ქაჯები პირდაპირ ეთერში

ქაჯები პირდაპირ ეთერში

ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია. არ ვიცი, ეს ვინმე მაქარაშვილი რა ყაიდის ჟურნალისტია (პირველად გავიგე), სად მოღვაწეობს ან რას აკეთებს, მაგრამ ერთი რიგითი ქაჯი რომ გახლავთ, ამას თვითონაც ხედავთ. პრინციპში, აქამდე წარმოდგენა არავის ჰქონდა ამ ადამიანზე, გააჩხაკუნა "ზაჟიგალკა" პირდაპირ ეთერში, დაარტყა ერთი "ნაფაზი" და გახდა უცებ პოპულარული. სამწუხაროდ, დღევანდელ დეგრადირებულ საქართველოში ბევრი რამ გადაფასდა და ბევრ რამეს გადაეფსა (აქ ღირებულებებსა და ფასეულობებზე აღარ არის საუბარი), ყოველდღიური ცხოვრება დაემსგავსა ერთ დიდ ნაგავსაყრელს, საიდანაც ყველაზე ცუდ ნაგავს ე.წ. ქართული ტელევიზიები ითვისებენ, ანუ თავიანთებურად ამუშავებენ და ქმნიან ე.წ. რეიტინგს. ვინაიდან, ჩვენში სეირის მოყვარული ბევრია, ნაგავის გადამამუშავებელ ორგანიზაციებს მაყურებელი არ აკლიათ. არა, მე მესმის ჟურნალისტიკის ძირითადი საფუძველი სკანდალია, საინტერესო და ჯერაც გაუხმაურებელი ამბებია, ექსკლუზივია, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იაფფასიან დეგენერატობასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ელემენტარული ჭეშმარიტებაა, როდესაც ძაღლი კბენს ადამიანს, ეს მედიისთვის ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ადამიანი კბენს ძაღლს - ეს უკვე სკანდალია. თუმცა, ვიმეორებ, სტუდიაში ვიღაც ქაჯი რომ მარიხუანას გააბოლებს, ეს არც ჩვეულებრივი ამბავია და არც სკანდალი!

კარგი, შენ ბოლდები, შე საცოდავო არსებავ, გონებას იბინდავ და სიცოცხლეს იმოკლებ, მე რას მჩრი ცხვირში ამ ნაგავს, რას პოზიორობ, რა თავს იწონებ, რას "მარიაჟობ"? მიგიწვიეს ე.წ. სტუდიაში... უფრო სწორად, მიგათრიეს, დაგდეს სკამზე, ჭკუა გკითხეს და რა? მე ქაჯებისა არ მიკვირს, უბრალოდ ამ ტელევიზიის მეპატრონეების (ნატო ჩხეიძე, ზაზა ოქუაშვილი) პოზიციები მაოცებს, კარი რომ აქვთ ფართოდ გაღებული და ყოველდღიურად ამდენ "ბალასტს" აჩვენებენ. სულო ცოდვილო, ხან ვფიქრობ, იქნებ აწყობთ კიდეც ამ ადამიანებს მარიხუანას (მოსაწევის) სრული ლეგალიზება, რათა "პაპიროზის" ბიზნესი უფრო გააფართოვონ და მომავალში ასორტი შემოგვთავაზონ? რა ვიცი, რა ვიცი, რატომაც არა? მე ასეთ მონდომებას და ფარულ რეკლამას სხვანაირად ვერ ვხსნი. წამყვანმა ხუზმიაშვილმა, როცა ვინმე მაქარაშვილმა მარიხუანა გააბოლა, გადაცემა სასწრაფოდ დაამთავრა, მაგრამ მანამდე ხელში რომ ეჭირა და წვერწამახვილებულ "პაპიროზს" თითებით ეფერებოდა, მაშინ რატომ არ მისცა შენიშვნა, მოაშორე აქედანო?! არა, მხოლოდ "ზაჟიგალკის" გაჩხაკუნებაზე შეშფოთდა, შეეშინდა, ემანდ ჩვენ არ აგვაკრან ადმინისტრაციული ჯარიმაო. ამათ ვირეშმაკობას აღარ აქვს საზღვარი, არააა!

თქვენი არ ვიცი და... მე უკვე მომბეზრდა ამდენი ნაგავის ყურება, ხან ვიტყვი ხოლმე, მოგტ...ვნიათ პატრონი, მოწიეთ, გაიკეთეთ, ამოწყდით, იქნებ ცოტა, მაგრამ ხარისხიანი ხალხი მაინც დარჩეს-მეთქი საქართველოში? ეს ცხელ გულზე, თორემ კარგად ვიცი, თავს რომ ვიტყუებ, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ყოველივე, ჩვენ, ვისაც მოწევა-გაკეთების ნიჭი არ აღმოგვაჩნდა, ამათი ცოდვით დავიწვებით და შედეგი ბოლოს მაინც ერთი იქნება - სრული განადგურება. მერე მეტყვიან, არაბები, ირანელები, ჩინელები, ნიგერიელები, ინდოელები და მსგავსნი რატომ მოდიან, ქართულ მიწაზე რატომ სახლდებიანო? აბა ქართული მიწა? თუ ქართველი აღარ იარსებებს, არც მიწა იქნება ქართული, ვინც დაეპატრონება, ის სხვა სახელს დაარქმევს. დიახ, ასე იქნება!

მიდით, მიდით, ქაჯებო, აბოლეთ პირდაპირ ეთერში, რა გენაღვლებათ, აფხაზეთი გაქვთ დასაბრუნებელი თუ სამაჩაბლო? ვაი, თქვენს პატრონს!!!

გელა ზედელაშვილი