სოსო შატბერაშვილი: დღეს ოქრუაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის

სოსო შატბერაშვილი: დღეს ოქრუაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის

“დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მან გააკეთა პარლამენტში შეჭრის, ხელისუფლების დამხობის მოწოდება ახალი რევოლუციის მოხდენის მიზნით”, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, წლების წინ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ოქრუაშვილი მართლაც იყო პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ახლა ეს ასე არაა.
„დავიწყოთ ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენებით. მიმაჩნია, რომ ეს არ იყო ისეთი მიტინგი, როგორ მიტინგებსაც ვატარებდით ჩვენ – მე და ჩემი მაშინდელი კოლეგები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მინდა გაგახსენოთ, რომ ის მიტინგები დაიწყო სწორედ ოქრუაშვილის დაკავებით. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი რისთვის დააკავეს, ჩვენთვის გაუგებარია . ის იყო პოლიტიკური მოტივებით დაკავება და მაშინ ოქრუაშვილი მართლაც პოლიტიკური პატიმარი იყო. თუმცა მან 1 დღეს ვერ გაუძლო სააკაშვილის მხრიდან ზეწოლას. რა მოხდა იმ ერთ საღამოს, ჩვენ არავინ ვიცით. მეორე დღეს ოქრუაშვილი ტელეეკრანებზე მოგვევლინა განცხადებით, რომ ყველაფერი, რისთვისაც ებრძოდა სააკაშვილს, იყო მოგონილი. ეს იმ დროს, როცა მის დასაცავად ქუჩაში ლამის ნახევარი თბილისი იყო გამოსული.
დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მან გააკეთა მოწოდება პარლამენტში შეჭრის, ხელისუფლების დამხობის ახალი რევოლუციის მოხდენის მიზნით. როცა ასეთ თემებზე დაგაკავებენ, პოლიტიკური პატიმარი არ ხარ. ირაკლი ოქრუაშვილს აქვს დაცვის საშუალება. სააკაშვილის დროს სასამართლო არ არსებობდა – რასაც პროკურორი მოსამართლეს უბრძანებდა, იმას აკეთებდა. დღევანდელი ციხე ნამდვილად არ არის სააკაშვილის დროინდელი ციხე. მასზე არანაირი ზეწოლა იქნება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შატებერაშვილმა.
მისივე თქმით, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავება „რუსთავი 2-ის“ საქმესთან კავშირში არაა.
„ეს ტელევიზია ვისაც ეკუთვნის, დაამტკიცა ქართულმა სასამართლომ. საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ვისაც ეკუთვნის „რუსთავი 2“, მან მოიგო პროცესი. თავის დროზე ქიბარ ხალვაშის ნაცვლად შეეტანა სარჩელი ოქრუაშვილს, ედავა, ებრძოლა „რუსთავი 2-სთვის“, თუ მართლა ეკუთვნოდა. ქართული სასამართლო გამოიტანდა ვერდიქტს, რომელსაც ევროპული სასამართლო ან დაადასტურებდა, ან არ დაადასტურებდა. ქიბარ ხალვაშმა ეს პროცესი მოიგო. ასე რო,მ ტყუილად იქნევს ჩხუბის შემდეგ ოქრუაშვილი ხელებს. არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ „რუსთავი 2“ არის ოქრუაშვილის მფლობელობაში, არ არსებობს“, – განაცხადა შატბერაშვილმა.