„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო კომპანია მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობისა და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

უწყება განმარტავს, რომ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2018 წელს 7.7%  (8.8%-დან 2017 წელს) შეადგინა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019-2021 წლებში 5.3%-მდე შემცირდება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას; წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება; საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვების დონე, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ. დოლარს მიაღწევს; მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის და სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში; მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეს; ასევე, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხის და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლები. დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გრძელდება და მაკრო-პრუდენციული რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში დოლარიზაციის თანდათანობით შემცირებას.

ამასთან, ერთად, სარეიტინგო კომპანია ასახელებს გამოწვევებსაც,  რომელიც დღეს საქართველოს აქვს.

„რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი), თუმცა აღნიშნული აღემატება BB  კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3 პროცენტს).  კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7 პროცენტამდე.

ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება განპირობებულია მმართველობის მაღალი ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემოთი და რეგიონული  შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებით.

ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.