გოგა ხაინდრავა: საინტერესოა, მაწანწალა სააკაშვილის უკან რა ძალები დგანან?!

გოგა ხაინდრავა: საინტერესოა, მაწანწალა სააკაშვილის უკან რა ძალები დგანან?!

ინტერვიუ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავასთან:

- ბატონო გოგა, სააკაშვილი ლიეჟში ემიგრანტებს შეხვდა, დასახა ალტერნატიული მთავრობების შექმნისა და საქართველოში დაბრუნების გეგმა. რამდენად სერიოზულია ეს მცდელობა?
- სააკაშვილი რას აპირებს, ეს პრობლემა საერთოდ არ არის, რადგან იგი მასხარა, მაწანწალა გახლავთ. მისი ქმედებები ნაკლებად ყურადსაღებია, უფრო საინტერესო ისაა თუ ვინ დგას მის უკან, ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს. ემიგრანტები საზღვარგარეთ გაჭირვებამ წაიყვანა და არ მგონია იმის ფუფუნება ჰქონდეთ, ლიეჟში ისეირნონ და სასტუმროები ჯავშნონ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს მთლიანად დაფინანსებული ღონისძიებაა. აი, ეს არის საინტერესო და არა სააკაშვილის შიზოფრენია. ალტერნატიული მთავრობების შექმნა და .. ეს ხომ შიზოფრენიაა და მეტი არაფერი. ბუნებრივია, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს. თუმცა, ფაქტია, მის ზურგს უკან ძალიან სერიოზული ძალა დგას, რომელიც ცდილობს საქართველოში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. ამ ძალის სახე გახლავთ სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია, რომელიც ჩრდილშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი მართავს ამ პროცესებს და თუ ვისი დავალებით, ჩემი აზრით, ამის გარკვევა ძალიან მარტივია. ამის მშვენიერი მაგალითია მათ მიერ ხელდასმული საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - რუსეთის უშიშროების თანამშრომელი. ვფიქრობ, აი ეს არის მნიშვნელოვანი და ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს. სამწუხაროდ, ამ საკითხზე არც არავინ წერს და არც არავინ ლაპარაკობს. შეაყარე კედელს ცერცვიო - ასე გამოდის. ქართულმა პრესამ ანალიზის უნარი დაკარგა, ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ. პრესა, დღეს, გამონაკლისების გარდა, ყოველდღიურობას, სკანდალს, ცილისწამებას, ფეიკ-ნიუსებს არის აყოლილი და აღარ გააჩნია იმის უნარი, რომ საზოგადოებამდე სერიოზული პრობლემები მიიტანოს. სინამდვილეში, მსჯელობა უნდა მიდიოდეს იმ თემაზე, მთავარ პრობლემაზე - რას აპირებს რუსეთი საქართველოში და როგორ ცდილობს დესტაბილიზაციის გამოწვევას. მადლობა ღმერთს, სააკაშვილის იქეთ, სხვა სერიოზული ფიგურა ვერ უპოვიათ, თუმცა, საქართველოში რუსული იდეების მხარდაჭერის ნაკლებობა არ არის. მაგალითად, "ევროპული საქართველო", რომელსაც ევროპულობაზე, პრო-დასავლურობაზე აქვს პრეტენზია, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს უჭერდა მხარს, არადა მშვენივრად იცოდა, რომ იგი საბჭოთა უშიშროების დამსმენი და თანამშრომელია. ეს იციან, მაგრამ ძალაუფლებისკენ იმდენად ავადმყოფური ლტოლვა აქვთ, რომ ეშმაკსაც შეეკვრებიან... ეშმაკი, აქვე, ხურვალეთში კოშკურებს დგამს, საზღვარს ავლებს. ეს საზღვარიც სააკაშვილის, ბოკერიას და იმ ადამიანების მონიშნულია, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდნენ, ახლა კი ზოგმა რა დაირქვა და ზოგმა - რა. ჩემი აზრით, აი, ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და არა ტაკიმასხარა სააკაშვილზე. აი, ეს არის პრობლემა, მთავარი თემა, სხვა დანარჩენი ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენს. ლიეჟში რამდენიმე გაუბედურებული ქალბატონი გაჰკიოდა: სააკაშვილის გულისთვის ყველაფერს გავაკეთებთო. ეს ოჯახური პრობლემაა, როცა ამ ასაკის ქალბატონებს სხვა საქმე არ აქვთ და ამ მაწანწალას წინ და უკან დაჰყვებიან.
- მოდით, თქვენს მიერ წამოწეულ მთავარ პრობლემაზე ვისაუბროთ. სააკაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში, არღვევს ევროპულ კანონებს და .. როგორ ფიქრობთ, რა ძალები დგანან ამის უკან?
- ყველაზე მნიშვნელოვანი, სერიოზული და სახიფათო ძალა რუსეთია. სწორედ იგი დგას ამ ყველაფრის უკან. ამაში ორი აზრი არ არსებობს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ თემურ ალასანიას ფაქტორს და მეორე მხრივ, გრიგოლ ვაშაძეს. სააკაშვილი თავად რას წარმოადგენს, ესეც ყველამ კარგად ვიცით. იგი უშიშროების სამჭედლოდან გამოსული კაცია. სააკაშვილი და მისი ბიძა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამჭედლოში გაიზარდნენ, ვგულისხმობ, მოსკოვისა და კიევის დიპლომატიურ აკადემიებს. სააკაშვილი, მერე, უშიშროების ჯარში მსახურობდა. ყოფილი უშიშროების თანამშრომლები არ არსებობენ, არამედ ეს სამუდამოა. აქვეა, ვაშაძეც, რომელიც 1976-დან 1981 წლამდე მოსკოვის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა. იგი, დღესაც, ამ ბნელ დაწესებულებას მშვიდობისა და თავისუფლების კუნძულს ეძახის. საბჭოთა დიპლომატია გარდა უშიშროების სპეცსამსახურებისა, სხვა არაფერი ყოფილა. მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინაში დესტაბილიზაცია აინტერესებდეს. ორივეგან დესტაბილიზაციის წყაროდ სააკაშვილი გვევლინება. ამიტომ, აქ პასუხი ნათელია - ეს არის რუსული ინტერესი. სხვა საქმეა რამდენად სერიოზულად აქვს ათვისებული რუსულ ინტერესებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული პოლიტიკური სივრცე. ვფიქრობ, ის მოვლენები რისი მომსწრენიც ამერიკაში გავხდით - ამ ქვეყნის არჩევნები მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს მსოფლიოს პოლიტიკურ ორგანიზმში თავისი საცეცები საკმაოდ სერიოზულად აქვს გაშვებული. გავიხსენოთ, ინგლისში სკრიპალების საქმე. გარდა ამისა, შვედეთში, პოლონეთშიც გაისმა ხმები იმის შესახებ, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევა ხდება. აღარაფერს ვამბობ იმ სამხედრო აქტივობებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან მსოფლიოს არაერთ კუთხეში მიმდინარეობს. ასე, რომ ეს რეალობაა. როგორც წესი, ამისთვის გამოიყენება ანგაჟირებული, სულგაყიდული დიპლომატები და სხვადასხვა მისიების, ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაგალითად, "ევროპის სახალხო პარტია", რომელიც ევროკავშირში, ევროპარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია. შარშან, როგორც აღმოჩნდა ამ პარტიის 28 წევრი კორუფციაშია იყო ჩართული, რაც პირდაპირ, რუსეთთან იყო დაკავშირებული. ამის გამო ევროპის საპარლამენტო ასსამბლეის პრეზიდენტი პედრო არგამონტი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. ეს დიდი სკანდალი იყო. სწორედ ამ პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე ერთ-ერთი იყო, ვინც სააკაშვილს, პრაქტიკულად, ხელი ჰკრა და უკრაინაში შეაგდო, აბსოლუტურად, უკანონო გზით. ამაზე არავითარი რეაქცია არ ყოფილა. "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები, თითქმის, ყველგან და ყოველთვის ლობირებენ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას". ეს ერთი. მეორეც, ფსევდო-ლიბერალურმა ძალამ, რომელიც ევროპაშია, პრაქტიკულად, კატასტროფამდე მიიყვანა ევროპა. ხომ ხედავთ, რა ხდება იგივე, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საბერძნეთში. ეს ფსევდო-ლიბერალური ძალები დაინტერესებულნი არიან გარკვეული ფიგურების დახმარებით, სხვადასხვა ქვეყნებში, თავიანთი გავლენები მოიპოვონ. ასეთი ძალები არის ალბათ, აშშ-ში, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, რომელიც გაუთავებლად სიცრუით კვებავს როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე თავის ხელმძღვანელობას აშშ-ში. მაგრამ ქართული საზოგადოება ამას აღარ ჭამს. იგი აშშ-, აბსოლუტურად, აბსურდულ მონაცემებს აწვდის იმის შესახებ თუ როგორი პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში - ვინ არის პრიორიტეტი ქართული საზოგადოებისთვის, რომელი პოლიტიკური მოღვაწე რას წარმოადგენს და .. ავიღოთ, დავით ბაქრაძე. როცა წლების განმავლობაში ცდილობ იგი პოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩინო, მერე კი აღმოჩნდება, რომ მას მისი ოჯახის წევრებიც კი არ აძლევენ არჩევნებზე ხმას, ეს წესით, ძალიან დიდი სირცხვილი უნდა იყოს, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ასეთი ძალები ბევრია. თუ ვისი ხელით მოქმედებენ ისინი, ვინ დგას მათ ზურგს უკან - აი, ეს არის ყველაზე საინტერესო, რაზეც გამოძიება უნდა ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, ნებსით თუ უნებლიედ, ისინი აქაც და ევროპაშიც ნამდვილად რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.
- არადა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის აგენტობა სალომე ზურაბიშვილს დააბრალეს.
- ნუ, ეს ცალკე თემაა. დიახ, აქ, რუსეთის უშიშროებამ, სკლიაროვის თამადობით, დესანტი გადმოსხა, რომელმაც, პრაქტიკულად, თავგზა აუბნია როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე პრესის დიდ ნაწილს. პრესის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი იმდენად უმწიფარი, უცოდინარი და გაუნათლებელი ადამიანები არიან, რომ მათთვის თავგზის აბნევას დიდი ოსტატობა სულაც არ სჭირდება. მით უმეტეს, როცა თავგზაამბნევების ასეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ჯგუფი ჩამოდის. მათ იმდენი მოახერხეს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი - გრიგოლ ვაშაძე პატრიოტი, ევროპული სულისკვეთების მატარებელ კაცად გამოიყვანეს, ხოლო მართლა ევროპული სულისკვეთების, ევროპული მომავლის პროდუქტი - სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხარდამჭერად შერაცხეს და მოღალატეს ეძახდნენ. ამას ხომ მოხერხება უნდა. პირველ რიგში, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება მოტყუვდა. თვალების დაბრმავებას მოწადინება უნდა, ეს ასე მარტივად არ გამოდის. ყველამ ვიცით, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ისიც ყველამ მშვენივრად ვიცი ვინ არის გრიგოლ ვაშაძე. თუ დაგვავიწყდა, შეგახსენებთ: ომის დროს, როცა გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამავდროულად, რუსეთის მოქალაქე გახლდათ და რუსული პასპორტი ძლივს გააგდებინეს ხელიდან, ახლაც შენახული აქვს. ასეთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს - ადამიანი იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, რომელთანაც შეიარაღებული კონფლიქტი აქვს და რომლის აგრესიის ქვეშაც სახელმწიფო იმყოფება. თუ არ გინდა სიმართლეს თვალებში ჩახედო, რეალურად დაინახო რა ხდება შენს გარშემო, მაშინ ლიეჟში სააკაშვილის მხარდასაჭერად წახვალ. რაში გამოადგა საქართველოს ვაშაძე და სააკაშვილი კარგად ჩანს ხურვალეთში. მოდით, ამაზე დავფიქრდეთ.
- ბატონო გოგა, თქვენ, რახანია საუბრობთ, რომ ვაშაძეს რუსეთის აგენტობას დაუმტკიცებთ, თუმცა, ამას ყურადღებას არავინ აქცევს. პრობლემა, ალბათ, ისიც არის - როგორ მოხდა რომ საქართველოში რუსეთის აგენტს ამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი?
- ვინ უნდა გააკეთოს ეს? - რა თქმა უნდა, წამყვანმა საინფორმაციო დაწესებულებებმა. ხოდა, ვინმეს აინტერესებს ეს საკითხი?! მერამდენედ ვიძახი, ხმამაღლა ვაცხადებ რასაც წარმოადგენს სინამდვილეში ვაშაძე. დავიჯერო, ჩემს მეტი ვაშაძის ბიოგრაფია არავის წაუკითხავს? რა ხდება? რაღა შორს წავიდე, ამ თემაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებისგანაც სიტყვა არ გამიგია. ამ საკითხზე, რაზეც მე ვლაპარაკობ, ქართული პოლიტიკური ძალისგან ერთი კომენტარიც არ მომისმენია. განდიდების მანია ნამდვილად არ მჭირს, მაგრამ 30 წელია ამ ორომტრიალში ვარ, ორგზის დეპუტატი, ორგზის სახელმწიფო მინისტრი გახლავართ და ასე თუ ისე ვიცი, რა ხდება ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. როცა ასეთი წარსულისა და აწმყოს მქონე ადამიანი მსგავს განცხადებებს ვაკეთებ, მინიმალური ყურადღება მაინც ხომ უნდა მომაქციო. თუ ამ საკითხს მაინც უყურადღებოდ ტოვებ, მერე, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იმ შედეგებს ღებულობ, რაც მივიღეთ. ხმამაღლა ვაცხადებ: გრიგოლ ვაშაძე არის დამსმენი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი და ბუნებრივია, მის უკან ვინც დგას, შენ კი მაინც არ გეყურება, სწორედ ამიტომ ღებულობ პირველ ტურში ასეთ შედეგს. ჩაიარა პირველმა ტურმა და მაინც არავის კომენტარი არ ისმის. ვაცხადებ: იგი გახლავთ რუსეთის უშიშროების თანამშრომელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კინაღამ გაგვიპრეზიდენტეს. თუ ამას ახლა მაინც მივაქცევთ ყურადღებას, კარგი იქნება თუ არადა მაშინ სულ იმ ვითარებაში ვიქნებით, რაშიც ვართ.
- ასე არხეინად თუ ვიქენით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობა" გამარჯვებისთვის მეტი ენთუზიაზმით იბრძოლებს.
- დიახ. ვითომ ოპოზიციურმა ძალებმა ვაშაძე ლიდერად დაიყენეს. ეს რას ნიშნავს?! მთელი ოპოზიციური სპექტრი მზად არის და თანახმაა რუსეთის უშიშროების თანამშრომელი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს? იქნებ, ამ ხალხს დაუსვათ კითხვები, სხვაგვარად, როგორ უნდა ვიცხოვროთ, გამაგებინეთ?
- ვაშაძემ ლიეჟში ყოფნისას განაცხადა: შევრცხვით როგორც სახელმწიფოო.
- რა თქმა უნდა, სწორი თქვა ოღონდ, შემდეგი გაგებით: ბუნებრივია, შევრცხვით იმიტომ, რომ სააკაშვილის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა, ჩვენი ქვეყნისთვის, ნამდვილად სირცხვილია. ვაშაძე რომ საქართველოს წარმოადგენს და მისი სახელით ლაპარაკობს, ესეც დიდი სირცხვილია. სწორად აღნიშნა, რომ შევრცხვი . ეს თვითაღიარებები ხშირად მოსდით-ხოლმე იმიტომ, რომ ავიწყდებათ რომელ მომენტში რა ენაზე უნდა ილაპარაკონ.
- მან ასევე ახსენა: ქვეყანას შავი ჭირი შეეყარა და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ამ სენისგანო.
- ვაშაძესთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ჭირია. მისი საწყისი, გული და სული როგორც თავად ინტერვიუში განაცხადა რუსეთია თავისი კულტურით, წარსულით. იგი, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლას დარდობდა. ამიტომ, ბუნებრივია, რაც აქ ხდება, ეს, მისთვისაც და სააკაშვილისთვისაც შავი ჭირია.
- ბატონო გოგა, "რუსთავი 2", "ნაციონალები", ენ-ჯე-ოები აპოკალიფსურ სურათს ხატავენ, თითქოს, ქვეყანა ინგრევა და ერთადერთი გადამრჩენები თავად არიან. ამაზე რას იტყვით?
- ქართულ ანდაზას შეგახსენებთ: მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო. მათაც ასე სჭირთ, რაც თქვენ ბრძანეთ: უნდათ ყველაფერი ისე იყოს - საქართველოში აპოკალიფსი ელანდებათ, რეალურად კი, ასე არ ხდება და ამაზე არიან გაგიჟებულნი. გვარამია რომ მედიის წარმომადგენელი იქნება, რაღაზე ვილაპარაკო. პრობლემის სათავე იცით რაშია: როდესაც გვარამია სახალხოდ ილანძღება, იგინება, მანდილოსანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და ამაზე პოლიტიკური მიზანშეუწონლობის გამო, რეაქცია არ არის, აი, ამას მოჰყვება ის რაც მოჰყვება. ამიტომ, კანონი უნდა კანონობდეს და პოლიტიკაზე მაღლა იდგეს თუკი, ჩვენ, გვინდა, რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოთ. ეს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის წესია. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ თქვენ გიგაურს, საიას და მათ მსგავსთ გულისხმობთ, ისინი არასამთავრობო ორგანიზაციები კი არა, გავლენის ჯგუფებია, რომლებიც უცხოეთიდან ძალიან სერიოზულად ფინანსდებიან იმისთვის, რომ საქართველოში გავლენები მოიპოვონ და მერე, ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება იმ ფულისგადამხდელების ჭკუაზე ატარონ. ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ამიტომ არის, რომ მიუხედავად უამრავი უწესობის, უმსგავსობის ჩადენისა, ეს ფიგურები მაინც ტივტივებენ. სამწუხაროდ, სააკაშვილიც ტივტივებს, ეს ბიოლოგიური პროცესია. მაგრამ არსებობს რეალობა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს. საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არა უცხოური ფონდები თუ სახელმწიფოები, ან მოძალადეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მუხლებზე დაყენებას ცდილობენ. ეს არ გამოუვათ. ასეთი რამ მტრებს საუკუნეების მანძილზე არ გამოსვლიათ, საქართველო მაინც არსებობს, გადარჩა, დამოუკიდებელი ქვეყანაა. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო პერსპექტივები გააჩნია.

თამარ შველიძე
"საერთო გაზეთი"