ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch"-ის რეიტინგზე: უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება

ირაკლი მეზურნიშვილი “Fitch"-ის რეიტინგზე: უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება

„ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რასაც პირველ რიგში უყურებს ინვესტორი და რისი  გათვალისწინებითაც იღებს გადაწყვეტილებას“ - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სარეიტინგო კომპანია „Fitch“- ის რეიტინგის შეფასებისას.
მისი თქმით, ისეთი სარეიტინგო კომპანიის მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია, სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით,   ინვესტორები სწორედ აღნიშნულ  ფაქტორებს ადევნებენ თვალყურს და  შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, დააბანდონ თუ არა თანხები ამა თუ იმ განვითარებად ქვეყანაში:
„ის ფაქტი, რომ „Fitch“-მა ძალიან ბევრი წლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში, პირველად შეცვალა ჩვენი რეიტინგი, ერთი ნაბიჯით დაგვაწინაურა და „BB“ მოგვანიჭა სტაბილურობის პროგნოზით, არის დადებითი შეფასება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და იმ რეფორმების, რაც  ჩვენს ქვეყანაში  ბოლო წლების განმავლობაში ტარდება. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ იმ არასტაბილური სიტუაციის მიუხედავად, რაც ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ რეიტინგს. ეს ძალიან პოზიტიური შეფასება კარგია, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რასაც პირველ რიგში უყურებს ინვესტორი და რისი  გათვალისწინებითაც იღებს გადაწყვეტილებას - დააბანდოს თუ არა თანხები ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არა მარტო მმართველ გუნდზე, არამედ ოპოზიციაზე და საზოგადოების ნებისმიერ წევრზე გადადის ვალდებულება, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე ქვეყანაში“,- აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.
მისივე შეფასებით, მთავრობას და პარლამენტს გააჩნია მეტი პოტენციალი,  კიდევ უფრო დაჩქარდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის  პროცესი:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 7.7%-ია. მაგრამ ამავდროულად, ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა კიდევ უფრო შევამციროთ ეს დეფიციტი, რადგან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი. ეს თავის მხრივ, მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეც აისახება. ჩვენ უფრო მეტის პოტენციალი გაგვაჩნია და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესი,  ექსპორტის  ზრდა და ანგარიშის დეფიციტის შემცირება“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.