პაატა ბურჭულაძემ ვლადიმერ პუტინს უმღერა (ვიდეო)

პაატა ბურჭულაძემ, რომელიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე და მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერია, 15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილ კონცერტზე იმღერა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა.

მთავარი პროკურატურა ბურჭულაძის საქმელმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საქმეს იძიებს.

საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2015 წლის ნოემბერში დააფუძნა ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“, რომლის დეკლარირებული მიზანი იყო „ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია“. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა ჯერ პარტია, შემდეგ კი საქართველო დატოვა. 9 სექტემბერს ის რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

დღეს ბურჭულაძის მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ნიკა მაჭუტაძე ხელმძღვანელობს. ბურჭულაძე საქართველოში პერიოდულად ჩამოდის და ნაციონალების მხარდაჭერილი კამპანიების მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური პარტნიორები პოზიციონირებენ როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის შეურიგებელი მტრები და თავიანთ პოლიტიკურ კამპანიებს ოპონენტების რუსეთთან კავშირებში მხილებას უძღვნიან, იმის მიუხედავად ასეთი კავშირები მართლაც არსებობს თუ არა.

 

 "იმედი"