არჩილ თალაკვაძე: მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომელიც რეკომენდაციებსა და დასკვნებს გამოგვიგზავნის

არჩილ თალაკვაძე:  მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომელიც რეკომენდაციებსა და დასკვნებს გამოგვიგზავნის

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მონაწილეობის, სიის ფორმირებისა და კენჭისყრის ეტაპებზე პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვან  პრინციპებს მოიცავს, – ამის შესახებ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტს ვენეციის კომისია შეაფასებს და მისი რეკომენდაციები საჯარო იქნება.

„სხვადასხვა მხარეს კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები რომ არ ჰქონდეს, მივმართეთ ვენეციის კომისიას, შეაფასებს კანონპროექტს და თავის რეკომენდაციებსა და დასკვნებს გამოგვიგზავნის, რომელიც საჯარო იქნება. შესაბამისად, ეს დასკვნები მოხსნის კითხვებსა და ბრალდებებს, რომელიც შეიძლება, პროექტის განხილვის პროცესში წარმოიშვას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროექტში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ მხარეს დასაბუთებული არგუმენტებით შეეძლება და ეს პროცესები ერთმანეთს ხელს არ შეუშლის".

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით. ამასთან, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.