დონალდ ტრამპი: რუსეთთან მეგობრობა, ეს კარგი რამ არის

დონალდ ტრამპი: რუსეთთან მეგობრობა, ეს კარგი რამ არის

“ჩვენ ვართ ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ბირთვული პოტენციალის 90% -ს ფლობენ და ეს არც ისე კარგი რამ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები, რაც ვერ შევძელით ბოლო ორი წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინთან ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სავაჭრო საკითხებსაც შეეხებიან.
ტრამპის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს: “რუსეთთან მეგობრობა, ეს კარგი რამ არის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც დაგეგმილი იყო, მისალმების შემდეგ, ტრამპმა და პუტინმა მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ თარჯიმნების თანხლებით განაგრძეს. მედიის კითხვები მათ უპასუხოდ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრას წინ უძღვოდა ტრამპის განცხადება ტვიტერზე. მან დაწერა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ამაზე ცუდი არასდროს ყოფილა, რაშიც აშშ-ის პოლიტიკოსები დაადანაშაულა.
“ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის სისულელის და სიბრიყვის წყალობით არასდროს ყოფილა ამაზე უარესი. მათ პასუხი მოეთხოვებათ”, – დაწერა ტრამპმა.
აშშ-ის პერზიდენტის სტატუსს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ამ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა: “ჩვენ ვეთანხმებით”.
BBC იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ტვიტით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მასში რუსეთის მხრიდან სავარაუდო ჩარევაზე გამოძიება დაგმო.
რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას და იმას, თუ რა განიხილება სამიტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა გააკეთა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული დღის წესრიგი არ ექნებათ. თუმცა, მისივე თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ პუტინმა არაფერი იცის 2016 წლის არჩევნებში ჰაკერული ჩარევის შესახებ, შესაბამისად, ბოლტონის განცხადებით, პრეზიდენტები ამ საკითხს, დიდი ალბათობით, განიხილავენ.

წყარო: "კვირა"