ევა ლიქოკელი: მე ვცხოვრობ უთოვლო ქალაქში, სადაც ყველა სიკვდილზე მელაპარაკება

ევა ლიქოკელი: მე ვცხოვრობ უთოვლო ქალაქში, სადაც ყველა სიკვდილზე მელაპარაკება

(ნოველა)

მე ვარ დეგენერატი.
ვცხოვრობ ერთ გაჭვარტლულ და გაყინულ ქალაქში.
უთოვლო ქალაქში.
ყველა სიკვდილზე მელაპარაკება.
ყველა უბედურებას წინასწარმეტყველებს.
მე კი მიხარია რაღაც.
ოღონდ ჩუმად მიხარია, ისე რომ სხვებმა არ შენიშნონ.
სიხარულის მრცხვენია, იმიტომ რომ დეგენერატი ვარ.
აი, გამოვედი გარეთ.
იანვარია.
ღამეა ჯერ და ყვავები მაინც არ ჩხავიან.
უფრო მეტიც.
ჩიტი გალობს.
და ვიწყებ ფიქრს ჩიტზე.
ბეღურა იქნება.
არა, ბეღურას რა გალობა შეუძლია?
სხვა ჩიტი იქნება.
მცივა და ჯიბეებში ვიწყობ ხელებს.
ჯიბეში ცივი რკინა მხვდება.
ორლარიანი.
ვიმწყვდევ მუჭში და ვფიქრობ:
არ დამეკარგო შენ, ორლარიანო, თორემ სამსახურში ვეღარ წავალ.
აქ იყავი თბილად, ჩემს მუჭში.
სანამ ნევროზიანი მძღოლი გამომგლეჯს შენს თავს და შენნაირ გაყინულ რკინებთან მიგაგდებს.
აი, დეგენერატის ფიქრები:
ამ გზას გავივლი და ოთხმოცი თეთრი მოაკლდება ჩემს ლამაზ ცხოვრებას.
მაგრამ მე ეს ფეხებზე მკიდია.
მთავარი მაინც ის არის, რომ გული რაღაცნაირად მიფეთქავს.
ირონიულად.
ირონიული კარდიოგრამა მაქვს ზოგადად.
ერთხელ ექიმმა მითხრა ასე.
იცი, რატომ მივედი გულის ექიმთან?
უცნაური შეგრძნება მქონდა.
გულს ვერ ვაჩერებდი.
ასე მეგონა იცინოდა, კი არადა ხარხარებდა.
სწორედ ასე ვუთხარი მასაც, ძალიან ლამაზ კაცს, რომელიც სულ არ ჰგავდა ექიმს, მაგრამ მაინც ექიმი იყო.
რომ ვკითხე, როგორი კარდიოგრამა მაქვს-მეთქი, ჩაიცინა და მითხრა:
- ერთობ ირონიული.
მაშინ მივხვდი, რომ დეგენერატი ვიყავი.
იმიტომაც მიხაროდა ამ შავ და გაჭვარტლულ ქალაქში დილით ადგომა და იანვრის ცივ დღეებში გარეთ გამოვარდნა.
უნდა იომო, იბრძოლო, გამოხატო პროტესტი, უნდა შეიქმნა უკეთესი ცხოვრება, უნდა გათავისუფლდე - მე კი ფეხებზე მკიდია და მთავარია სიხარული არ დამეკარგოს.
რა მნიშვნელობა აქვს თუ ჯიბეგაფხეკილი ვარ, რომ წუხელაც საყვარელმა კაცმა ერთი ხოშიანად მიმალანძღა და ტელეფონიც გამითიშა.
მე მაინც გაღიმებული ვიწექი გულზე დადებული ტელეფონით.
მერე რა, თუ მლანძღავენ, მერე რა...
არასდროს არ მიფიქრია, ვინმეს ვძულვარ - მეთქი.
ვუყვარვარ მაგ დედააფეთქებულებს.
კარგად ვიცი ეს.
და გულში მიხარია.
და ვიცინი იმაზე, ჩემნაირი დეგენერატი რომ შეიყვარეს.
დედაჩემი მეუბნება ასე, შვილი ხარ და მიყვარხარ, სხვა რა გზა მაქვსო.
მე კი გულში ვხარხარებ, ეგრე გინდა შენ, ჩემნაირი შვილი რომ გამოგივიდა-მეთქი.
ჰოდა, იმას ვამბობდი:
ერთ გაჭვარტლულ და უთოვლო ქალაქში ვცხოვრობ.
ვერ ვიბრძვი.
ვერ ვაშენებ ბედნიერ მომავალს, მაგრამ მკიდია.
სრულებითაც არ მაინტერესებს მომავალი.
მთავარია, რომ მიხაროდეს.
მეცინებოდეს.
არც არავის უნახავს ჩემი ტირილი.
როცა ვტირი, საბანს ვიფარებ.
მერე ვდგები და სარკეში ვიყურები, აბა რიგორი ქალი ვარ, ცრემლიანი თვალები თუ მიხდება-მეთქი.
არ მიხდება.
ამიტომაც არც ერთ კაცს არ უნახავს, როგორ ვტირი.
ვერც ნახავენ.
აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი დეგენერატი.
ზუსტად ჩემნაირი!