ჟურნალისტი ზაზა დავითაია მამის გადარჩენისთვის ჩაფიძის გულის ცენტრს მადლობას უხდის

ჟურნალისტი ზაზა დავითაია მამის გადარჩენისთვის ჩაფიძის გულის ცენტრს მადლობას უხდის

„პროფესიონალები!

მამაჩემი ორჯერ დაიბადა. პირველად მაშინ, როცა ამ ქვეყანას მოევლინა, მეორედ კი, სულ რაღაც 1 კვირის წინ, 28 იანვარს, როცა ჩაფიძის გულის ცენტრის დიდოსტატმა კარდიოქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა გულის ურთულესი ოპერაცია გაუკეთა...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

„ეს პოსტი მხოლოდ სამადლობელი არ გახლავთ, არამედ, საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ საქართველოში არსებობს ევროპული სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, სადაც თქვენ ფულს არ გამოგძალავენ, არამედ, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი დაგხვდებათ და გულწრფელი კეთილგანწყობით გადარჩენის იმედს ჩაგისახავენ, შემდეგ კი, ამ იმედის რეალიზებასაც სასწაულებრივად მოახერხებენ...

 მამა-შვილ ავთო და რეზო ჯორბენაძეების წინაშე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანური სიყვარულის ვალში ვარ. მამაჩემის გადარჩენას სწორედ მათ უზარმაზარ ღვაწლს ვუმადლი და ღმერთს ვთხოვ, სიყვარულის ვალის გადახდა ოდესმე შემაძლებინოს!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 იანვარს მამაჩემის გული გაჩერდა. მისი ხელახლა აძგერება სასწრაფო დახმარების ექიმებმა - გიორგი დავითაშვილმა და ნანა ცომაიამ ელექტროშოკით და ხელოვნური სუნთქვის დროულად გამოყენებით მოახერხეს, შემდეგ, „ევექსის“ კლინიკაში ექიმმა ვაკო ამისულაშვილმა სტენტი ოსტატურად ჩაუდგა, ექიმი თამარ ჩოჩია თავს ევლებოდა პაციენტს... მაგრამ გულში ყველა სხვა სისხლძარღვი 90-95 %-ით დახშული აღმოჩნდა, რის გამოც შუნტირების ურთულესი ოპერაციის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით...

ექიმები იუწყებოდნენ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო ინფარქტის გამეორება და ტრაგიკული შედეგი. მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახს არ გვქონდა საშუალება, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების პარალელურად ოპერაციის სრული ღირებულება დაგვეფარა. მამა „ევექსის“ კლინიკიდან მეტ-ნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში, თუმცა საზარელი დიაგნოზით გაეწერა. იქაურ პერსონალს ჩემი გულწრფელი მადლობა - გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის!

დროებით გადარჩა. მაგრამ, ვითარება იყო ასეთი: ან ყოველდღიურად უნდა გვეცხოვრა ინფარქტის გამეორების მოლოდინში, თანაც, რადგან გულის სისხლით მომარაგება მხოლოდ ერთ, ისიც - სტენტჩაყენებულ სისხლძარღვზე იყო დამოკიდებული - გადარჩენის შანსი თითქმის არ გვექნებოდა; ან, დაუყოვნებლივ მოგვეძიებინა მატერიალური რესურსი და სიცოცხლის რისკით შუნტირების ოპერაციას დავთანხმებოდით...

ჩემს ძველ რესპონდენტებს, ჩაფიძის გულის ცენტრის ხელმძღვანელებს, მამა-შვილ ავთო და რეზო ჯორბენაძეებს ვეახელი და მამის გადარჩენა შევთხოვე... სწორედ ამ ორ ადამიანს ვუმადლი, რომ მამაჩემი დღეს არა მხოლოდ ცოცხალია, მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდეც უმჯობესდება!

დიახ, ამ კლინიკაში სასწაულები ხდება. მარტო მამაჩემი კი არა, ჩაფიძის გულის ცენტრში დიდოსტატი კარდიოქირურგის, ზვიად ბახუტაშვილის წყალობით, კვირაში მინიმუმ, 4-5 ადამიანი თავიდან იბადება! ჩაფიძის გულის ცენტრი გახლავთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, სადაც გულზე ურთულესი ოპერაციები ტარდება და იქაურობას პაციენტები არცთუ იშვიათად - სრულიად გამოჯანმრთელებულები ტოვებენ. ამ კლინიკაში პაციენტებს მარტო იმედს და სიხარულს კი არა, თვით სიცოცხლეს ჩუქნიან, რაც ჩემი ოჯახის წევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა. სიცოცხლე ხომ, ყველა საჩუქარზე ძვირფასი საჩუქარია, რომელიც ოდესმე ვინმესთვის უჩუქებიათ!

ზვიად ბახუტაშვილს მე მამაჩემის სიცოცხლე მივანდე. 4 საათის განმავლობაში, ვიდრე საავადმყოფოს ეზოში ვლოცულობდი, ამ სასწაულმოქმედ დასტაქარს პირდაპირი მნიშვნელობით, მამაჩემის გული ხელში ეკავა. ჭრიდა, აერთებდა, აკერებდა გულის სისხლძარღვებს და ბოლოს, დიდოსტატმა მამის სიცოცხლის გადარჩენა მაუწყა!

დასტაქარის ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დაძაბულია. მას 5 ათასზე მეტი ურთულესი ხასიათის გულის ოპერაცია აქვს ჩატარებული, რომელთაგან დიდი უმრავლესობა აბსოლუტური წარმატებით დასრულდა. იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, თავად ზოგჯერ 12 საათის განმავლობაში უწევს საოპერაციო მაგიდასთან შეუსვენებლად დგომა. პროფესიონალიზმთან ერთად, ასეთი ფიზიკური დატვირთვა დიდ ამტანობას მოითხოვს. გამოცდილების ზღვა დაუგროვდა, რაც კარდიოქირურგისთვის გადამწყვეტია.

ამიერიდან, მამაჩემს დაბადების 2 თარიღი ექნება. პირველი - როცა ის ამ ქვეყანას მოევლინა და მეორე - როცა მადლიანი ადამიანების დახმარებით, მისი გული თავიდან აძგერდა!

ბატონო ავთო, ბატონო რეზო, ბატონო ზვიად!

უფალმა თქვენი გულები მრავალი ათეული წლის განმავლობაში სიხარულით აძგეროს, იმ დიდი მადლისთვის, რასაც ყოველდღიურად სჩადიხართ!“ - წერს დავითაია.