მიხეილ ბენიძე: სამაგიდო სიებისა და სხვა მასალების ოდნავ ადრე გაცემაში კანონდარღვევა არ იკვეთება

მიხეილ ბენიძე: სამაგიდო სიებისა და სხვა მასალების ოდნავ ადრე გაცემაში კანონდარღვევა არ იკვეთება

“სამაგიდო სიებისა და სხვა მასალების ოდნავ ადრე გაცემაში, ამ შემთხვევაში, კანონდარღვევა ნამდვილად არ იკვეთება. მთავარია, რომ იმ მასალების მთლიანობა არ დარღვეულიყო – ყოფილიყო დალუქული, არ გამოყენებულიყო რაიმე არაკანონიერი მიზნებისთვის, რაიმე მანიპულაციებისთვის. თუ დალუქული მასალები გაიხსნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დარღვევა იქნებოდა, თუმცა, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, ჯერჯერობით, ასეთი რამ არ იკვეთება. თუ რაიმე განსხვავებული ინფორმაცია არსებობს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაციაც გასაჯაროვდეს. ამასთან, კარგია, რომ შემდგომი მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის. ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესისადმი ნდობას. ჩვენ განსაკუთრებულად დავაკვირდებით არჩევნების დღეს და ყველა ნიუანსს მივაქცევთ ყურადღებას”, – განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს – ბენიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს ძალადობრივი და მოსყიდვის ფაქტები, რათა ამომრჩეველმა თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს.

“რაც შეეხება საარჩევნო გარემოს – განსაკუთრებით სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვნახეთ რამდენიმე საკმაოდ კონკრეტული ფაქტი, მათ შორის, ძალადობრივი ინციდენტიც, როცა კანდიდატსა და ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რაც ყოვლად მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ასეთ ფაქტებს საარჩევნო პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო და რეაგირება ჰქონდათ სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიკვეთოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ასპექტიც. ამასთან ერთად, ჩვენ ვნახეთ ფარული ჩანაწერიც, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და გაჟღერებული ინფორმაცია რეალურია. ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან პრობლემურია. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, გამოვლინდეს სქემა, თუ საიდან გაიცემა მსგავსი სახის მითითებები. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საარჩევნო პროცესს ძალადობრივი მიმართულებით წაიყვანს, ცხადია, საფრთხეს უქმნის საარჩევნო გარემოს და ხელს უშლის იმას, რომ ამომრჩეველმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება”, – აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბნო კომისიებში სამაგიდო სიების და ბეჭდების გაგზავნაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია ამ ფაქტს კანონდარღვევად და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებად აფასებს და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.