რატომ დაურეკა პუტინმა ივანიშვილს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე?

რატომ დაურეკა პუტინმა ივანიშვილს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე?

საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო ჩემპიონატი იყიდა და იმ დონეზეც კი იჩალიჩა, შეიძლება რუსეთი ჩემპიონიც კი გახდესო. როგორც ჩვენთვის კულუარულად ხდება ცნობილი, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ინკოგნიტო, მაგრამ სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის არსი მდგომარეობს შემდეგში:

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები დაიწყებოდა, პირველი, ვისაც პუტინმა დაურეკა, ეს გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. გრიგორიჩ, ვიცი, ჩვენზე გაბრაზებული ხართ და ამიტომაც მეშინია, გთხოვ, თქვენი საფეხბურთო ნაკრები არ გამოუშვა ამ ჩემპიონატზე, წელს ჩვენ უნდა გავხდეთ ჩემპიონები, ხელს ნუ შეგვიშლით, 2022 წელს კი ჩაგიწყობთ, რომ მუნდიალზე მოხვდეთ კი არა, სადღაც მეოთხედფინალამდე მიაღწიოთო. ივანიშვილს უთქვამს, არ არი პრობლემა, ყველა თამაშს წავაგებთ, უნებლიედ მაინც რომ არ გავიპაროთ ამ ჩემპიონატზეო. 

ამის შემდეგ პუტინმა ზარი განახორციელა სილვიო ბერლუსკონისთან, იტალიაში, იგივე თხოვნით. ნუ, ეხლა ქვეყნის მეთაური კი აღარ ხარ, მაგრამ საფეხბურთო წრეებში გავლენა გაქვს და ეცადე, თქვენი არაპროგნოზირებადი ნაკრები რუსეთში არ ჩამოვიდეს, დანარჩენი ჩემზე იყოსო. ბერლუსკონის პასუხი: პრობლემა არ არი, "ბრატ", ათეული წლებია, არ დაგვისვენია, მცირეოდენი პაუზა მოგვიხდება კიდევაცო. ოღონდ, ჯან ლუიჯი ბუფონს არ ვეტყვით, თორემ შეიძლება დაჯდეს, იტიროს და მერე თავიც მოიკლასო.

პუტინმა დაიბევა თუ არა ბერლუსკონი, ეგრევე ეცა ტელეფონს და გადარეკა ჰოლანდიაში. მიშა სააკაშვილის ჯინაზე იქაც ჩააწყო საქმე და როგორც ვნახეთ, არც ჰოლანდიელები ჩავიდნენ რუსეთში. ბერძნებთან და თურქებთან ადრევე ჰქონდა საქმე ჩაწყობილი და უბრალოდ გადაამოწმა, ორივე სახელმწიფოდან "დაბრო" მიიღო.

ნუ, ეხლა, მთლად რომ არ გაშიფრულიყო ვლადიმერ პუტინი, დანარჩენ ქვეყნებთან ჩემპიონატის დაწყების შემდეგ "მოაყომარა": არგენტინის ნაკრები ვადაზე ადრე გაუშვა სახლში, გერმანელები ისედაც დაკომპლექსებულები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ, ხოლო ესპანელებმა ზრდილობის გულისთვის გაიფხაკუნეს, მაინც ავტორიტეტი გვაქვს და ეგრე სამარცხვინოდ ვერ დაგნებდებითო. ეგვიპტელები წავიდნენ, არაბებმა რუსებს არაჩვეულებრივი სტარტი ააღებინეს. ახლა რიგში დგანან ბრაზილიელები, ფრანგები, ხორვატები და კიდევ ვიღაცები. დაველოდოთ, პუტინი მართლა ჩემპიონობას უმიზნებს, თუ არ იქნა რომელიმე ქვეყნის მხრიდან ღალატი. იცით, ვისი ხილვა სურთ ფინალში რუსებს? ინგლისელების, თუ არ "გაშპნენ" ეგენიც ვადაზე ადრე, რათა ანგარიში გაუსწორონ გამოძევებული დიპლომატების გამო. ჩვენ პირობა შევასრულეთ, დანარჩენზე თვითონ იფიქრონ, ერთი მაგათი დედაც ვატირეთ!

მასალა მომზადებულია ქართველ ანალიტიკოსების ნააზრევსა და სანდო წყაროებზე დაყრდნობით.

გელა ზედელაშვილი