სანდრას ცრემლები

სანდრას ცრემლები

სანდრამ ტაშტში ამოფუებული ცომი კიდევ ერთხელ გადაზილა, მაგიდაზე გუნდებად ამოალაგა. ერთი ცალი საფანელში ამოგანგლა და ბოთლით დაიწყო გაბრტყელება. ამას წინებზე უნდოდა სპეციალური გასაბრტყელებლის ყიდვა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ფული ვერ გაიმეტა, თანაც ისეთი სიმბოლური ფასი ღირდა (41 ლარი), ამ ციფრის დანახვაზე გააჟრიალა, პირდაპირ გაჰბურძგლა. არადა, როგორ უყვარს ხაჭაპურის ცხობა. გუშინ მიშამ დაურეკა, არჩევნები ხომ წააგე, ზუგდიდში რაღას ზიხარო? რას ჰქვია, რაღას ზის? ახლა სოფელ-სოფელ უნდა იაროს, ყველა ოჯახის კარი შეაღოს და თითოეული ადამიანი დაარწმუნოს, რომ მისი სახით საქმე აქვთ აღმშენებლობასთან, ევროპასთან, თანამედროვეობასთან, საქართველოს გაბრწყინებასთან. ჰმ... წააგეო. კი არ წააგო, გაუყალბეს, თორემ როგორც გიორგი ვაშაძემ ბრძანა, სამეგრელოს კაშკაშა ვარსკვლავს წინ ვინ დაუდგებოდა? ახლა კი ის მზად არის, ბიძინა ივანიშვილს ტყვიით შუბლი გაუხვრიტოს. ის მზად არის, იარაღი აიღოს ხელში. როგორც ჩანს, ქართველი ქაჯები კარგად არ იცნობენ, ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ამაზე წამსვლელია.

სანდრამ ცომში ყველი ჩადო, ხელახლა დაიწყო გაბრტყელება და კვლავ ფიქრებში ჩაიძირა: ჰო, მიშამ დაურეკა, დედაშენთან წადიო, ჰოლანდიაშიო. მაგან არც კი იცის, რომ დედა უპატრონოთა სახლში ჩააბარა. ეს კიდე დადის აღმა-დაღმა, მსოფლიოს გათავისუფლების მეტი არაღაფერი აინტერესებს, აიჩემებია, დედამიწა უნდა ვიხსნა გველეშაპებისგანო, ანუ ოლიგარქებისგანო. ნუ, ესმის, რომ იდეა მშვენიერია, ზუსტადაც მიშამ უნდა გააკეთოს ეს საქმე, მაგრამ არის კი თანამედროვე კაცობრიობა ამისთვის მზად? მიშა ოცდამეორე საუკუნის ადამიანია, მის აზროვნებას დღეს ვერავინ სწვდება, მაგრამ მოვა დრო და დააფასებენ.

სანდრამ ხაჭაპური ტაფაზე ფაქიზად დადო, გვერდები თითებით კიდევ ერთხელ შემოუკოპწიავა და გაზქურა აანთო. ისე, ამას წინებზე საცხობი ღუმელის ყიდვაც უნდოდა, მაგრამ ფასს რომ დახედა, პირკატა ეცა - სად აქვს უბრალო ღუმელში გადასაყრელი ფული? ჰმ... მიშამ ფლორიდაში სახლი იყიდა, მილიონები გადაიხადა, საქართველოდან 17 მილიარდი აქვს გატანილიო, იგონებს ბიძინა ივანიშვილი.  თურმე გასაღებსაც მიმალავენ ოჯახის წევრები... არა, კი დაუმალეს ფლორიდის სახლის გასაღები, მაგრამ რა ამათი ტრაკის საქმეა? მიშამ იხუმრა... უფრო სწორად, ბიძია თემურის მეუღლემ იხუმრა. სხვათა შორის, ჩანაწერი რომ გაბაზრდა, თვითონაც დაურეკა ქეთევანს, რეიზა მიწოდე, დეიდავ თუ მამიდავ, "იძიოტკაო"? არა, შენ შემოგევლოს დეიდა-მამიდა, მე და თემური დოსტოევსკის "იძიოტს" ვარჩევდით, სწორედ მაგ დროს ჩაგვწერეს და დაგვიმონტაჟეს, ფალსიფიკაცია გვიყვესო. სანდრას ეჭვის ჭია კი შეუჩნდა ალალ გულში, მაგრამ მაინც დაიჯერა, რომ ქეთევანი და თემური დოსტოევსკის ნაწარმოებებს არჩევდნენ, მათ კამათს ადრეც შესწრებია, დღენიადაგ იმაზე დაობდნენ, დოსტოევსკი უფრო დიდია თუ ტოლსტოი.

სანდრამ ხაჭაპური გადმოაბრუნა ტაფაში, ცალი მხარე სასიამოვნოდ აყვითლებულიყო. უჯიშო ქართველების გამო მარტო ხაჭაპურის ცხობა კი არა, მეგრული სიმღერაც ისწავლა, მაგრამ რათ გინდა? საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისევ ივანიშვილს ემორჩილებიან. ამ ზვიად გამსახურდიას ქვრივმაც კარგად მოუშალა ნერვები, სულ კახპა და ჩამოთრეული ეძახა. აქაც აჯობა საცხელტყვიე ბიძინამ, გავარდა ხიბულაში და აქ ზვიადის მუზეუმი უნდა გავაკეთოო, მოიგო მისი ოჯახის გული. ნეტა არაფერი დაეწერა თავის წიგნში გამსახურდიაზე, ნეტა ვინ აძალებდა? უბრალოდ მიშას აქვს ალერგია, ვერ იტანს, პირველი პრეზიდენტი მე ვარ, მეო, - ერთი-ორჯერ ძილშიც კი წამოიყვირა. ესეც ადგა და დაწერა, ზვიადი ყაჩაღი იყოო. ვერ გათვალა, რომ დადგებოდა დრო და მისი სახელი დასჭირდებოდა. ეეეჰ, ხანდახან დიდ ადამიანებსაც მოსდით შეცდომები. მოიცა, თითქოს კარზე კაკუნია.

- რომელი ხარ, ბეჩა? - გასძახა სანდრამ.

- ცისნამი ვარ, სანდრა, მეზობელი! - გაისმა კარს იქიდან.

- ააა, ცისნამი, შემოი, ქალო, რას გაბოტილხარ მეგი გოცირიძესავით?

- შემოვალ, აპა, არ შემოვალ? - დაკრიჭა კბილები ცისნამმა.

- რაია, რამ შეგაწუხა ამ შუაღამეზე? - ჰკითხა სანდრამ და გავარვარებული ტაფიდან ხაჭაპური ამოაგდო ალაზნის ლოქოსავით.

- ყოჩაღ, გოგო, ეგეთ ხაჭაპურებს მეგრელი ქალებიც კი ვერ აცხობენ! - ენა მოითაფლა ცისნამმა.

- მერე, მე არ ვარ მეგრელი თუ? - ირონიულად შეხედა სანდრამ.

- თუმცა ჰო, გოგო, შენ ხომ საქართველოზე ხარ დაქორწინებული?

- მერე, გესმით ამდენი ქართველებს?

- მე მესმის, ჩემო დაია, ვისაც არ ესმის კიდე დეეცეს მეხი შტერ თავზე!

- არ გინდათ კაი ცხოვრება და მე რა გიყოთ?

- გვინდა, რავა არ გვინდა, მარა ჩვენ ვინ რას გვეკითხება? მოაჯდა ამ ქვეყანას ოლიგარქი ივანიშვილი და ქე უპირობს გადაყლაპვას. ერთი რა მაგის პასუხია, დაია, რაცხას უბნობენ ხალხში და ნეტა თუ მართალია. არა, მე ვერ ვიჯერებ, მარა მოკვტა ხალხი ცნობისმოყვარეობით, - დაიწყო ჯღანაობა ცისნამმა.

- რაიო, სანდრა მფატრავია, ადამიანებს ორგანოებს აჭრიდაო, ხომ?

- არა, გოგო, ეგ ხომ ძველია... ისაო, მიშამ ამერიკაში ძაან მდიდრული სახლი იყიდა და სანდრას გასაღები დოუმალესო.

- გასაღები დოუმალესო? - მოწკურა თვალები სანდრამ.

- აპააა... მიშას ბიძამ დოუმალა თავის მეუღლე ქეთევანთან შეთანხმებით და თავის დასთან, გიულისთან მოლაპარაკებითო. თუმცა მიშასაც სცოდნია ეს ამბავიო, - გაასავსავა ხელები ცისნამმა.

- მერედა ვის სჭირდება მაგათი "ჩერდაკის" გასაღები?! - ვეღარ დამალა აღშფოთება სანდრამ.

- რა ვიცი, შე ქალო, რა გჭირს სამაგისო? თურმე თემური ალასანია ისე დაცემულა ზნეობრივად, დადის და იძახის, სანდრას მშობლები წუწკები არიან, მომადგებიან ხოლმე ნიუიორკში, დამიყრიან ნაგავს და მერე დამლაგებელი გვის ერთი კვირაო, აღარ შემიძლიაო, სასტუმროში წავიყვანე, 100 დოლარი არ გადაიხადესო, დეენანათო, - დაასხა ცეცხლზე ნავთი ცისნამმა.

- პარიზის სახლის გასაღები მე მაქვს, ბრუკლინისაც...

- პარიზი და ბრუკლინი? - დააჭყიტა თვალები ცისნამმა.

- უი, არა, ეგ ისე ვთქვი, რა პარიზი? - შეცბა სანდრა, სახეზე ალმური მოედო, ისევ დაიწყო ცომის გაბრტყელება.

- ღმერთმა მოგცეთ, ჩემო სანდრა, რავა, მიშა სააკაშვილს ერთი-ორი სახლი არ უნდა ჰქონდეს ამერიკაში და გინდაც პარიზში? კაცი ამდონ ხანს პრეზიდენტი იყო, აღარ ეკუთვნის?! - გამოაკეთა სიტუაცია ცისნამმა, ვითომც ძალიან გაუხარდა სანდრას სახლები.

- აბა, რას ამბობ, ცისნამი, ჩვენ საიდან უნდა გვქონდეს ფული და სახლები? მიშას კი ჰქონდა შანსი, ბევრი ფული ეშოვა, ეხვეწებოდნენ, შენ ოღონდ ციფრები დაასახელეო, მაგრამ ხომ იცით, რანაირია? ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ.

ცისნამი გაჩუმდა, თეფშზე დაჭრილი ხაჭაპურისკენ ხელი გააპარა, გეგონება სანდრა გაუბრაზდებოდა.

- ვიცი, შე ქალო, განა არ ვიცი? - წაეთითლიბაზა ცისნამი.

- მაპატიე, მიშა მირეკავს... ჰო, მიშა, რაფერ ხარ?

- რაფერ ვარ და... ხიიიიხ... გამოქლიავებულმა ზელენსკიმ მომცა! - გაისმა ტელეფონში ხითხითი.

- რა მოგცა?

- ერთთვიანი მოქალაქეობა, ხიიიიხ!

- ერთთვიანი რაღა იყო, ერთწლიანი მაინც მოეცა... ნუ, მაინც გილოცავ, იმედია, ახლა მაინც მომცემ ფლორიდის სახლის გასაღებს.

- ჰოდა, ვაჩვენებ მაგ "იძიოტს" ერთთვიანს ერთ თვეში!

- უიმე, რა ნაცნობი ლექსიკაა?

- კაი, რა, სანდრა, ხო იცი, ბიცოლა მაგარი "იძიოტკაა", არ გეწყინოს, მოგცემ გასაღებს, აბა, რას ვიზამ? აწი მე უკრაინაში უნდა ვიცხოვრო, მკიდია ფლორიდაც და ბრუკლინიც, ხიიიიიხ!

- ჰიჰ, რა იოლად ლაპარაკობ? - ვერ დამალა უკმაყოფილება სანდრამ.

- კიევში როდის ჩამოხვალ?

- რა მინდა კიევში? მე სამეგრელოს უნდა მივხედო, ხალხს ჩემი იმედი აქვს, მოსახლეობა გმინავს ივანიშვილის უღელქვეშ!

- ოჰხხხხ... ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა... რომ შემეძლოს, ამ წუთასვე ჩამოვფრინდებოდი და ივანიშვილს შუბლს გავუხვრეტდი სრულიად უფასოდ, არც თემო ძიას მილიონი მინდა და არც არაფერი... როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი იტყოდა, აგრე არ არი თაყაო, შენ რო მამული გაჰყავო!

- მიშა, ეგ ბარათაშვილმა კი არა, ჩეხოვმა თქვა, - მიუგო ირონიულად სანდრამ.

- იიიიიიხხხხ... რა მნიშვნელობა აქ, ვინ თქვა, ხო მაგარია? პირდაპირ მბურძგლავს, ტანში ჟრუანტელი მივლის, ჩემი მამულ-დედული და მოსა...ყლეობა მეცოდება, მტკივა, მაწუხებს, მაბრუალებს, გესმის?!

- ნუ მატირებ, მიშა, - ამოიკვნესა სანდრამ.

- იტირე, გულო... იტირე, სულო!

- ოოოო, იცი, როგორ მინდა, რომ ახლა შენთან ვიყო კიევში?

- ჩამოდი მერე, რა პრობლემაა?

- გამოგიტყდები... არც კი ვიცი, როგორ გითხრა.

- მითხარი!

- ფული არ მაქვს.

- ჰოოო... არც მე მაქვს, სულ ორიოდე გრივნაღა შემომრჩა ჯიბეზე... დამპალ კობა ნაყოფიას დაურეკე, ფულის მეტი რა აქვს?

- დავურეკე, არ მაქვსო, ვალებში ვიხრჩობიო, დილას ხუთი ლარი ნანუკა ჟორჟოლიანს ვესესხეო.

- წარმოგიდგენია?

- ჰოოო, ეგრე მითხრა... ეტყობა, ეგ მე არ მიცნობს და ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ წუწკობას ვანანებ!

- კარგი, მივდგები, მოვდგები... ბოლო-ბოლო, იულიას ვთხოვ გზის ფულს და გამოგიგზავნი... სანდრა, მოდი, ვიმღეროთ.

- რა ვიმღეროთ?

- ჟუჟუნა წვიმა მოიდაააა...

- დიდი მინდორი დანამააააა...

- ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვააააას...

- გული გაუპოს დანამააააა... სანდრა, არ გათიშო, რა, თავიდან დავიწყოთ... არა, თავიდან კი არა, გული რომ უნდა გაუპოს დანამა, ის გავიმეოროთ, გულის გაპობა მომწონს ძალიან!

- კარგი რა, მიშა, დავიტანჯე, სულ ვტირი და ვტირი, მეტი აღარ შემიძლია!

- არა რა, გთხოვ, გეაჯები, ვიმღეროთ... ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვაააას... გული გაუპოს დანამააა... დანამაააა... დანამააა!

ტუუუ... ტუუუ... ტუუუ... სანდრამ ტელეფონი გათიშა. ცისნამი კუთხეში მიმჯდარიყო და ტიროდა, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოისდიოდა. ტაფაზე ხაჭაპური ცხვებოდა. გარეთ წვიმდა... გეგონება ბუნებამაც იგრძნო და ისიც ატირდა.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"