ალექსანდრე გვარიშვილი: „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ მუსიკოსების ინტელექტუალურ საკუთრებას ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით დაიცავს!

ალექსანდრე გვარიშვილი: „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ მუსიკოსების ინტელექტუალურ საკუთრებას ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით დაიცავს!

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაცია - „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ჩამოყალიბდა, რომელიც საქმიანობას ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვით იწყებს. საუბარია კომპანია „Rozum-b2b“ ფლეიერზე, რომელიც სავაჭრო და გასართობი მოედნების მუსიკალური გაფორმებისთვის გამოიყენება და სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებებია ჩატვირთული; ბუნებრივია, მათ შორისაა ჩვენი თანამემამულეების შემოქმედებაც. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, მოხდეს ყველა მუსიკოსის ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირება და მათი შრომა სათანადოდ, ობიექტურად და მაქსიმალურად სწრაფად ანაზღაურდეს. ასოციაციის საქმიანობისა და „Rozum“-ის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციის დამფუძნებელი ალექსანდრე გვარიშვილი და კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ესაუბრნენ.

 

 „საქართველის უფლებამფლობელთა ასოციაციის” დამფუძნებელი, ალექსანდრე გვარიშვილი: - „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის” შექმნის აუცილებლობის ერთ-ერთი პირობა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ განაპირობა. ბოლო დროს, ბევრ ქვეყანაში ასოციაციებსა და ავტორებს შორის კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნა, რომლის მთავარი მიზეზი საავტორო უფლებების მქონე ასოციაციების მუშაობის გაუმჭვირვალე მეთოდები გახდა. მას მერე, რაც ახალი ტექნოლოგიები გაჩნდა და შესაძლებელია შესრულებული ნაწარმოებების უფრო დეტალური აღწერა და გაკონტროლება, ავტორებს ახალი ტექნოლოგიის დანერგვის მოთხოვნა გაუჩნდათ. რიგ ქვეყნებში ეს უკვე განხორციელდა, ზოგან კი ახლა ინერგება, მაგალითად ჩვენთან.

საქართველოში უნიკალური, ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას ვაპირებთ, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ბიზნესი იყოს გამჭვირვალე, ამავე დროს, რეალურად, უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ავტორებს. ეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უფლებების დაცვის მექანიზმია, რომელიც აუცილებლად იქნება კონკურენტუნარიანი და თავს დაიმკვიდრებს. რა ხდება დღეს? წარმოიდგინეთ, რომ რესტორანში ჟღერს მუსიკა. რესტორატორმა, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით (ასეა მთელ მსოფლიოში), ამ მუსიკის ავტორსა და შემსრულებელს სათანადო თანხა უნდა გადაუხადოს. კანონმორჩილი რესტორნის მეპატრონე მიდის საავტორო უფლებების ასოციაციაში და დადგენილი ტარიფის თანახმად (მისი ორგანიზაციის მასშტაბისა და ტიპის მიხედვით) იხდის გადასახადს. ამის შემდეგ, მეპატრონემ ასოციაციას უნდა გადაუგზავნოს ჩამონათვალი: რა სახის და რა რაოდენობის მუსიკა გამოიყენებოდა მის დაწესებულებაში. გასაგებია, რომ რესტორატორებს ამ ჩამონათვალის გარეშეც არ აკლიათ თავის ტკივილი და მსგავსი რამ არ კეთდებოდა. შედეგად ვიღებთ ასეთ სურათს - ასოციაციაში შემოდის ფული, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ეს თანხა. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ კორუფციისა და თანხების არამიზნობრივად განაწილების სათავე და ეს იწვევს ავტორთა სამართლიან გაღიზიანებას. რიგ შემთხვევებში იგონებენ სუბიექტურ რეიტინგებს, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ასოციაციის მენეჯმენტთან დაახლოებულ ავტორებს. სხვა შემთხვევებში განაწილება ხდება წინასწარ გაწერილი სიით - ყველა ავტორს განსაზღვრულად ფიქსირებული თანხა, რომელიც მენეჯმენტის აზრით, საკმარისი უნდა იყოს, რომ ავტორს ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს. და თუ ვინმე უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამს, დირექტორის პირადი „უჯრიდან“ ერთჯერადად დაუკმაყოფილებენ გაზრდილ მადას.

ცხადია, განაწილების ასეთი სისტემა შორს არის გამჭვირვალობასთან და რაც მთავარია, წესიერებასთან.

 

- კონკრეტულად, რა არის აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგია?

- კომპანია „Rozum“ ბრიტანული კომპანიის შვილობილი კომპანიაა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ეს ინოვაციური ტექნოლოგია შემუშავდა ისრაელში, ხოლო ევროპაში და დღეს საქართველოშიც ინერგება ბრიტანული კომპანიის ლიცენზიით. ცოტა ხნის წინ მე გავეცანი ამ ტექნოლოგიურ სიახლეს და ინგლისელ კოლეგებს შევთავაზე, ერთობლივი პროექტით საქართველოშიც დაგვენერგა. ჩავატარეთ ბაზრის მონიტორინგი და ვნახეთ, რომ ამ მხრივ ჩვენთან სრული ქაოსი სუფევდა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მსგავსი „დომხალი“ სუფევდა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშიც და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო. დღესაც ბევრგან მოქმედებს აბსოლუტურად გაუგებარი და საფუძველმოკლებული რეიტინგები, რომელსაც საავტორო ასოციაციები თავად ადგენენ და ხშირ შემთხვევაში ეყრდნობიან რადიოსადგურების რეიტინგებს, მაგრამ ხომ ცხადია, რომ რესტორნებში სრულიად სხვა მუსიკას უსმენენ. აქამდე რეალური რეიტინგისა და ღირებულების განმსაზღვრელი ინსტრუმენტი არ არსებობდა. ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, განაწილება ხდებოდა თვითნებურად, როგორც თავად თვლიდნენ საჭიროდ.

- ახალი ტექნოლოგიით როგორ მოხდება თანხების ობიექტური განაწილება?

- ჩვენ შევქმენით საიტი - rozum.ge, სადაც მომხმარებლებისთვის ცალ-ცალკე სექციებია, მაგალითად, სპეციალურად სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, სპორტული დარბაზებისთვის და ა.შ. მომხმარებელი აკეთებს ე.წ. Playlist-ს, მაგალითად, ერთთვიანს, რომელში არჩეული ნაწარმოებებსაც 1 თვის განმავლობაში დაუკრავს. შეუძლია, მასში რეკლამაც განათავსოს. მას ხელთ აქვს ნებისმიერი, საუკეთესო ხარისხის მუსიკა და შეუძლია, Playlist მობილურის საშუალებით, სახლიდანაც კი ცვალოს. მეორე მხრივ, რას ვიღებთ სანაცვლოდ ჩვენ - ავტორთან ერთად ვფლობთ სრულ ინფორმაციას - სად, რომელ ქვეყანაში, რომელ რესტორანსა თუ თუნდაც, ლიფტში რამდენჯერ გაიჟღერა ამა თუ იმ ნაწარმოებმა. ყველა ავტორს აქვს პირადი კაბინეტი, სადაც აქვს წვდომა ანალოგიურ ინფორმაციაზე. შესაბამისი ანაზღაურება მის ანგარიშზე ირიცხება და თვეში ერთხელ თანხის გამოტანა შეუძლია. თანხა ანგარიშდება ავტომატურად, ყოველგვარი სუბიექტური ჩარევის გარეშე და „ადამიანური ფაქტორის“ გაუთვალისწინებლად, იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ მოისმინეს ესა თუ ის მუსიკა, რაც აქამდე არ იყო - სწორედ ამას ვეძახით გამჭვირვალობას და ეს გახლავთ ინოვაცია. რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხო საქართველოში არსებულ საავტორო უფლებების ასოციაციას (GCA). მას არ სჭირდებოდა მუსიკალური კატალოგების მუდმივად განახლება, რადგან მათ არც იყენებდა და დღემდე აგრძელებს გადახდის არაობიექტურ, საკუთარ რეიტინგზე მორგებულ სისტემას. GCA-ის კატალოგები რამდენიმე წლით ჩამორჩება რეალურს. იმ ქვეყნებში, სადაც ახალი სისტემა უკვე დანერგილია, ავტორის მიერ აღებული თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სიმღერაა მის კატალოგში დარეგისტრირებული და ა.შ. კატალოგების განახლება მუდმივად უნდა ხდებოდეს, ჩვენი ასოციაციის საქმიანობაც ის არის, ყოველთვის იცოდეს, რა ახალი სიმღერა ჩაიწერა და ა.შ. ასე რომ, ახალი ტექნოლოგიის დანერგვით კატალოგები მუდმივად განახლებადი იქნება.

 - მიუხედავად იმისა, რომ სიახლეზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია თუ არა უკვე გარკვეულ შედეგებზე საუბარი?

- სხვადასხვა ავტორის მოსაზრებით, ეს უფრო თანამედროვე, სრულყოფილი და ინოვაციური საშუალებაა, რომ ადამიანმა მიიღოს ზუსტად ის ანაზღაურება, რა შრომაც გასწია და რაც ეკუთვნის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დანადგარი მსოფლიოში საუკეთესო „ფლეიერია“, რომელსაც გადავცემთ ნებისმიერ დაწესებულებას, სადაც მუსიკა ჟღერს - რესტორანი იქნება ეს, სასტუმრო თუ სხვა. „ფლეიერში“ ჩატვირთულია ყველა არსებული, ლეგალური და უმაღლესი ხარისხის ნაწარმოები, იქვეა მუსიკოს-შემსრულებლების კატალოგებიც. ეს ძალიან მოსახერხებელია თავად დაწესებულებისთვისაც, ვინაიდან მუსიკალურ სფეროს მთლიანად ფარავს. ახალი დანადგარები რიგ რესტორნებსა და მაღაზიებში უკვე დავაყენეთ. რაც შეეხება ქართველ ავტორებს, მათი ნაწილი უკვე გაწევრიანდა ჩვენთან. ზოგიერთ ქვეყნებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ. კონტრაქტი გვაქვს მოლდოვასთან, ყაზახეთთან, რუსეთთან, უკრაინასთან, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანასთან, ასევე აშშ-სთან და ისრაელთან. ეს ის ქვეყნებია, სადაც რეალურად ჟღერს ქართული მუსიკა. იმ ავტორების კატალოგები შევქმენით, რომელებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და გადავუგზავნეთ უცხოეთის საავტორო უფლებების ასოციაციებს, საიდანაც თანხის გარკვეული ნაწილი უკვე ჩაირიცხა და ჩვენს ავტორებს დავურიგეთ. ძალიან მალე, ვგეგმავთ დიდ პრეზენტაციას, სადაც ახალ პროექტს წარვადგენთ და ბევრ სიურპრიზსაც ვამზადებთ. ჩვენი პარტნიორების წყალობით მუსიკალური სამყაროს ქართველ წარმომადგენლებს დიდი საჩუქარი ელოდებათ, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ.

- გარდა ჩამოთვლილი სიკეთეებისა, კიდევ რას უწყობს ხელს აღნიშნული დანადგარი?

- ამ ინოვაციის მეშვეობით ვახდენთ ჩვენი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების პოპულარიზაციას. „ფლეიერში“ ჩატვირთული ქართველი ავტორების ნაწარმოებები ხელმისაწვდომია იმ ქვეყნებში, სადაც ეს ტექნოლოგიაა დანერგილი. მაგალითად, ისრაელის რომელიღაც სასტუმროში კონტენტ-მენეჯერი, რომელიც „ფლეილისტისთვის“ არჩევს მუსიკას, შესაძლოა, ჩამონათვალში გადააწყდეს რუსა მორჩილაძის სიმღერას. დავუშვათ, არ იცის, ვინ არის რუსა მორჩილაძე, მაგრამ მისი მუსიკა აარჩია სისტემის რჩევით ან უბრალოდ თავისი გემოვნებით, რაც ნიშნავს, რომ რუსა მორჩილაძის მუსიკა იქ გაიჟღერებს და ძალიან მალე შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებს. ვიზუალურად დანადგარი საკმაოდ პატარაა და Apple TV-ს ან როუტერს ჰგავს. თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ გამოყენების ვარიანტი და ჩატვირთოთ თქვენს კომპიუტერში ან ტელეფონში. ერთადერთი, რაც გევალებათ, ხმის გამაძლიერებელთან მოწყობილობის მიერთებაა. მთელი მუსიკალური კონტენტი ინტერნეტის მეშვეობით, ავტომატურად ჩაიტვირთება.

მზად ვართ, საქართველოს მასშტაბით, ყველა მსურველ დაწესებულებას, სადაც ჟღერს მუსიკა, მივაწოდოთ ეს აპარატურა. ეს ძალიან ზუსტი ინსტრუმენტია და გამორიცხულია, თვლაში შეცდომა დაუშვას - ეს იგივეა, მაგალითად, მანქანის „ფლეიერმა“ ვერ დათვალოს, დისკზე რამდენი სიმღერაა ჩაწერილი. ასეთი რამ წარმოუდგენელია, ვინაიდან ციფრულად ამ ყველაფრის აღრიცხვა უმარტივესად ხდება. მთავარი სიკეთე, რასაც ეს ინოვაცია მოიტანს, არის ის, რომ შეიქნება ძლიერი ბაზა. თუნდაც მომავალი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდგომში ჩვენი კომპოზიტორების სიმღერებს შეასრულებენ, უკვე კარგ, გამართულ სისტემასთან ექნებათ საქმე. გამორიცხულია, ვიღაცამ სხვისი სიმღერა შეასრულოს და ავტორი, ასე ვთქვათ, გაღიმებული დარჩეს. ამიტომ, ეს ინოვაციური სისტემა მომავლისთვის ძალიან კარგი დაცვითი მექანიზმი იქნება.

 

- ანუ ქართველ ავტორებს შეეძლებათ, თანხა ნებისმიერი ქვეყნიდან მიიღონ, სადაც მათ მუსიკას მოუსმენენ?

 

- დიახ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ასოციაცია დაფუძნდა თუ არა, გამოიწვია გარკვეული ვნებათაღელვა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ იგი კავშირშია რუსეთთან. რა თქმა უნდა, კავშირი არის ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ჟღერს ქართული მუსიკა, მათ შორის რუსეთთანაც. რუსეთი და დსთ-ის ქვეყნები ქართული მუსიკის მოთხოვნის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ ფინანსდება რუსეთიდან. ჩვენ ინვესტიციები მოვიპოვეთ ისრაელიდან, „როზუმის“ დანადგარი კი ბრიტანეთშია წარმოებული და იქიდან შემოვიტანეთ. ასე რომ, არანაირ რუსულ ფულთან არ გვაქვს კავშირი, გარდა იმ თანხებისა, რასაც რუსეთი ჩვენი შემოქმედი ადამიანების მუსიკის გამოყენებისთვის გადაიხდის. ამ თანხებს რუსეთი აქამდეც იხდიდა და ამას საავტორო უფლებების ასოციაციაშიც დაგიდასტურებენ. მაგალითად, ეს იგივეა, რომ თქვა, რატომ იღებენ იმ ღვინოში ფულს, რომელიც რუსეთში ჩადის და იქ იყიდებაო. რუსეთი, საბერძნეთი, მოლდოვა, უკრაინა, ისრაელი - ეს ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართული მუსიკა ნიგერიაში ნაკლებად ჟღერს, აქედან გამომდინარე, სულაც არ არის საჭირო დროისა და ენერგიის ხარჯვა, რათა ამ ქვეყანასთან გააფორმო ხელშეკრულება. როგორც მოვიძიე, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში GCA ხუთჯერ მეტ თანხას რიცხავდა, ვიდრე - რუსეთიდან იღებდა, რაც, ვთვლი, რომ არასწორია. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აღნიშნული მექანიზმი არ მუშაობდა. ჩვენ სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობთ.

გარდა ამისა, უმსხვილეს მუსიკალურ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რათა უცხოელი ავტორების ინტელექტუალური უფლებები დავიცვათ საქართველოში. მალე ხელშეკრულებებსაც გავაფორმებთ და ჩვენში ასე პოპულარულ უცხოელ ავტორებს, „როზუმის“ დანადგარის წყალობით, ზუსტად ეცოდინებათ, რა თანხა გამოიმუშავეს. საერთაშორისო უფლებების დიდ ნაწილს უკვე ვფლობთ და სავარაუდოდ, ცოტა ხანში მთელი საერთაშორისო კატალოგი ჩვენი იქნება. დავაზუსტებ - აქ საუბარი არ არის მხოლოდ მუსიკაზე, არამედ, ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც რაიმე საავტორო და მასთან მომიჯნავე უფლებას ფლობს: აუდიო-ვიზუალური, დრამატული, ლიტერატურული, მუსიკალური და გამომსახველობითი ხელოვნების ნებისმიერ დარგს. ე.ი. ხდება ყველას - ტექსტის ავტორის, არანჟირების ავტორის, მუსიკოსის, შემსრულებლის, კომპოზიტორის უფლებების დაცვა და უფლებამფლობელთა თითქმის მთლიან სპექტრს მოიცავს.

- როგორც ვიცი, მოწყობილობას მელოდიის ამოცნობის ფუნქციაც აქვს...

- დიახ, მას ბევრი ფუნქცია აქვს. მათ შორის, თუ ინტერნეტი გაითიშება, ორი კვირის განმავლობაში დანადგარი მის გარეშე შეძლებს ფუნქციონირებას. ასევე აქვს მუსიკის ამოცნობის ფუნქცია „Shazam“-ის ანალოგით, თუმცა, ამოცნობის მაჩვენებელი „როზუმის“ შემთხვევაში ბევრად მაღალია - 98%, რაც „Shazam“-ის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „როზუმი“ ავტომატურ რეჟიმში აკონტროლებს ტელე და რადიოეთერს და აღრიცხავს ნებისმიერ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც ჩვენს კატალოგშია. ამგვარად, ყველა იმ ავტორის უფლება გარანტირებულად იქნება დაცული, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებს.

კომპოზიტორი, „საქართველის უფლებამფლობელთა ასოციაციის” საბჭოს წევრი, რუსა მორჩილაძე: - მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ არავისთან დაპირისპირება არ მსურს, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციასთან, რომელთანაც რამდენიმე წელი ვითანამშრომლე. მართალია, უკმაყოფილო ნამდვილად ვიყავი და ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩემთვის გაუგებარი სისტემით თუ მეთოდით ნაწილდებოდა ჩვენი საავტორო ჰონორარი, მაგრამ არ მსურს, ჩვენი საზოგადოება ორად გაიყოს და დაბნეულობა გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ შეიქმნა, ჩემი შეხედულებით, თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტორო ორგანიზაცია, რომელიც იმედს მაძლევს, რომ აღრიცხვიანობა იქნება ზედმიწევნით გამჭვირვალე, ხოლო დაცვის მექანიზმი უფრო მყარი.

როგორც კომპოზიტორი და შემსრულებელი, დაინტერესებული ვარ, პირველ რიგში, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით, სადაც დანამდვილებით ვიცი, რომ ყოველ დღე ჟღერს ჩემი ნაწარმოებები სხვადასხვა დაწესებულებებში. შესაბამისად, საჭიროდ მიმაჩნია, სრულყოფილად აღირიცხოს ჩემს მიერ შექმნილი მუსიკის გამოყენება. აღრიცხვიანობის სრულყოფას დიდი ხნის მანძილზე ვითხოვდი ასევე წინა ორგანიზაციისგანაც.

ჩემმა მეგობრებმა ამიხსნეს მათი მუშაობის სპეციფიკა და საჭიროდ ჩავთვალე, ხელი შევუწყო მათ და გავწევრიანდე ამ ორგანიზაციაში. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს ძალიან დიდი მოცულობის ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც საკმაოდ კომერციულია. ახლა 21-ე საუკუნეა და ყველა სფერო ვითარდება, გამონაკლისი არც ჩვენ ვიქნებით!

წყარო: "ქართული აზრი"