საბედისწერო ინერცია

საბედისწერო ინერცია

სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა 
შევარდნაძის ხელისუფლებამ შვა ასევე სახელმწიფო 
გადატრიალების გზით მოსული სააკაშვილის ხელისუფლება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ორი უმძაფრესი ტური დამთავრდა - საბოლოო შედეგები დაიდო, პრეზიდენტიც ავირჩიეთ და ცხოვრებაც მშვიდ და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა, თუმცა ეს არჩევნები იმდენად საინტერესო, იმდენად მძაფრი და მოულოდნელი დეტალებით იყო სავსე, მეგონა, არჩევნების შემდეგ აუცილებლად გაკეთდებოდა ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი იმისა, რა ხდებოდა ამ არჩევნებში და რასთან გვქონდა საქმე.
სხვა ნიუანსებს რომ თავი დავანებოთ, ცალსახად შეიძლება ითქვას - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები "ქართული ოცნების" მთავარმა კონკურენტმა .. "გაერთიანებულმა ოპოზიციამ", ანუ იგივე "ნაცმოძრაობამ", ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ზღვარზე ჩაატარა.
უცნაურ რაღაცას ვამბობ, არა? თუ არჩევნები იყო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რა ფორმით შეიძლება საარჩევნო პროცესს მისადაგებოდა და პარალელურ რეჟიმში ეარსება, როგორც ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს?
ერთი შეხედვით მართლაცდა ალოგიკურია ეს მოსაზრება, თუმცა თუ თვალს გავადევნებთ I და II ტურის ამსახველ დოკუმენტურ მასალებს - ტელესიუჟეტებს, ტელეგადაცემებს, ტელეშოუებს, საგაზეთო პუბლიკაციებს, "ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე გამომსვლელთა მოწოდებებს, ადვილად დარწმუნდებით, რომ ჩემს მიერ გამოთქმულ ამ უცნაურ და ალოგიკურ მოსაზრებაში, სინამდვილეში, არაფერია უცნაური და ალოგიკური.
"რუსთავი 2"-ში, "ნაცმოძრაობის" მთავარ იდეოლოგიურ შტაბში, რამდენიმე წელიწადია, ფაქტობრივად, ღიად და სახალხოდ მიდის სახელმწიფო გადატრიალების გეგმის სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, რომელშიც სისტემატურად ერთვება საზღვარგარეთიდან ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის და, წესით და რიგით, არჩევნებთან არც არაფერი ესაქმება, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, კონკრეტული დავალებები და ინსტრუქციები მისცეს თავის მხარდამჭერებს და იქვე დააყოლოს, რომ ის სულ მალე გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს და მის ერთგულ ლაშქარს წინ წაუძღვება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დაამარცხოს.
სააკაშვილი არ აზუსტებს, როგორ აპირებს იგი საქართველოს საზღვრების გადმოკვეთას - შეიარაღებული რაზმების დახმარებით, არალეგალური გზით, კონსპირაციულად თუ უკრაინაში აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს და მესაზღვრეთა კორდონს მხარდამჭერების დახმარებით გაარღვევს, თუმცა, ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ ჯდება არჩევნების საყოველთაოდ დადგენილ სტანდარტებში - ეს ძალისმიერი მეთოდებით, ძალადობრივი გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ანუ სახელმწიფო გადატრიალებაა.
სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის ეკრანიდან ღიად მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოაცხადონ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, შექმნან კომიტეტები, დაიკავონ და ბლოკადაში მოაქციონ სახელმწიფო დაწესებულებები და ..
ყველაფრის გვირგვინი კი მაინც პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ის "ისტორიული" ფრაზა იყო, რომელიც ასე ჟღერდა: ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლება!
ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობა - ეს რაღაც ახალია, რომელიც მხოლოდ ვაშაძის რაციონალიზატორულ თავში შეიძლებოდა დაბადებულიყო.

***
არჩევნები დამთავრდა, მაგრამ არც არჩევნების პროცესში, არც არჩევნების შემდეგ, როგორც ვთქვით, არავის უფიქრია კვალიფიციური, ობიექტური ანალიზი გაეკეთებინა 2018 წლის არჩევნებში მომხდარი ამბებისთვის და სათანადო პოლიტიკური თუ სამართლებრივი დასკვნები დაედო.
ამის გაკეთება საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანა მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, სახელმწიფო გადატრიალების მუდმივი შიშისა და მუქარის ქვეშ ცხოვრობდეს, ხოლო იმ ძალებს, რომლებიც ამას აკეთებენ, პასუხს არავინ არ სთხოვდეს.
ყველა უბედურება, რაც დღეს საქართველოს სჭირს, გასული საუკუნის 90-იანი წლების იმ ტრაგიკული წამიდან მოდის, როცა რუსთაველზე ტყვია გავარდა - იმ წამიდან მოდის ქვეყნის ეკონომიკის მოშლა, მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება, მევახშეებად ქცეული ბანკების თავგასულობა, კლანების თარეში, აგრესია, უნდობლობა, სიძულვილი ადამიანებს შორის, ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი გადინება და, რაც მთავარია, ტერიტორიების დაკარგვა.
მიუხედავად იმისა, რომ 28 წელი გავიდა, მერწმუნეთ, 90-იან წლებში დაწყებული დაპირისპირება ორ საქართველოს შორის აქამდე არ დამთავრებულა და ის მანამდე არც დამთავრდება, სანამ სამართალი არ იზეიმებს.
ჩვენ სამართლიანობის აღდგენაზე ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ვლაპარაკობთ მხოლოდ "ნაცმოძრაობის" 9-წლიან რეჟიმზე, ამ დროს სამართლიანობის აღდგენას 90-იანი წლებიდან თუ არ დავიწყებთ, ვერც "ნაცმოძრაობის" ფაშისტურ მმართველობას გამოვუტანთ ობიექტურ განაჩენს, რადგან `ნაცმოძრაობა~ პირდაპირი სამართალმემკვიდრეა იმ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა, რომლებიც ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდნენ.
"ნაცმოძრაობამ" გააგრძელა წინამორბედის ტრადიცია და 2003 წელს თვითონაც სახელმწიფო გადატრიალების გზით მიიტაცა ძალაუფლება, რომელსაც ლამაზი და პოეტური სახელმწოდება - "ვარდების რევოლუცია" შეერქვა.
რა ვარდები და რისი იები, როცა პარლამენტში ჯავშანჟილეტებში ჩაცმული, კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები შეიჭრნენ და პარლამენტი ძალის გამოყენებით გარეკეს.
სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსულმა შევარდნაძის ხელისუფლებამ შვა ასევე სახელმწიფო გადატრიალების გზით მოსული სააკაშვილის ხელისუფლება.
ორივე ეს ხელისუფლება ერთი მთელის ორი ნაწილია, ერთი-მეორის დასაწყისი და გაგრძელებაა, ამ გაგრძელებას კი კიდევ შეიძლება ჰქონდეს გაგრძელება და ზუსტად იმნაირი გაგრძელება, როგორითაც გადატრიალებათა მთელი ეს ჯაჭვი დაიწყო - ხელისუფლებაში დაბრუნება ისევ სახელმწიფო გადატრიალების გზით, რომლის განხორციელებასაც შვიდი წელია ასე დაჟინებით ცდილობს სააკაშვილი.
სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის სხვა გზა არც იცის - სინამდვილეში ის ავანტურისტი და ტერორისტია, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდეც და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ისე იქცეოდა, როგორც ტერორისტი - მისი "მმართველობა", თუ ამას მმართველობა ჰქვია, ეს იყო საკუთარი ხალხის წინაღმდეგ მიმართული სხვადასხვა მასშტაბის ტერორისტული აქტები, სადამსჯელო საეგზეკუციო ღონისძიებები და . .
მე 20 საუკუნის 90-იანი წლებიდან 2012 წლამდე, თითქმის 21 წელიწადი, საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებას დაპატრონებული არაკანონიერი, არალეგიტიმური დანაშაულებრივი ძალა მართავდა, რომლის დამარცხება არჩევნების გზით მხოლოდ 2012 წელს მოხერხდა, რაშიც უდიდესი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.
2011
წელს, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, რამდენადაც ვიცი, მას ურჩევდნენ, არ დალოდებოდა არჩევნებს, ქუჩაში გამოეყვანა ხალხი და "ნაცმოძრაობა" ერთბაშად, ერთი დარტყმით დაემთავრებინა.
ამის შანსი ნამდვილად არსებობდა - ბიძინა ივანიშვილის დაძახილზე ათი ათასები და ასი ათასები უყოყმანოდ გამოვიდოდნენ გარეთ და "ნაცმოძრაობას" სხვა არაფერი დარჩებოდა გარდა გაქცევისა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, რადგან ამით ის ნაწილობრივ იმეორებდა იმ გზას, რომლითაც სააკაშვილმა შევარდნაძის "ტახტიდან" ჩამოგდება შესძლო.
უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ეს იქნებოდა იგივე სახელმწიფო გადატრიალება, რაზეც იდგა აქამდე არსებული ყველა ხელისუფლება.
ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი სწორი გზა აირჩია - გზა არჩევნებისა, რითაც, ფაქტობრივად, დასაბამი დაუდო ასპარეზიდან იარაღის ძალით გაძევებული დემოკრატიის შემობრუნებას პოლიტიკურ პროცესებში.
ამის დავიწყება, ამის უპატივცემულობა, ამის დაუფასებლობა არ შეიძლება, ვინაიდან ქართული დემოკრატიის ისტორია, რეალურად, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება.
***
წინა კვირას, 10 თებერვალს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში კვლავ უხმო ქართველებს, რათა ბიძინა ივანიშვილის დამარცების და ხელისუფლებაში დაბრუნების ახალი გეგმა შეიმუშაონ.
ფაქტობრივად, ეს სახელმწიფო გადატრიალების ახალი გეგმაა, ოღონდ სახელი აქვს შეცვლილი და შერბილებლი.
სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული დამნაშავე ძალების გაგრძელებაა, ამ ძალების სამართალმემკვიდრეა და ისინი ამ საბედისწერო ინერციას დამოუკიდებლად ვერასოდეს ვერ შეაჩერებენ, თუ მათ ამაში ქართული სამართალი არ დაეხმარა.
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, საქართველოში ქართული ნიურნბერგის პროცესი უნდა შედგეს!
სხვანაირად ამ ქვეყანაში სიმშვიდე ვერასოდეს დაისადგურებს!

ვახტანგ ხარჩილავა