ყოჩაღ, რამაზ, შენ გენიოსი ხარ!

ყოჩაღ, რამაზ, შენ გენიოსი ხარ!

გუშინ მსახიობმა რამაზ იოსელიანმა, რომელიც სოფელში გადასახლდა და ცხოველებს უვლის, ერთ-ერთ ტელეგადაცემაში თქვა: ჩვენ, ყველას საკუთარი სამყარო რომ გვქონდეს, ერთმანეთს ასე უმოწყალოდ აღარ დავჭამდითო. ასიანია. აგერ, 1990 წლიდან მოყოლებული ვჭამთ და ვჯიჯგნით ერთმანეთს, ცხვირს ვყოფთ ყველგან, სადაც გვეკითხება თუ არ გვეკითხება, განვიკითხავთ, ვიფურთხებით, ვიგინებით, ბოლს ვუშვებთ, ბოლოს კი... ბოლოს რა? საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, საკუთარს ვერ ვქმნით, ირგვლივ სიცარიელეა, ვირტუალური სამყაროა, რაღაც ეფემერული და უშინაარსო. ჩვენი ცხოვრება მხოლოდ "სოციალური ქსელებია", მეტი არაფერი - აქ ვიხარშებით, აქ განვიცდით ბედნიერებას, აქ ვანთხევთ ბოღმას, აქ ვმეგობრობთ, აქ გვიყვარს... პერიოდულად ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი საპნის ბუშტია, თურმე რეალობა სხვაა, თურმე სინამდვილე უფრო ლამაზია, შინაარსიანი, მაგრამ უკვე აღარ შეგვწევს ძალა, თავი დავაღწიოთ ილუზიას და უფრო მეტი მონდომებით განვაგრძობთ კაკუნს კლავიატურაზე. ერთი შეხედვით, ჩვენ ყველას გაგვაჩნია საკუთარი სამყარო, უამისოდ ადამიანი არარაობაა, მაგრამ არ არის ეს სამყარო ნამდვილი.

და მაინც... რა არის რეალური სამყარო? აი, მაგალითად ის, რაც გააკეთა რამაზ იოსელიანმა, კარგმა მსახიობმა, კარგმა რეჟისორმა და რაც მთავარია, კარგმა ადამიანმა. კაცი წავიდა თბილისიდან, კინომსახიობთა თეატრში მხოლოდ სპექტაკლების სათამაშოდ ჩამოდის... სახლი ააშენა, ფერმაც, თხას ჟორა დაარქვა, ბოჩოლას - თინიკო, ღორს - ზაქარია... სახელებს ზუსტად ვერ ჩამოვთვლი. ვუყურებ რამაზ იოსელიანს და ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა" მახსენდება. იმედია, იოსელიანი იქამდე არ მიიყვანს საქმეს, რომ ცხოველებმა თავისივე კარ-მიდამოში გადატრიალება მოუწყონ. დარწმუნებული ვარ, ის ისეთი შეგნებით ზრდის ცხვარ-ძროხა-ფრინველს, რევოლუციაზე არც კი იფიქრებენ. ან კი რაში უნდა დასჭირდეთ რევოლუცია, როცა ყველა კმაყოფილია? თუმცა, ნათქვამია, არასოდეს თქვა, არასოდესო - ერთი უჯიშო ყველგან გამოერევა და სხვებსაც აიყოლიებსო. თავის დროზე არც ორუელის "ცხოველების ფერმაში" იყო რევოლუციის წინაპირობა, მაგრამ როცა ერთი-ორი გაზულუქდა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოუნდა. რასაკვირველია, ვხუმრობ, ცოტა არ იყოს, კალამი გამექცა, მე ადამიანის საკუთარ სამყაროზე გეუბნებოდით...

ჰოდა, შექმნა რამაზ იოსელიანმა თავისი სამყარო. იმავე გადაცემაში ამბობს: თუ შენი ცხოვრება თვითონვე არ გაილამაზე, თუ თვითონვე არ შექმენი რაღაც განსაკუთრებული, ისე არაფერი გამოვა, ბოლოს ხელში არაფერი შეგრჩებაო. ასიანია, სამაგალითოა, ჭკუის სასწავლებელია... აბა, ერთმანეთის ლანძღვით რას მივაღწევთ? ერთმანეთის ცხოვრებაში ქექვით ბოლოს რა დაგვრჩება? არაფერი ტალახისა და ძონძის გარდა. მერე გადმოვდგებით და დავიწყებთ ტირილს, რომ ცხოვრებაში არ გაგვიმართლა, ბედი არ გვწყალობს და ასე შემდეგ.

მე არ ვამბობ, ყველამ ფერმები ავაშენოთ და ბაღ-ბოსტანი ვმარგლოთ-მეთქი... არა, ვისაც რა შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა შევქმნათ ჩვენი სამყარო. მოდით, გავექცეთ ირეალურ ყოფას, ილუზიურ სამყაროს, სანამ გვიანი არ არის. კი, სოციალური სამყაროც საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, მაგრამ ამაზე ცხოვრების აგება სისულელეა, თავის მოტყუებაა, საპნის ბუშტია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად სკდება და აღარაფერი რჩება.

ყოჩაღ, რამაზ, შენ სამაგალითო გენიოსი ხარ!

გელა ზედელაშვილი