მგლების ხროვა - მინუს ბიძინა ივანიშვილი

მგლების ხროვა - მინუს ბიძინა ივანიშვილი

ამ სტატიას ცხელ გულზე ვწერ... დიახ, მას შემდეგ ვწერ, რაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სააკაშვილ-უგულავა-ვაშაძე-ბოკერიას ბინძურ მაგიდას მიუჯდა და მათთან ერთად გამოაცხადა: ყველა მინუს ერთიო. ჰო, ჩვენ ყველა და მინუს ბიძინა ივანიშვილიო. ამათ თავიანთი თავი ყველა ჰგონიათ. ამაზე მეცინება, ვხარხარებ!

როდესაც დავით უსუფაშვილი მიეთრა ფარისეველთა შტაბში, არც გამკვირვებია და არც ხმა ამომიღია. ამ "ბასტი-ბუბუს" ძარღვებში აქვს გამჯდარი ღალატი, სუნზე დადის და ამას პოლიტიკას ეძახის. როდესაც სხვები მიეთრნენ, არაფერი ვთქვი, ეგ მათი ხელობაა, ეგენიც სუნზე დადიან. მათ უკან სიცარიელეა. სიმართლე გითხრათ, არც ბურჯანაძეზე მაქვს დიდი წარმოდგენა, მაგრამ როცა მის უკან 26 მაისია, როცა ქვეყნის დარბევაა, როცა სისხლისღვრაა, სად მიდის, ვისთან ჯდება, ვისთან კეკლუცობს? ვისთან და მიხეილ სააკაშვილის მართულ ხროვასთან. ადრეც დავწერე, ახლა გავიმეორებ და ალბათ მომავალშიც დავწერ: 2012-ში, გაგანია ზაფხულში და პოლიტიკურად აზარტულ პერიოდში ერთმა პატივსაცემმა კაცმა მითხრა, მაგ ქალს არ ვენდობი, სააკაშვილთან არის შეკრულიო. მე კიკინები გავიშალე, რას ლაპარაკობთ, შანსი არ არი, 26-მა მაისმა მაგის კისერზე გადაიარა-მეთქი. გაეცინა. არ მჯერა-მეთქი. კაი, მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვამო - ბურჯანაძის ქმარი 25 მაისის ღამეს ვინ გააპარა თბილისიდანო? მე რა ვიცი-მეთქი? ჰოდა, რომ არ იცი, გაჩუმდი, მიშას გარეშე აქედან ვერავინ გავიდოდაო. გავჩუმდი, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე და აჰა... ახლა ვეუბნები აქედან ამ კაცს: მაგარი ხარ, რაც მაშინ მითხარი (სხვა რაღაცებიც), ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა. ბოდიშს ვიხდი, რომ არ მჯეროდა და რაღაც-რაღაცებზე ქოშს უკუღმა ვყრიდი.

გინდათ, ბოლომდე გავხსნა კარტი? ეს კაცი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი.

როცა მისი ეს ფრაზა ერთ-ერთ გაზეთში გამოვაქვეყნე, ქალბატონმა ნინომ კიკინები გაიშალა და კედლებზე დაიწყო სიარული. თან კითხულობდა, რა უნდა მაგ კაცს ჩემგანო?! აგერ, გავიდა შვიდი წელიწადი და მიუჯდა ესეც ფარისევლებს. თან აცხადებს, არაო, მე ფარისეველი არ გახლავართ, ამათთან დროებით ვჯდები, საარჩევნო კოდექსი უნდა შევცვალო, მინდა, არჩევნები პროპორციულად ჩატარდესო. ქალო, გინდა პროპორციულად ჩატარდეს, გინდა - ჰორიზონტალურად, გინდა - ვერტიკალურად, პარტიაში აღარავინ დაგრჩა, სიაში ვინ უნდა ჩაწერო? ეს ერთი და მეორეც - "ყველა მინუს" ერთი რომელ პროპორციაში ჯდება?!

და მაინც... რის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ბურჯანაძე, თუკი ის მყარად გადაეფსკვნება ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, ანუ ვითომ 26 პარტიას? რასაკვირველია, ის ცდილობს, როგორმე მოხვდეს პარლამენტში და ოცნებობს ფრაქციაზეც, რათა ჰქონდეს დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ჯერ ერთი, სააკაშვილის მიერ მართულ ე.წ. ოპოზიციასთან მიცუცქების გამო 26 მაისს დაზარალებულები გაუნაწყენდებიან, გაუბრაზდებიან და მიატოვებენ, მეორეც - მაჭუტაძეები, ქარდავები და დავითაიები არ არიან იმ ბაგაჟისანი, რომ მათთან ალიანსით ფონს გავიდეს. ჩემი აზრით, ქალბატონმა ბურჯანაძემ ბევრჯერ გაუშვა პარლამენტში შესვლის შანსი ხელიდან და ვერც კი ხვდება, რომ მისმა მატარებელმა კარგახანია ჩაირბინა. რომც არ ჩაერბინა, რომც არ იყოს ბურჯანაძის უკან 26 მაისი, ის იმ ფარისეველთა მაგიდას მიუჯდა, რომელთაც მომავალი არ აქვთ. როგორც ვხედავთ, ლიანდაგიდან გადასული ე.წ. ქართული პოლიტიკა ლოგიკაში საერთოდ ვეღარ ჯდება - აბა, სად რუსეთუმე "ბურჯიკნელი", სად "ევროპელი" (ბიუჯეტის ვირთხა) უგულავა, სად "პროდასავლელი" (ლაქლაქა) უსუფაშვილი, სად ჯოჯოხეთის მოციქული ბოკერია და სად კედელზე თავმირტყმული მაჭუტაძე? სხვა დეფექტიანების ჩამოთვლა მეზარება, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ახლოს არ ეკარებიან, ბურჯანაძესთან სიახლოვისა რცხვენიათ, რუსეთუმეა და ამიტომ, თვითონ დასავლურ ღირებულებებზე არიან აღზრდილნი. მაგალითად, ბაჩუკი ქარდავა რუსეთში კი არ დაწანწალებდა, კემბრიჯში მიიღო განათლება და ახლა ცდილობს, ჩვენც გვიხსნას პუტინის კლანჭებიდან. ამით იმის თქმა მინდა, მეგობრებო, რომ ვითომ 26 პარტია - ეს გახლავთ ხროვა... თვალებანთებული ხროვა, რომელიც მზადაა, ეცეს ბიძინა ივანიშვილს და გაგლიჯოს, ნაფლეთებად აქციოს!

ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს, სტილიც ნაცნობია, გეგმაც, ხელწერაც და შინაარსიც - არაფერი ახალი, არაფერი ორიგინალური. თქვენი არ ვიცი და... მე ძალიან დამაფიქრა პოეტ დავით მაღრაძის გამოსვლამ ტელევიზიით, რომელმაც განაცხადა, უახლოეს ხანში "სახალხო ფრონტის" მსგავსი ორგანიზაცია უნდა შევქმნათო. ვის წინააღმდეგ აპირებს "ფრონტის" შექმნას? ივანიშვილის წინააღმდეგ! კი, მაგრამ მაღრაძე ხომ მეგობრობდა ბიძინასთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც ხომ თავი გაიგიჟა, რეგიონებში დადიოდა და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად აქციებსაც მართავდა? მაშ რა დაეტაკა, რატომ ჩაიხვია მოსამართლეების თემა? აქვე ჩნდება კითხვა: რატომ აიკრეს გუდა-ნაბადი საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებმა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილთან მიახლოებასაც კი დიდ ბედნიერებად თვლიდნენ? რატომ გადგნენ განზე ე.წ. ძველი გვარდიის დეპუტატები, რომლებიც მუდმივად ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ეძებდნენ და მის ფეხებთან წამოწოლას ლამობდნენ? უკაცრავად, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ეს ასე იყო - ბევრი ბატონ ბიძინასთან სურათის გადაღებას იმიტომ ლამობდა, რომ დანარჩენი სამყაროსთვის თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა. მაშ რა მოხდა, რა ბზიკმა უკბინა ამდენ "მამულიშვილს"? მოსამართლეების სიამ გააღვიძა მათში პატრიოტული გრძნობები? მაპატიეთ, მე პირადად ამ გრძნობებისა არ მჯერა, უფრო სხვა მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე. მოდით, დავიწყებ ცოტა შორიდან: მაგალითად, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, პირველივე თვეებში გასაგებად ითქვა, რომ მმართველი ძალა მოსამართლეთა კორპუსს არ შეეხებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მომხდარიყო თვითგამორკვევის პროცესი და ე.წ. რეფორმების წყალობით, სასამართლო უნდა გამხდარიყო სრულიად დამოუკიდებელი. ეს გახლდათ არა მხოლოდ ახალი ხელისუფლების სურვილი, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოთხოვნაც. ალბათ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში გულახდილათ თქვა, დაახლოებით ხუთი წელიწადი დაგვჭირდა, ჩვენი პარტნიორებისთვის დაგვემტკიცებინა, რომ არ ვაპირებდით ქვეყანაში ანგარიშსწორებასო, ანუ ეს დრო დასჭირდა ნდობის მოპოვებასო. ბოლო დროის პერიპეტიებს თუ გადავხედავთ და დავაკვირდებით, როგორი მისვლა-მოსვლა, სტუმრიანობა და ოფიციალური ვიზიტებია გაჩაღებული, აშკარად ჩანს, რომ ნდობა მოპოვებულია, რაც ძალიან აღიზიანებთ მაჭუტაძეებში. ჰოდა, მოდით, კიდევ ერთხელ ჩავეკითხოთ საკუთარ თავებს, რა მოხდა ასეთი, რატომ შეკრეს პირი ე.წ. შინაურებმა და გარეულებმა, რატომ გახდა ბიძინა ივანიშვილი მათთვის მიუღებელი, რატომ გახდა "ყველა მინუს ერთი"? გარეულებს რომ თავიანთი ავი ზრახვები ამოძრავებთ 2012 წლიდან მოყოლებული, ეს გასაგებია და ვიცით, მაგრამ რა დაემართათ ე.წ. შინაურებს, რატომ გაახსენდათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას, რომ ადამიანები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში მოსამართლეობდნენ და ზოგიერთი მათგანი უვადოდაც კი დაინიშნა (მაგალითად, ლევან მურუსიძე), თურმე მიუღებელნი ყოფილან? მაქვს ინფორმაცია, რომ ჯგუფი, რომელმაც ფართო ფრონტი გაშალა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მოსახლეობას მოუწოდა, მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, არ გაისარჯა უანგაროდ, ანუ არ გაისარჯა სამშობლოსთვის. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს არ ეხება ყველას, ეს ეხება იმ "პატრიოტებს", რომლებიც "სახალხო ფრონტის" მსგავსი ორგანიზაციის შექმნას და ივანიშვილის წინააღმდეგ ომის დაწყებას აანონსებენ. მოკლედ, ამ ჯგუფის ერთი "მნიშვნელოვანი" ნაწილი ასულა სოლოლაკში და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების სანაცვლოდ მოუთხოვია მნიშვნელოვანი ჯილდო. მე არ დავაკონკრეტებ, რა სახის ჯილდო უნდა ყოფილიყო გაცემული ივანიშვილის მხრიდან, ამას ალბათ ისედაც ხვდებით. ეს მოხდა დაახლოებით ორი თვის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩამთავრებიდან მალევე. გარკვეულ წრეებში იმ პერიოდშივე მჭობდნენ, რომ ივანიშვილსა და მის მხარდამჭერ რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო ლიდერს შორის შავმა კატამ გაირბინა, ანუ მათ მიიღეს სამი თითის კომბინაცია სოლოლაკის სასახლეში და ამიტომაც გ დაანონსდა "ფრონტის" შექმნის იდეა. ეს ჯგუფი ტრადიციას არა და არ ღალატობს, ეს ჯგუფი იგივე მეთოდს იყენებს, რაც გამოიყენა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. გაიხსენეთ, როგორ შეიქმნა კონგრესი და რა შეხვედრები იმართებოდა ფილარმონიაში. დღეს იგივე სახეებმა დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ოქროს უზალთუნები აღარ გამოდნება და გავიდნენ ახალ საშოვარზე, მოემზადნენ სავაჭროდ "მავნებთან". კი, მაგრამ ვინ არიან ეს "მავნები", ვის უნდა ევაჭრონ? ამ ეტაპზე ჰორიზონტზე ჩანან მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა თემურ ალასანია და რუსეთი. გაიხსენეთ, როგორ ამბობს ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში თემურ ალასანია, ერთ მილიონ დოლარს გადავუხდი, ვინც ივანიშვილს გააგორებსო. თქვენ გგონიათ, ამ "იდეამ" ძალა დაკარგა? არა, ჩემო ძვირფასებო, პირიქით, ახლა შედის ძალაში, თან არ იფიქროთ, რომ ალასანია საკუთარ ფულს დახარჯავს, ამის მოსურნეები ბლომად არიან და ამას საქართველოდან გაქსუებულებისა თუ საქართველოში დარჩენილი ავაზაკების ხელით გააკეთებენ. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩემი მოკვლა არც ისე იოლიაო... მას შეიძლება დაავიწყდა ან გამორჩა, რომ ფიზიკური განადგურების გარდა არსებობს სხვა მეთოდებიც - მაგალითად, გარემოცვის დაშლა, ღალატი და შიგნიდან ციხის გატეხვა... მით უმეტეს მაშინ, როცა გარშემო ბევრი გყავს ისეთი, ვინც ფულის ტომარად გთვლის და საკმარისია, სხვამ მილიონები გადაუხადოს, ეგრევე გადაგეკიდება დანასისხლად. ჩვენი ქვეყნის ბოლო 30-წლიან ეპოპეას თუ გადავხედავთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ამ ხალხისთვის ღალატი და ხელისუფლების დამხობა პროფესიაა - გამოჩნდება ვიღაცა, მივლენ, გაუგორდებიან  ფეხებქვეშ, აულოკავენ თითებს, გამოწურავენ ლიმონივით, მიიღებენ მილიონებს და როცა ის ვიღაცა მიხვდება, რომ ავადმყოფ ავაზაკებთან აქვს საქმე, როცა სალაროს კარს ცხვირწინ მიუჯახუნებს, ეგრევე შეესევიან დასამხობად. როგორ ფიქრობთ, კიდევ ერთხელ დაუჯდება თუ არა კოჭი ალჩუზე ამ ხროვას? მე ვფიქრობ, ამ ჯერზე მათ კოვზი ნაცარში უნდა ჩაუვარდეთ... ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ქიციც იცის და ქიცმაცურიც, მეორე - ქართული საზოგადოება მიხვდა, ვისთან აქვს საქმე, მესამე - მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალებმა" და მათთან გათანაბრებულმა პირებმა მოახერხეს, გარკვეული ფენები ივანიშვილის წინააღმდეგ განეწყოთ, მაინც ვერ მოამწიფეს სიტუაცია სარევოლუციოდ, რასაც ხელი შეუწყო მაჭუტაძეების გახრწნამ, ანუ ე.წ. ოპოზიციის გამარგინალებამ და უავტორიტეტობამ. მეტსაც გეტყვით, ამათ ისეთივე სუნი ასდით, როგორიც ასდის რუსთავორელ ნოდარა მელაძეს. შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძემ უთხრა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს, ნოდარას მძღ...ერის სუნი ასდისო.

და ბოლოს... კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ცოტა გაუგებარია და აშკარად დაღვინებას საჭიროებს. ვგულისხმობ ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედეონ ფოფხაძისა და მათთან გათანაბრებული პირების გასვლას პარლამენტიდან. ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვერსია: თუ გავითვალისწინებთ, რა უთხრა მათ პარტიიდან წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ ეს პროცესი არ არის მართული. თუმცა ვიღებთ იგივე შედეგს, როგორსაც მივიღებდით, რომ იყოს მართული. ივანიშვილს მათთვის უთქვამს, თუ გნებავთ დარჩით, თუ გნებავთ - წადით, თუ გნებავთ - გაგრიცხავთო. რა გამოდის? პარტიის ლიდერისთვის სულერთი გახლდათ, წავიდოდნენ, დარჩებოდნენ თუ გარიცხავდნენ. ამათ წასვლა ამჯობინეს და ახლა ეკა ბესელიამ რამდენიც არ უნდა ირბინოს "რუსთავი 2"-ის სტუდიაში და რამდენი მადლობაც არ უნდა უთხრას ნიკა გვარამიას, ის მაინც ვერ გაიდგამს ფესვს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში, ეს მისთვის იქნება საბოლოო დასამარება. რა უნდა გააკეთონ გარიცხვას გადარჩენილებმა? ისინი დიდი ალბათობით (ეკა ბესელიამ ამის თაობაზე უკვე განაცხადა) შექმნიან პოლიტიკურ პარტიას და მოემზადებიან 2020 წლის არჩევნებისთვის, მათ აქვთ ამ ეტაპზე თეორიული შანსი, თავიანთ მხარეს გადაიყვანონ "ოცნებაზე" განაწყენებული ამომრჩეველი და ასევე მიიმხრონ ე.წ. ძველი გვარდია. თუ დააკვირდებით, გარიცხვას გადარჩენილები ერთ აუგ სიტყვასაც არ ამბობენ ბიძინა ივანიშვილზე და ვერც იტყვიან, მაშინ ეგრევე დაიწყება მათი მარგინალიზაცია. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ეს საკითხი არის მართული და სინამდვილეში ხდება "ქართული ოცნების" არა დაშლა, არამედ გაშლა. როგორც იცით, ეს მეთოდი ქართულ პოლიტიკაში კარგადაა აპრობირებული და მშვენივრად იყენებს "ნაციონალური მოძრაობა". წესით, "ოცნების" გაშლა უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ცოტა დაგვიანებულადაც კი მეჩვენება. ვიმეორებ, ეს პროცესი მართულია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შედეგი მაინც ერთია - ყალიბდება რაღაც ძალა, რომელიც ვერასოდეს იქნება ივანიშვილისთვის დიდი საფრთხე. ვნახოთ, რა როგორ იქნება, ამას უახლოეს ხანში დავინახავთ... ამ ეტაპზე არც არის საჭირო ყველა კარტის გახსნა, რათა მტრებმა არ ისარგებლონ.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"