პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის პროექტის, „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ მმართველი კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმის დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია გახლდათ. ამ მიზნით, პროექტის მხარდაჭერით უკვე დაწყებულია მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან რეფორმაზე; მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პენიტენციურ სისტემაში რესოციალიზაციის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვაა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, პირველი ხელშესახები შედეგი პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში დადგა მიმდინარე წლის 22 თებერვალს, როდესაც დამტკიცდა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანი პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში ისეთი რეფორმის გატარებაა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისაკენ.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებები სრულად არის ასახული 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, ხოლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობათა/ღონისძიებათა დიდი ნაწილი პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით ხორციელდება.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იდგმება ნაბიჯები, როგორიცაა მაგალითად, პირობით ვადამდე გათავისუფლების (პვგ) მოქმედი მოდელის გადახედვა და დახვეწა; უწყებთაშორისი საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმის შემუშავება და გამართვა; გათავისუფლებისათვის მომზადება; კრიზისული სიტუაციების მართვის კონცეფციის შემუშავება; წახალისებაზე დაფუძნებული მიდგომა და ბრალდებულ/მსჯავრდებულთა შორის ძალადობის აღმოფხვრა და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ EU პროექტის არაერთი ექსპერტის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა რისკებისა დ ასაჭიროებების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების დახვეწაზე. პროექტი აქტიურად მუშაობს პენიტენციური, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემის მოსამსახურეთა გადამზადებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე. პროექტის დახმარებით შემუშავდა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამუშაო გუნდის- იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში; ასევე, მოწვეული სტუმრები.