სპეცრაზმელი 20 ივნისის ღამეს იხსენებს

სპეცრაზმელი 20 ივნისის ღამეს იხსენებს

ქვეყნის მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის სატელიტებთან ერთად უკვე დაიწყო 20 ივნისის ღამის მოვლენების შეტრიალება - თურმე ადგილი ჰქონდა არა პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, არამედ მშვიდობიანი მომიტინგეების მოულოდნელ დარბევას. ამაში მოღალატეებს ხელს უწყობს ე.წ. ქართული მედიის ნაწილი - "რუსთავი 2" (იგივე "ყრუსთავი", "ტვ პირველი" (იგივე "ჭუტა პირველი") და "კავკასია" (იგივე "აქუს ტაშტი). რომ არ არსებობდეს კადრები, სადაც კარგადაა დაფიქსირებული, ე.წ. ოპოზიციონერები დაქირავებულ ზონდერებთან ერთად როგორ ცდილობენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრას, დარწმუნებული ვარ, უფრო გაუადვილდებოდათ მოვლენის შეტრიალება და ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოშორებასაც იოლად შეძლებდნენ, მაგრამ უჭირთ, წინააღმდეგობაში ვარდებიან და არც დაქირავებული ჟურნალისტების ხელით გამოუდით დამაჯერებელი გადაცემები თუ სიუჟეტები. რასაკვირველია, ავატიურისტების განზრახვა მალევე გაშიფრა გიორგი გახარიამ და ასეთი რამ განაცხადა:

პოლიციელებს ბრალს დებენ იმაში, რომ მათ ქვეყნის წინაშე თავიანთი ფუნქცია შეასრულეს და ფიზიკურ მოძალადეებს არ მისცეს საშუალება, შეჭრილიყვნენ პარლამენტში.

დიახ, სწორედ ასეა. თუმცა "ნაციონალური" პროპაგანდა ცდილობს, არ ახსენოს 100-ზე მეტი დაშავებული სპეცრაზმელი, ასევე თვალგამოთხრილი პოლიციელი და მეტიც, ყველა მათგანი დამნაშავად გამოიყვანოს, რომლებმაც თურმე უმოწყალოდ დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, ამოხოცეს, ჩაქოლეს, გადაუარეს. ზოგიერთი ქარაქუცა ტელეწამყვანი იქამდეც კი მივიდა, 20 ივნისის მოვლენას 2011 წლის 26 მაისისა და 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან ათანაბრებს. თურმე ვანო მერაბიშვილს იმაზე მეტი არაფერი დაუშავებია, ვიდრე გიორგი გახარიამ დააშავა. ამ მოღალატეობრივ პროპაგანდაში გამოერივნენ ისეთებიც, რომელთა ლოზუნგები არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება - მაგალითად, გუბაზ სანიკიძე (იგივე გუბაზ პირქუში) აცხადებს:

"მომიტინგეებმა, ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა"!

როგორც ჩანს, გუბაზ პირქუშის მიზანი ერთია - კი, ბატონო, სისულელეს ვამბობ, მაგრამ ერთი-ორი ჩემნაირი გამოყ...ევებული მაინც ხომ დაიჯერებს?!

მოკლედ, ავანტიურისტთა ბუნაგი პანიკაშია. გადამტრიალებლებმა, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალება ვერ მოახერხეს სწორედ გიორგი გახარიას მეცადინეობით, იმდენად აქვთ ბოღმა მოწოლილი, საკუთარ ლოგინებშიც კი ვეღარ ტრიალდებიან ხეირიანად. ვიდეოჩანაწერები იქით იყოს, ამჯერად "საერთო გაზეთს" ესაუბრება ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც წინა ხაზზე იმყოფებოდა და საბედნიეროდ, გადარჩა. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვამხელთ:

- ჯერ ვიტყვი იმას, რომ პარლამენტის შენობასთან გაწვრთნილი სპეცრაზმი არ ყოფილა, ვიყავით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარიდან, ჩვენ ვიცავთ სამინისტროს ობიექტებს. სულ ვართ 18-20 წლის წვევამდელები. როდესაც გამოგვიძახეს, არც კი ვიცოდით, რა ხდებოდა, გორგასლის ქუჩაზე გამოვცხადდით, ავიღეთ აღჭურვილობა და შეგვიყვანეს მთავრობის კანცელარიის ეზოში, შემდეგ კი გადავედით პარლამენტის შენობის ეზოში. ბრძანება იყო, რომ არ უნდა გადავსულიყავით შეტევაზე, გვევალებოდა მხოლოდ შესასვლელისა და საკუთარი თავის დაცვა. შეგვეძლო, "დუბინკის" დარტყმა მარტო ფარზე გაფრთხილების მიზნით. თავიდან თითქოს საშიში არაფერი იყო, მაგრამ...

- ბრძანებას ვინ იძლეოდა, გიორგი გახარია?

- არა, გახარია საერთოდ არ მინახავს, ჩვენი ხელმძღვანელი იყო იქ, ოცმეთაური და იმას ვემორჩილებოდით. ჩვენს უკან იდგნენ პოლიციელები, მათ არც ფარები ჰქონდათ, არც "დუბინკები" და არც იარაღი. როდესაც შეტევა დაიწყო, ეს პოლიციელები გვიმაგრებდნენ ზურგს, უკნიდან გვაწვებოდნენ, რომ შეტევაზე გადმოსულებს არ წაველეკეთ. აბა, როგორია? წინიდან გაწვებიან, უკნიდანაც, ისეთი სიტუაციაა, სული გეხუთება, მძიმე აღჭურვილობაც ხელს გიშლის, ფეხზე ვეღარ დგები ნორმალურად... ეს ჩაფხუტიც ისეთია, კარგად ვერ ხედავ. მოდის გავეშებული მასა, გიყვირიან, ღრიალებენ, საგნებს გესვრიან. ჩემი მეგობარი შევარდა შენობის ეზოში, არიქა, დანები და კასტეტები აქვთო.

- დანები და კასტეტები მართლა ჰქონდათ?

- მე არ მინახავს. თუმცა არ გამოვრიცხავ, გვესროდნენ ყველაფერს, ქვებს, აგურებს, ბოთლებს და ასე შემდეგ. მე მომცვივდნენ, "დუბინკას" ჩაეჭიდნენ, ხელი ოფლიანი მქონდა და გამისხლტა. მეორე მომვარდა, ჩაფხუტის შესაკრავში მწვდა, ყელში წამიჭირა. ვატყობ, ვიხრჩობი. ავიხედე, ჩემ თავზე "დუბინკა" უნდა დაეშვას. ფარიც წამგლიჯეს. სხვა გზა აღარ მქონდა, ვიღრიალე, რას შვრებით, ვის ურტყამთ, მე ხომ აქ თქვენს დასაცავად ვდგავარ-მეთქი?! ჩაფხუტი რომ ამგლიჯეს თავიდან, დაინახეს, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, თან ახალგაზრდა და აქ ცოტა გამოფხიზლდნენ, ერთმა იყვირა, ამას არ დაარტყათო. უკან დაიხიეს, შემეშვნენ და ამ დროს დავბრუნდი ჩემს პოზიციაზე.

- შენ იდექი ეგზალტირებული მასის პირისპირ, თუ გახსოვს, ეს რა კატეგორიის ხალხი იყო? აქციის მონაწილე ე.წ. ახალგაზრდები ამტკიცებენ, ჩვენ არ ვიცით, ეს რა მასა იყო, ჩვენ შენობაში შეჭრა არც კი გვიფიქრიაო.

- პირველი, რაც შევამჩნიე, არის ის, რომ ყველანი ძალიან კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთი ადგილიდან იყვნენ მოსულები სპეციალური დავალებით. სწორედ ჩემს წინ იდგნენ ნიკა მელია, შალვა ნათელაშვილი და სხვები. მათ ჰქონდათ რაღაცის მოლოდინი, დასაწყისში მართავდნენ სიტუაციას. თუმცა, როგორც კი მასა შეტევაზე გადმოვიდა, ესენი გაქრნენ. მეორე კიდევ ის დავინახე, რომ ყველა იყო ან მთვრალი, ან დაბოლილი, ან ჰქონდა გაჩხერილი. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანს ეხვეწებოდე, წადი, თავი დამანებეო და ის ისევ მოდიოდეს და გაგინებდეს. მესამე - შეტევაზე გადმოსულთა უმეტესობამ არ იცოდა, ვის ეჩხუბებოდა, რა უნდოდა და საერთოდ, რისთვის იყო მოსული. ერთი შუა ხნის კაცი მომახტა, დააგდე ფარი და "დუბინკა", ამ ხელისუფლებამ გუშინ არჩევნები გააყალბა და უნდა დავამხოთო. მეორე მიყვიროდა, შენ ეხლა გმირობა უნდა ჩაიდინო, დაყარე იარაღი, გადმოდი ხალხის მხარეს, როგორც საფრანგეთში გააკეთეს სპეცრაზმელებმაო. ვეუბნები, წადი, გამანებე თავი, ვერ ვიშორებ, დაიხევენ უკან, ისევ მოდიან. ერთი პერიოდი შევნიშნე, რომ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ერთი ჯგუფი ცოტა უკან იხევდა, მეორე ჯგუფი მოდიოდა, შემდეგ ესენი იხევდნენ, ცოტა ისვენებდნენ და ისევ იწყებდნენ. გეუბნებით, ეს იყო კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული შეტევა.

- გაზისა და წყლის ჭავლის გაშვების ბრძანება გაიცა მაშინ, როცა უკვე ვეღარ უძლებდით, ხო?

- რა თქმა უნდა, როცა დადგა საშიშროება, რომ გადაგვტეხავდნენ, დაიწყო გაზის გაშვება. აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, სპეციალური დანაყოფია, მეთოფეებს ეძახიან, მათ დაიწყეს ამ საქმის კეთება. მიუხედავად ამისა, ნარკოტიკებით გაბრუებული მასა მაინც არ შეჩერდა. ასე თავი რომ გაწირო, ადამიანს ან დიდი ფული უნდა გქონდეს აღებული, ან კიდევ თავში ვერ უნდა გქონდეს საქმე კარგად. მე ვფიქრობ, აქ დიდი ფული იყო გადახდილი, არ შეიძლება, არ მგონია, ამდენ ხალხს ასე ერთდროულად დაეკარგა ჭკუა-გონება. წამალს და ფულს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ისიც ტყუილია, რომ იძახიან, თვალებში დამიზნებით ესროდნენო, რეზინის ტყია ისეთია, ვერ დაუმიზნებ, მას აქვს მრგვალი თავი და ვერ აპობს ჰაერს. თუ ვინმეს მოხვდა თვალში, ეს იყო შემთხვევითი. თუმცა არ უარვყოფ, რომ დასასრულისკენ იყო რამდენიმე პოლიციელის მხრიდან აგრესია და გამიკვირდა კიდეც, ესენი რაღამ გააგიჟა-მეთქი? ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც პროვოკაცია გათამაშდა. ბრძანების თანახმად, პოლიციას უნდა შეენარჩუნებინა სიმშვიდე და ამას აკეთებდნენ კიდეც. ალბათ კადრებში ნახეთ, როგორ ასკდებოდნენ ჩვენს კორდონს გაგიჟებული ტიპები, რამდენიმე შიგნით შევითრიეთ, ეზოში შეიყვანეს, სადაც სასწრაფოები და ავტობუსები იდგა. იქ თავზე ევლებოდნენ, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ, ხომ არაფერი იტკინეთო? ამაზეც მეცინებოდა, ცოტა ზედმეტი იყო მოფერება. ესენი ეფერებოდნენ, ისინი მაინც გიჟობდნენ, დაგვიჭირეთ, ციხეში ჩაგვყარეთ, დიახაც, ხელისუფლების დამხობა გვინდაო. ერთი გადაეკიდა ჩვენს მეთაურს, რომელიც ძალიან წესიერი კაცია, გინდა თუ არა, დამიჭირეო. ეს ეუბნება, არ დაგიჭერო. უნდა დამიჭიროო. ძლივს მოიშორა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თუ დაიჭერდნენ, ალბათ უფრო მეტს გადაუხდიდნენ. ბოლოს ერთი რამე მინდა ვთქვა: ჩვენს წინ იდგა გავეშებული მასა და ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ. გიორგი გახარია არის ძალიან მაგარი მინისტრი. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ვართ რობოტები და არაფერზე არ ვფიქრობთ. მათგან განსხვავებით, ძალიან კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებდით. იგივე რომ გამეორდეს, იგივეს გავაკეთებთ. გავრცელებულ ვიდეოებშიც კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანები მოსაკლავად გვიმეტებდნენ, ეს იყო მაგრად ორგანიზებული  ფაშისტური ჯგუფები. როდესაც ჩვენ წყალი დაგვირიგეს, მათ ვაძლევდით, რომ დაწყნარებულიყვნენ, მიჰქონდათ, წყალს ღვრიდნენ, შიგ ქვებს ტენიდნენ და აქეთ გვესროდნენ. აბა, ეს ნორმალური საქციელია? ჩვენ ვერავინ ვერ დაგვადანაშაულებს, რომ კანონი და ბრძანება დავარღვიეთ, გავაკეთეთ ის, რაც გვევალებოდა.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"