მორიელთა კვალდაკვალ

მორიელთა კვალდაკვალ

ბატონო ბიძინა, ალბათ გახსოვთ (შეიძლება არც გახსოვდეთ), 2012-ში სააკაშვილის ბანდამ "ქართუ ბანკის" მანქანა რომ დააყაჩაღა და 80 მილიონი ლარი წაიღო. როცა პრემიერ-მინისტრი გახდით, თქვენ ეს ფული დაიბრუნეთ და კახელ მევენახეებს აჩუქეთ, რადგან იმ წელიწადს თელავი და გურჯაანი მაგრად დაისეტყვა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო უმადურობის პირველი ტესტი, სადაც ჩემებურები ყველა საკითხში ჩაიჭრნენ. ჯერ ერთი, მიუხედავად ამხელა პატივისცემისა, დაიწყეს აგრესიული გამოხტომები: ეგე, მოვიდა ივანიშვილი, თავისი ფული დაიბრუნა, სხვა საქმეებს კიდე ყურადღებას არ აქცევს, ჰკიდიაო. მაშინ, 2013 წელს მეც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ მოსახლეობა სიმართლეში თავად გაერკვეოდა და "ნაცების" მიერ აგორებულ შავ პიარზე ძალიან ბევრს იცინებდა. შევცდი, შემდგომში ისეთების პირიდან მოვისმინე მსგავსი სისულელეები, ვისაც კომპენსაცია გადაუხადეთ საკუთარი ჯიბიდან, ვისაც "წილი" ერგო იმ 80 მილიონიდან. მეორე - თქვენ ხომ ის ფული იმისთვის გააჩუქეთ, რომ კახელ მევენახეებს ვაზისთვის უნდა მიეხედათ, ანუ დასეტყვილი ვენახები აღედგინათ? დიახ, სწორედაც ასე იყო, მაგრამ მათ ვენახებისკენ აღარ გაიხედეს, მანქანები იყიდეს და ტაქსაობა დაიწყეს. ამას მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან ხვნა-თესვის კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით. მახსოვს, როცა პრემიერ-მინისტრი გახდით, დაახლოებით ორ კვირაში "ნაციონალი" გიორგი ღვინიაშვილი პარლამენტში გედავებოდათ, ხალხს სავარგულების მოხვნას რომ დაპირდით, რატომ არ ასრულებთო? თქვენ მაშინ იცინოდით, მაცალეთ, ორი კვირის თავზე რა ხვნა-თესვაზე მელაპარაკებითო? მართალია, ჩვენ, წესიერ ოჯახებში გაზრდილებს გვეგონა, ესეც დიდი სისულელე იყო "ნაციონალების" მხრიდან, მაგრამ ცხოვრებამ გვიჩვენა, თურმე ჩვენმა გაუთვითცნობიერებელმა მოსახლეობამ ესეც დაიჯერა, ანუ ჩვენი მოსახლეობა აჰყვა შავ პიარს. ეს გახლდათ უმადურობის მეორე ტესტი - დაუხანით, დაუთესეთ, თავზე ხელი გადაუსვით, თუ არ ვცდები, სათესლე მასალაც შეუძინეთ და რა? მაგალითად, ჩემებურები ისე გათავხედდნენ თუ გაზულუქდნენ, მოსავლის აღებასაც თქვენ გავალდებულებდნენ. გამოგიტყდებით, ზოგმა ისე მოიწყვიტა წელი, მოსავალი არც აუღია. ბევრმა არ იცის და ახლა მე გავამჟღავნებ... სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2007-2008-2009 წლებში (კახეთის მაგალითზე გეტყვით) ყველა რაიონში გამოჩნდა ცინცხალი ტრაქტორები. მიშა დახტოდა ტრაქტორიდან ტრაქტორზე და მას შემდეგ, რაც გული იჯერა, ბრძანა, თითო სოფელს თითო ტრაქტორი გადაეცითო. როგორც ჩანს, ეს თქვენი თხოვნა იყო, რათა ყველა სოფელს ერთი ახალი ტრაქტორი მაინც ჰქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - ფორმალურად კი გადასცეს, მაგრამ მთელი ტექნიკა რაიონებში მოკალათებულმა "ნაციონალმა" ბობოლებმა ჩაიგდეს ხელში და დაიწყეს გაქირავება. ამ ყველაფერს ხალხის თვალში სააკაშვილი საკუთარ თავზე იწერდა. იმ ხანებში ჯუმბერ პატიაშვილს შევხვდი, ქართული სოფლის პრობლემებზე ვისაუბრეთ, წარსული გავაანალიზეთ და ბოლოს მეუბნება - გინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოო? მაშინ ბატონი ჯუმბერი პარლამენტარი გახლდათ, აგრარულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. გამიმხილეთ, აქ სწორედ ამისთვის ვარ-მეთქი. აი, რაიონებში ტრაქტორები რომ შემოვიტანეთ, ბიძინა ივანიშვილმა გვაჩუქა, თან გვთხოვა, ჩემი სახელი არ ახსენოთო. აგერ არის ჯუმბერ პატიაშვილი, აგერ ხართ თქვენ, გამოვიდეს და თქვას, ასე თუ არ იყო. მაშინ თქვენი არსებობის შესახებ მხოლოდ ლეგენდის დონეზე ვიცოდით, ფოტოზეც არ გვყავდით ნანახი და ბუნებრივია, ეს ამბავი მეც ჩვეულებრივად გავატარე, ერთმა ბიზნესმენმა ტრაქტორები იყიდა - მერე რა? ახლა კი ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენ გაცილებით ადრე ზრუნავდით ქართულ სოფელზე, ვიდრე პოლიტიკაში მოხვიდოდით. რაო, როგორ აღიქვეს შემდგომში განვითარებული მოვლენები ჩვენს მოსახლეობაში? კვლავ უმადურობა - ეგაო, იმიტომ სჩადიოდა ამდენ სიკეთეს, რომ წინასწარ ჰქონდა განსაზღვრულ-დაგეგმილი, პრემიერ-მინისტრი რომ უნდა გმხდარიყოო. ესე იგი, თქვენ იმიტომ ეხმარებოდით მთელი 30 წლის განმავლობაში ფარულად საზოგადოებას, რომ 30 წლის თავზე პრემიერის თანამდებობა "დაგერტყათ". არა, კაცო, ჩვენ ხომ ვიცით, საქართველოში 30 წლით ადრე კი არა, 30 დღით, თუნდაც ერთი დღით ადრე ვერაფერს დაგეგმავ... თუ გინდა, დაგეგმე, მაინც არაფერი გამოგივა, მაგრამ ყოვლისმცოდნეებმა ხომ უნდა გამოამჟღავნონ "ექსპერტული" განათლება?

კიდევ ერთს ვიტყვი წარსულზე და ამით მოვრჩები, მერე გადმოვალ აქეთ: დღეს კახეთში ზოგიერთნი ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ მიშა სააკაშვილმა სიღნაღი ააღორძინა, გაალამაზა და ამ ქალაქს ტურისტული ფუნქცია შესძინა. არ დაგიმალავთ, ასეთი ცრუ პროპაგანდამ საპრეზიდენტო არჩევნებში მაგრად იმუშავა. სამწუხაროდ, არც დეპუტატებმა და არც ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა არ იციან, რა მოხდა სინამდვილეში. რომ იცოდნენ, მოსახლეობას გააგებინებდნენ. ესე იგი, შეიძლება პირადადაც იცნობდით მშენებლობის ყოფილ მინისტრს, თემურ ჩარკვიანს. მინისტრი იყო შევარდნაძის დროს, ხოლო შემდეგ სააკაშვილმა შეიყვანა პარლამენტში, რათა კარგად მოეწველა. ეს კაცი ბათუმელი გახლდათ, საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა და სამშენებლო ბიზნესიც ჰქონდა. როდესაც სააკაშვილმა სიღნაღის აღორძინება გადაწყვიტა, დეპუტატი ჩარკვიანი იხმო თავისთან და უთხრა, სიღნაღში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები შენი ხარჯებით ჩაატარე, ამასობაში ბიუჯეტიდან თანხებს გამოვყოფთ და ბოლო კაპიკამდე ჩაგირიცხავთო. ენდო ეს კაცი სააკაშვილს სიტყვაზე, როგორც ვალერი გელაშვილი ენდო საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობის დროს. გელაშვილს რაც დამართეს, როგორ აახიეს თავ-ყბა, იცით, ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. თუ ვალერი მაინც გადარჩა, სიღნაღისა და ჩარკვიანის შემთხვევაში სიტუაცია ტრაგიკულად დასრულდა - ლამის ხელახლა ააშენა ძველი ქალაქი, დააგო ქვაფენილები, გადახურა სახლები, შეღება ფასადები და გადააგდეს, მილიონობით ვალი დაადეს. როცა თემურ ჩარკვიანი მიხვდა, სააკაშვილი და ადეიშვილი გადახდას საერთოდ აღარ აპირებდნენ, ოჯახს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა და თავი მოიკლა, შუბლში ტყვია დაიჭედა. მან ისიც დაწერა, რომ მთელი ცოდვა სააკაშვილ-ადეიშვილის კისერზე იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, სიღნაღი წითელი თუნუქით თქვენი გადახურული ყოფილა და ეს გაგიკეთებიათ სრულიად უანგაროდ. ესე იგი, ააშენა ჩარკვიანმა, გადახურეთ თქვენ, რა შუაშია სააკაშვილი? იმ შუაშია, რომ თქვენ აკეთებდით - გაარემონტეთ 700-მდე სკოლა, თეატრები, რესტავრაცია ჩაუტარეთ 500-ზე მეტ ეკლესია-მონასტერს, კულტურის ძეგლს, აშენებდით ხიდებს, გზებს, სანერგე მეურნეობებს, ხოლო წითელ ლენტებს ჭრიდა მიხეილ სააკაშვილი.

სამწუხაროდ, თქვენ დაუშვით უხეში შეცდომა, როცა თქვენ ქველმოქმედებას ეწეოდით, სხვები კი წითელ ლენტებს ჭრიდნენ და შამპანურებს ხსნიდნენ. როდესაც თქვით, ესენი ლენტებს არასწორად ჭრიან, ამას მე თვითონ გავაკეთებო... აი, სწორედ მაშინ შემოგიბრუნდნენ და აყაყანდნენ, ამას თურმე პრემიერობა სდომებია, ამას თურმე პოლიტიკაშიც პირველკაცობა უნდოდაო. ისე, კაცმა რომ თქვას, რატომაც არ უნდა გინდოდეთ, ჭკუა გაკლიათ, გონება თუ ფული? თუმცა თქვენი ქველმოქმედება ამათ, ამ არამზადებმა, რომელთა ხელიდან გამოსული საქმე არავის უნახავს, ერთი ხეც რომ არსად დაურგავთ, ერთი ადამიანიც რომ არ გადაურჩენიათ, ყველაფერი სხვანაირად მოთარგმნეს - ესაო, ბიძინა ივანიშვილი სიკეთეს ანგარებით აკეთებდა, ფაქტობრივად ძალაუფლება იყიდაო. ოდა, იმას ვამბობდი... ერთი რომ ამდენს აკეთებს და მეორე იბრალებს, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი მკრეხელობა და ძალიან დიდი ცოდვა. მეტიც, დუნდუკი სააკაშვილი იმ დონემდე გამკრეხელ-გათავხედდა, ლამის სამების აშენებასაც კი თვითონ მიიწერს. აღარაფერს ვამბობ, სხვა საქმეებზე. სამწუხაროდ, ბევრმა ესეც დაიჯერა.

ბატონო ბიძინა, როგორც ჩანს, ადამიანური სისუსტეა, ან ქართველთა ჩვევაა, როცა ერთხელ მისცემთ, დაეხმარებით, ორჯერ მისცემთ, ფეხზე დააყენებთ და გაუშვებთ, ანუ აღარ მისცემთ, ასეთი ადამიანი თქვენი მტერია. თუ არ ვცდები, ერთმა რომაელმა იმპერატორმა წამოიძახა, როცა ერთ-ერთმა სენატორმა გაუჩმახა, შენ რაღა გინდა, შენთვის ხომ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებიაო? დაახლოებით მსგავსი რამ ქართულადაც არის ნათქვამი - ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო. ბოლო-ბოლო, მორიელისა და კუს ამბავი გავიხსენოთ:

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.

მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!

შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?

მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.

კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.

ბატონო ბიძინა... ამ წერილის დამთავრებას ვაპირებდი, როცა თქვენ ხიბულაში ჩახვედით (მკითხველებს შევახსენებ - ეს არის სოფელი ხობის რაიონში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა) და იქაურებს დაპირდით გზის გაკეთებას, გაზის გაყვანას, პარკის მოწყობას და იმ საბედისწერო სახლის აღდგენას. თქვენ იქაურებს ასევე უთხარით: ჩათვალეთ, რომ ამ ყველაფერს ზვიადი გიკეთებთო. ვიმეორებ, თქვენ თქვით, ჩათვალეთ, რომ ამ სოფელს ზვიადი აგიყვავებთო... მაგრამ რა თქვა იგივე ზვიადის შვილმა - კოკო გამსახურდიამ? მართალია, ეს პოპულისტური ნაბიჯია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. არავითარი მადლობა, არავითარი თავმდაბლობა... ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ისევ ივანიშვილს სჭირდებაო. მეტსაც გეტყვით, იგივე ზვიადის მეორე ვაჟი - ცოტნე დღესა და ღამეს თქვენს შეურაცხყოფაში ატარებს. მე არ მიკვირს, როცა გენიალურ ადამიანებს ხშირად დებილი შვილები გამოსდით, მაგრამ ასეთი? ასეთი უზნეოები? არ ვიცი, ღმერთმანი!

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მაინც არიან ადამიანები, რომლებიც თითოეულ ნაბიჯს დაგიფასებენ. ბოლო-ბოლო, უფალი ყველაფერს ხედავს.

პატივისცემით, გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"