გელა ზედელაშვილი: გუბაზ, რატომ კადრულობ იმას, რაც არ გეკადრება?!

გელა ზედელაშვილი: გუბაზ, რატომ კადრულობ იმას, რაც არ გეკადრება?!

გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა და უსამართლობაზე ცოფდებოდა. რაღაცნაირი ტიპია - საინტერესო, კოლორიტული, მცოდნე... როცა ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდა, გამიხარდა, ვიფიქრე, გვეშველა, ამ ქვეყანას კიდევ ერთი პრინციპული პატრონი გამოუჩნდა-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე ორი "ჩეპე" მოუვიდა, მაინც არ შემცვლია მის მიმართ შთაბეჭდილება (შეცდომა ვის არ მოსვლია?). ჯერ იყო და დააბრეხვა, მილიონი უნდა ვიშოვოო, მერე ვიღაცას ელაპარაკა ტელეფონზე, ალბინოსები სისხლის აღრევის შედეგად ჩნდებიანო (აქ ივანიშვილს გაჰკრა კბილი, ალბინოსი შვილი ჰყავსო).

კაი, ბატონო, რაც იყო, იყო... იჯდა გუბაზი პარლამენტში... იჯდა და ჟურნალისტებს სათოფეზეც არ გვეკარებოდა, ინტერვიუებისთვის არ მცალია, ამდენი საქმე მაქვს საკეთებელიო. საქმეს რა გამოლევს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა, მაინც და მაინც ვერ გაიბრწყინა. ეს ჩემი აზრია, ვიცი, თვითონ არ დამეთანხმება. ამასაც დავანებოთ თავი... ჩამთავრდა მისი საპარლამენტო მოღვაწეობა, გავიდა ერთი წელი, დაიწყო მეორე, წავიდა ნინო ბურჯანაძესთან, თავიდან ცოტა თავს იკავებდა, 2018 წლიდან კი აუშვა აფრები - ხან აქუსთან დაიწყო ივანიშვილის გინება, ხან სხვა ტელევიზიებიდან, მერე "ოცნებასაც" მისდგა, ესაო, ისაო, არაფერი არ იციანო, დილეტანტები არიანო, კისერს წაიტეხენო... იმაზე დუმს, მე რომ ვიყავი იმათთან, რა გავაკეთეო? თუ ეგეთი დუპლეტები არიან, იქ რა მინდოდაო? თუმცა ერთ-ერთი გამოსვლის დროს რომელიღაც "ნაცი" დაიმოწმა, ამან იცის, მე რომ პარლამენტში დიდი საქმეები მაქვს ნაკეთებიო. არადა, ცოცხალი თავით არ ლაპარაკობს ამ დიდ საქმეებზე!

მოკლედ, სანამ გუბაზი პარლამენტში შევიდოდა ბიძინას ეგიდით, ვიღაცას ურეკავდა ტელეფონით თუ "სკაიპით" და უმტკიცებდა, მე იქ იმიტომ მივდივარ, ერთი მილიონი მაინც უნდა ვიშოვოო. ვერ იშოვა, ეგეთ საქმეებს ახლოს არ გააკარეს. დიახ, ვერ იშოვა და როცა პარლამენტარობის ვადა ჩაუმთავრდა, როცა ხელახლა აღარ შეაუბრუნეს, გაბოროტდა. პრინციპში, ლოგიკურიცაა, ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო "სასტავში" რომ ხარ და მილიონს ვერ იშოვი, ეგ რა კაცობა და სინდის-ნამუსია?!

ჯანდაბას, ამ ყველაფერზე არაფერს ვიტყოდი, რომ არა ქარაქუცა ნიკა გვარამიას და ეკატერინე კვესიტაძის გადაცემა, სადაც ჩემმა მეგობარმა გუბაზმა ბოლომდე წაიწყმიდა სული - მისდგა ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერი აკადრა, რის კადრებაც კი შეიძლებოდა: პოლიტიკის აზრზე არ არისო, მეორედ რომ შემობრუნდა, ცუდად დაამთავრებსო, მარცხენა ფეხით შემოვიდაო... გვარამიამ შეუგდო, მარცხენა ფეხით შემოვიდა და უფეხოდ გავაო... ამანაც დაუდასტურა, მაშ, მაშ, ეგრე იქნებაო. მოკლედ, გაახარა გუბაზმა კვესო და გვარამა, სულ თვალები უბრწყინავდათ. ამან, ამ სანიკიძემ რჩევაც მისცა "ნაციონალებს", ახლა ის დროა, მტრებიც კი შევიკრათო, ბიძინა უნდა დავამთავროთო. გაიგონეთ? მტრებიც კი უნდა გავურიგდეთ ერთმანეთსო, თუ საჭირო იქნება, მიშასთანაც უნდა დავსხდეთო!

არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა გუბაზს ამის შემდეგ? წყენაც გამიგია, გაბრაზებაც, ღალატიც, გუნდიდან წამოსვლაც, ოპოზიციაში წასვლაც, მაგრამ გაურიგდე იმას, ვისაც წლების განმავლობაში ებრძოდი, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. გამოდის, არავისაც არ ებრძოდი და "ოცნებაშიც" შეგზავნილი იყავი. არ ვიცი, ნამდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ასე გამოდის!

გუბაზ, რატომ კადრულობ იმას, რაც არ გეკადრება?!