გელა ზედელაშვილი: მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვიყო, მართლა ჩავატარებდი ვადამდელ არჩევნებს!

გელა ზედელაშვილი: მე რომ ივანიშვილის ადგილზე ვიყო, მართლა ჩავატარებდი ვადამდელ არჩევნებს!

ე.წ. ყავლგასული პოლიტიკოსები, რომლებიც, რატომღაც, ყოველ საღამოს ტელევიზორიდან მელაპარაკებიან, ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და გამოსავალი მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია. ჩვენაო, წინა რამდენიმე არჩევნებიც მოვიგეთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გაგვიყალბაო. არ ვიცი, რასაც ამბობენ, თვითონვე თუ სჯერათ, მაგრამ ფაქტია, საკუთარ თავსაც იტყუებენ და ამოდენა ქვეყანასაც აბოლებენ. პრინციპში, აბოლებენ რა, მაგათი 000,1 პროცენტს თუ სჯერა, სადაც მაგათივე ოჯახის წევრებიც აღარ მოიაზრებიან.

რატომ ამოუჩემებიათ, გინდათ თუ არა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდესო, რატომ ითხრიან იმ პოლიტიკურ სამარეს, საიდანაც ვეღარასოდეს ამოვლენ? სიმართლე გითხრათ, ეს ამოცანა ვერა და ვერ ამოვხსენი. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ გზით შეეცდებიან საქართველოში სიტუაციის კიდევ ერთხელ არევას და მღვრიე წყალში ბაყაყების დაჭერას (თევზის დამჭერები ეგენი არ არიან). არადა, მოდით, ვთქვათ სიმართლე, დღევანდელი ლიბერალური საარჩევნო კოდექსის წყალობით, ისეთი ნაყარ-ნუყარა პარტიებიც კი, რომლებმაც სულ რაღაც 3-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, თითოეული მათგანი ბიუჯეტიდან ფინანსდება მსუყე ლუკმით - წელიწადში 300 ათასი ლარით. ასეთები არიან: ნინო ბურჯანაძის პარტია, პაატა ბურჭულაძის პარტია, ირაკლი ალასანიას პარტია და სხვები. როგორ ფიქრობთ, ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს, ეს მუქთამჭამლები ამ მსუყე ლუკმას არ დაკარგავენ? რასაკვირველია, დაკარგავენ, მაგრამ მაინც მიდიან "რისკზე" სამი მიზეზის გამო: პირველი - როგორც გითხარით, ცდილობენ ქვეყნის არევას, მეორე - ზედმეტი წარმოდგენა აქვთ საკუთარ პოლიტიკურ რესურსზე, მესამე - იციან, რომ ვადამდელ არჩევნებს არავინ დანიშნავს და უბრალოდ ყბედობენ, რათა საერთაშორისოებს გააგებინონ, ანუ საერთაშორისოები დააბოლონ, რომ საქართველოში აუტანელი დიქტატურა სუფევს. კი, კაცო, დიქტატურის პირობებში ეს არაფრის მაქნისი პარტიები, მხართეძოზე წამოწოლილები 300-300 ათას ლარს იღებენ, როგორ მოგწონთ? მე პირადად არ მომწონს და გულიც მერევა, მაგრამ რა ვუყო ამ დედამოტ...ნულ დემოკრატიას, რომელიც სულ ლობიოობა მეგონა?

აი, მაგალითად, თქვენ რომ პაატა ბურჭულაძის "პადელნიკ" ნიკა მაჭუტაძეს დასცინით ხოლმე, არ დაიჯერებთ და... ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 300 (სამასი) ათასი ლარით ფინანსდება და ასე იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. თუ ჩვენ ამ თანხას გავამრავლებთ 4 წელიწადზე, გამოვა მილიონ 200 ათასი ლარი. ჰოდა, ახლა კარგად გაიაზრეთ, ადამიანი, რომელიც ვერ გახლავთ თავის მატორზე, ჩვენგან იღებს მილიონებს. ახლა, ვერ გეტყვით, სულ თვითონ იჯიბავს-მეთქი, მეტი საქმე არ აქვს პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს?

სხვათა შორის, დღეს ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციაში ძალიან ბევრი მაჭუტაძეა და სწორედ ეს მაჭუტაძეები ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. ისე, მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ვიყო, მართლა დავანიშნინებდი არჩევნებს და მერე შორიდან ვუყურებდი სეირს!