გრიგოლ ვაშაძესაც სჯერა, მაჭუტაძესაც, ბურჭულაძესაც... მთელ გაერთიანებულ ოპოზიციას (მთავარი ეს არის). ჩვენ რააა, ჩვენ პატარა ხალხი ვართ, როგორც ეს გრანდები გადაწყვეტენ, ისე იქნება, თქვენ 800 ათასი რჩეული რაინდი ხუმრობა საქმე ხომ არ გგონიათ? მერე რა, რომ ქუჩაში 3 ათასზე მეტი არ გამოდის, ამ ეტაპზე ასეა საჭირო.

პრემიერ მაჭუტაძის განცხადებით, მის მთავრობას ერგო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. მართალია, ქვეყანაში არის რეზონი, მაგრამ ამ ყველაფერს აკლია მონუმენტურობა, არა მხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაშიც. მეტიც, ამხანაგი მაჭუტაძე შეშფოთებულია იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ ჩვენს ქვეყანას.  

შაქრო შაქარაშვილი