მშვიდობით, პრეზიდენტო

მშვიდობით, პრეზიდენტო

გასრულდა ასე თქვენი ვადა, პრეზიდენტო... გასრულდა და დღემდე ვერ გამიგია, რატომ დაკარგეთ 6 წელიწადი, ამ ხნის განმავლობაში 6 ტონა კარტოფილს მაინც ხომ მოიყვანდით?

მინდა, ძალიან მინდა, 6 საკითხი მაინც გავიხსენო, რომელიც თქვენ წარმატებით გადაწყვიტეთ და ქვეყნისთვის სასიკეთო იყო. ვერ ვიხსენებ... თუმცა, აი, გამახსენდა - ყველაზე მაგარი ის იყო, მაღალი ტრიბუნიდან რომ თქვით, მე მრავალფეროვანი სექსი მაქვსო. მართალია, აღარ დაგიკონკრეტებიათ, მრავალფეროვნებაში რას გულისხმობდით, მაგრამ მთელმა ქვეყანამ მაინც წარმოიდგინა, როგორ გადადიხართ ღამ-ღამობით მალაყზე. გამოდის, თქვენი სახელმძღვანელო "კამასუტრაა" და არა კონსტიტუცია. მოკლედ, მაგარი იყო-მეთქი, უკვე გითხარით და მეორედაც გიდასტურებთ!

აი, ისიც მახსოვს, ვეტოს რომ ხმარობდით შოლტივით. არა, იმას ვეღარ ვიხსენებ, მაგ ვეტოს რა საკითხებზე ადებდით, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ხომ ადებდით? ოხერია ჩვენი საზოგადოება, ხან "ვეტოევიჩი" შეგარქვეს, ხან - "პლასტილინა". უი, უი, უი... ეგეც ძაან მაგარი იყო, რომ თქვით, პლასტილინი ვიქნებიო და როგორც კი პრეზიდენტი გახდით, გადაგვაგდეთ - ვერაო, ვეღარ ვიქნებიო, ვეღარც იმ პომპეზური სასახლიდან გამოვალ, აქ დიდი კაცები უნდა მივიღოო. ლუკაშენკო რომ მიიღეთ და ჩიკ-ჩიკა ტრაქტორი გაჩუქათ, მახსოვს, თითქოს გუშინწინ იყო. ძაან მაგარი სანახაობა გამოვიდა, ეზოში რომ გამოაქროლეთ წითელი ტრაქტორი და რაშივით გააქროლეთ. მაგის ნახვას არაფერი სჯობდა.

ჰოოოოდაააა... ისიც გამახსენდა, უამრავი "ნარკუშა" და მკვლელი რომ შეიწყალეთ. ნუ, ეხლა, ამას გპატიობთ, შემოგიტანეს სია და მოაწერეთ ხელი, დამნაშავეების ბიოგრაფიების შესწავლას ხომ არ დაიწყებდით? თან ზოგი შვილის მეგობარი იყო, ზოგი - მეზობლის ნათესავი, ზოგი კიდევ სიდედრის მამიდაშვილი, უარს ხომ არ ეტყოდით? ეგეთია ქართული სინამდვილე, ყველა ყველას იცნობს და ყველას რაღაცა უნდა. ახლა რომ პრეზიდენტი აღარ იქნებით, ხომ უნდა მიგესვლებოდეთ ნათესავ-მეგობრებში?

საქართველოს უამრავი მმართველი ჰყოლია, ზოგი აღმაშენებელი იყო, ზოგიც დაღმაშენებელი, ზოგი ჭკვიანი, ზოგიც სულელი... თქვენ კი ისტორია გიორგი ვეტომდებლად მოგიხსენიებთ, ასევე გიორგი შემწყალებლად. ხშირად ისტორია წვრილმანებს ივიწყებს, შეიძლება არც არავის გაახსენდეს, მკვლელებს რომ იწყალებდით და უბრალოდ ადამიანთა შემწყალებლად მოინათლოთ.

მეტი რა გითხრათ, რით გაგახაროთ? მშვიდობით, მაინც კარგად მოიქეცით, რომ "მავნებს" არ დაუჯერეთ და მეორედ აღარ მოინდომეთ პრეზიდენტობა, დამარცხებული არ წახვედით პოლიტიკური სარბიელიდან. ნამდვილად ასე სჯობდა, ჩემმა მზემან.

გელა ზედელაშვილი