სოსო შატბერაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია

სოსო შატბერაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია

“მიუხედავად ყველაფრისა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს დააპატიმრებენ თუ დააჯარიმებენ, მინდა განვაცხადო, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
შატბერაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და აუცილებლად უნდა აშენდეს.
„ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმე პოლიტიკას უკავშირდება იმდენად, რამდენადაც ანაკლიის პორტი უბრალო პორტი არ არის. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკის მატარებელი მშენებლობა, რომლითაც დაინტერესებულია მთელი შუა აღმოსავლეთი, ახლო აღმოსავლეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ნაწილობრივ სომხეთიც, რაც მთავარია, დაინტერესებულია ევროპა. ეს პორტი საშუალებას იძლევა, უზარმაზარი რაოდენობის ტვირთები ღრმაწყლოვანი გემებით გადაზიდულ იქნას რუსეთის გვერდის ავლით. რუსეთის გვერდის ავლით კორიდორის გახსნა ბევრი ქვეყნას სურს , რადგანაც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების დასუსტება არა მარტო საქართველოს ინტერესშია, არამედ დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს ინტერესებშიცაა. ეს პოლიტიკური მნიშვნელობის მშენებლობაა. როცა ამ პოლიტიკური მნიშვნელობის მშენებლობაში ხელის მოთბობას გადაწყვეტ, პოლიტიკური პატიმარი ხარ, მაგრამ არა – უდანაშაულო.
როცა ხაზარაძემ განაცხადა – პარტიას ვქმნიო, ეს ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, დიდად სამწუხაროა, რადგანაც ჩემი – პლიტიკოსის პროფესია, სამწუხაროდ, ინდულგენციად არის გადაქცეული. შექმნი პოლიტიკურ პარტიას, ან შეხვალ რომელიმე პარტიაში, შემდეგ თუ დაგაპატიმრეს, დაიწყებ ყვირილს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაგაპატიმრეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს დააპატიმრებენ თუ დააჯარიმებენ, მინდა განვაცხადო, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს პორტი აუცილებლად აშენდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის პორტია, თვით აშშ-სთვისაც.
„მემარცხენე ალიანსი“ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ეს პორტი აშენდეს, ხალხი დასაქმდეს, ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

 

 წყარო:  მედიაჰოლდინგი "კვირა"