უკრაინაში ძარცვის ფაქტზე საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ქართველები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ.

ამასთან, როგორც კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, სამი ნიღბიანი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ-ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს თავს დაესხა, სახლის მეპატრონეები დააბეს და ძვირფასეულობა და ფული წაიღეს.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი-ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციის ცნობით, ისინი აეროპორტისკენ მიემართებოდნენ და სამშობლოში გაფრენას გეგმავდნენ.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი.

18 აგვისტოს ქ. კიევში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე. დაკავებულებისგან ამოიღეს ავტომატური იარაღი და პისტოლეტი.

მირიან გოჩაძესთან და თენგიზ ზანაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ლევან ხუციშვილი. 

მირიან გოჩაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 1994 წლიდან 2013 წლამდე. სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი (დეპარტამენტის დირექტორი). - თენგიზ ზანაძე შსს ორგანოებში მუშაობდა 2004 წლიდან 2013 წლამდე.

ლევან ხუციშვილი შსს ორგანოებში მუშაობდა 2006 წლიდან იყო სსდ-საქ. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი.

უკრაინის პოლიციის ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო.

 PRIME TIME