აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ამონარიდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშიდან:

"დე ფაქტო მთავრობები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის რეგიონებში მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურ ქართველებს, არჩევნების გზით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავდნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა 2008 წლის კონფლიქტის დროს განდევნილი ქართველების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა, თუმცა ახალგორის მოსახლეობისათვის სპეციალური სასაზღვრო პუნქტი მაინც მოეწყო. დე ფაქტო მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის საშუალებას არ აძლევდა. გრძელდებოდა ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის მიერ წარმოებული "ბორდერიზაციისა" და თავიანთი თემებისა და შემოსავლის წყაროებისაგან ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის პროცესი.

მოიპოვება სულ მცირე ერთი ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებებმა ერთი თვითნებური თუ უკანონო მკვლელობა ჩაიდინეს.

თებერვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ეთნიკურად ქართველი ყოფილი ჯარისკაცი არჩილ ტატუნაშვილი დააკავა. ტატუნაშვილი პატიმრობაში გარდაიცვალა. თავიდან დე ფაქტო მთავრობამ მისი ნეშტის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა მარტში მიცვალებული საქართველოს მთავრობას მაინც გადაეცა. გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ორგანოები ამოცლილი იყო, რის საფუძველზეც მთავრობამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი ნაწამები იყო.

ივნისში მთავრობამ შეადგინა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელსაც სახელი ტატუნაშვილის და კიდევ ერთი მოქალაქის, 2016 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, გვარების მიხედვით დაერქვა. სიაში ჩამოთვლილია ადამიანის უფლებების სავარაუდო დამრღვევი 33 პირი, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების წინააღმდეგ სერიოზულ დანაშაულებებში ედებათ ბრალი. მთავრობამ ამ 33 პირს დაუწესა სანქციები, რომლებიც მათ ფინანსებზე, ქონებასა და გადაადგილებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს".