უფოლოგ ერეკლე შონიას ანგარიში - რა არის გადარჩენის გზა, სად არის ჭეშმარიტება?

უფოლოგ ერეკლე შონიას ანგარიში - რა არის გადარჩენის გზა, სად არის ჭეშმარიტება?

კაცობრიობას ჰგონია, რომ ანომალური მოვლენების კვლევის ნაწილი, კონკრეტულად – უფოლოგია, ახალი მეცნიერებაა, რომელსაც მხოლოდ უცხო ცივილიზაციების არსებობის დოკუმენტური მასალების ძიება ევალება. სინამდვილეში ქართული უფოლოგია ტრანსდისციპლინარული მეცნიერებაა, სადაც განსაკუთრებული როლი ფიზიკას, გეოფიზიკას, მედიცინას, ფსიქოლოგიას, ატმოსფერული მოვლენებისა და ბუნების ფენომენების შესწავლას უკავია. შეუძლებელია ერთი კერძო ფენომენის, როგორიცაა ანომალური მოვლენების გააქტიურება ქვეყნის რომელსამე რეგიონში, ერთი სამეცნიერო მიმართულებით ან ვიწრო თვალთახედვით ამოხსნა. გთავაზობთ საქართველოს უფოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის „ადამიანი-გარემოს“ მიერ, კერძოდ, საქართველოს პირველი უფოლოგის, ფიზიკოს თალეს შონიასა და მისი სკოლის შემუშავებულ ხედვას გარემოში მიმდინარე ანომალურ პროცესებთა თაობაზე. სტატია მოკრძალებული მცდელობაა, ფარდა ახადოს საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარ ტრაგედიის მიზეზებს. 
50-წლიანი კვლევის შედეგად მკვლევრებმა დავასკვენით, რომ გარკვეული ანომალური, პარანორმალური, ფენომენალური მოვლენები არ არის განყენებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ზოგადსაკოცობრიო პროცესებისგან. მაგალითად, როდესაც ქვეყანასა ან რეგიონში დაძაბულობა იმატებს, იზრდება ანომალური მოვლენების რიცხვი, მათ შორის, პოლტერგეისტის გამოვლინება, არაიდენტიფიცირებული საფრენი აპარატების გამოჩენა, არამიწიერი ცოცხალი არსებების დაფიქსირება. 
მასშტაბური  რეგიონული კვლევების გარდა, თალეს შონიამ შეისწავლა ლოკალურად ოჯახები, სადაც მიმდინარეობდა ფენომენალური მოვლენები: პოლტერგეისტი, რაც გულისხმობს ნივთების გადაადგილებას, ტელეპორტაციას, თვითაალებას... ამ ოჯახებში მან გამოავლინა მაღალი, ემოციურად დაძაბული, კონფლიქტური ფონი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის საცხოვებელი სახლი გეოლოგიურად არაჯანსაღ ადგილზე იყო აგებული (მიწისქვეშა წყლები, ხევები, ნასახლარები, სამარხები, სასაფლაოები, ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და მაღალი სიხშირის რადიო და ტელე-საკომუნიკაციო ანძები). ადამიანსა და გარემოზე ეს ფაქტორები იწვევს ქიმიო-ფიზიკურ  ზემოქმედებას. ასეთ გარემოში ხანგრძლივი ყოფნა იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას. თავს იჩენს სხვადასხვა დაავადებების მატება, მათ შორის ონკოლოგიური, გენეტიკური, ფსიქიური აშლილობები,  ასევე სუიციდისკენ მიდრეკილება. თ. შონია მიუთითებდა მოსახლეობას გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, მიმართულებას აძლევდა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ ყოველდღიური ყოფა-ქცევა,  დაემშვიდებინათ გარემო, დადებითი აზრების გენერირება მოეხდინათ და სხვადასხვა ფენომენთან მიმდინარე კონტაქტი სწორ კალაპოტში მიემართათ. რჩევების გათვალისწინებამ გამოიღო შედეგი: პოლტერგეისტის გამოვლინება ჩაქრა, დამშვიდდა. ადამიანებს გაეხსნათ გარე სამყაროსთან საკომუნიკაციო უნარი, რის შედეგადაც გახდნენ მეტად მორწმუნენი და მაღალზნეობრივი პიროვნებები. ბევრმა მათგანმა შექმნა ხელოვნების შედევრები, სამეცნიერო დარგში აქვთ აღმოჩენები, ადამიანების მკურნალობის უნარი გაეხსნათ და ა.შ.  
1984  წელს საბჭოთა კავშირში იწყება ანომალურ მოვლენებზე ღიად, აქტიურად საუბარი. მიზეზი გახდა თბილისი-ტალინის რეისის საავიაციო ბორტის შეხვედრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან. პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მრავალმილიონიანი ქვეყანა აალაპარაკა. მოიხსნა ტაბუ, ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წამოვიდა. 80-იანი წლების ბოლოსთვის თალეს შონიამ დააფიქსირა ამომალურ მოვლენებთან დაკავშირებული შეტყობინებების ზრდის ტენდენცია. მომართვებში უცხო ცივილაზიციების ხომალდებისა და არამიწიერი არსებების აღწერასთან ერთად იყო თვითმხილველების მიერ მიღებული ინფორმაცია მომავალი ცვლილებების შესახებ. ინფორმაციის წყაროდ ადამიანები ასახელებდნენ მათ მიერ ნანახ არამიწიერ არსებებს და რელიგიურ წმინდანებს, რომლებიც მათთან ურთიერთობაში შედიოდნენ. მაშინდელი ათეისტური წყობისთვის ეს დაუჯერებელი და მიუღებელი იყო.  შემოსულ მასალაში საუბარი იყო მომავალი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შესახებ, მათ შორის ომებზე, სისხლისღვრაზე, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვაზე. გადმოგვცემდნენ აგრეთვე მიწისძვრისა და სხვა სტიქიური მოვლენების შესახებ. კვლევაში მონაწილეობდა ფენომენი ბიჭი, რონელიც ხედავდა გარემოდან, ადამიანებისა და უსულო საგნებისაგან გენერირებულ  გამოსხივებას. 1988 წლის 1 დეკემბრიდან მან მიწის ზედაპირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე შეამჩნია  ყავისფერი გამოსხივება, რომელიც ყოველდღიურად მატულობდა. ბიჭის თქმით, ამ ნათებაში დიდი სიჩქარით  ქაოტურად ნაწილაკები მოძრაობდნენ. 7 დეკემბერს, სომხეთში, ქალაქ სპიტაკში, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, 10-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით,  მას 25 000, ხოლო არაოფიციალურით, 150 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფენომენი ბიჭის დაკვირვებით, მიწისძვრის დღეს მიწის ზედაპირიდან გამოსხივებამ პიკს მიაღწია და შემდეგი 7 დღის განმავლობაში ნელ-ნელა იკლებდა. ბიჭის აღწერილი მოვლენა ემთხვევა იმ დროის ქართველი გეოფიზიკოსების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევას (დედამიწის ქერქის გეოლოგიურ რღვევებზე სხვადასხვა რედიოაქტიური ნივთიერების მახასიათებლის აქტივობის მიხედვით მიწისძვრების და სეისმური აქტივობის პროგნოზირების შესაძლებლობაზე). პირველად მსოფლიოში, შესაძლებელი გახდა მიწისქვეშა ბიძგების პროგნოზირება მიწისძვრამდე ერთი კვირით ადრე. სამწუხაროდ, საქართველოში 1991 წლის გადატრიალების შემდეგ, კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს მიმართულება, დავიწყებას მიეცა. არც ფენომენების ნიჭით არავინ დაინტერესებულა. სპიტაკის მიწისძვრის თვითმხილველები აღწერდნენ მიწისქვეშა ბიძგების  შედეგად გაჩენილი ნაპრალების თავზე რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე ამოუცნობ მფრინავ ხომალდებს, ნათებებს, რომლებიც უხმოდ დაფრინავდნენ და თითქოს იკვლევდნენ დედამიწის ქერქს.
       კავკასიონი ახალგაზრდა მთათა სისტემაა, რომელიც გეოლოგიური ფილების მიჯნაზე მდებარეობს, რის გამოც კავკასია განსაკუთრებული დაძაბულების რეგიონად ითვლება. თუ განვიხილავთ დედამიწას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ამ ტერიტორიაზე ადამიანების მიერ გენერირებული დაძაბულობა აღაგზნებს გარემოს, რეზონანსში ექცევა დედამიწის ნატიფ ველებთან. ამის პასუხად დედამიწა რეაგირებს და ხდება გეოფიზიკური, ატმოსფერული ან ტექნოგენური კატასტროფები. სპიტაკის მიწისძვრის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ამიერკავკასიის რეგიონში  პოლიტიკური დაძაბულობა, ეროვნული მოძრაობების გააქტიურება სახელდება. ყველას გვახსოვს  სუმგაითის მოვლენები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისი და მრავალათასიანი მიტინგები. 
1986-90 წლებში საქართველოში ანომალური მოვლენების არნახული გააქტიურება დაფიქსირდა. კავკასიის რეგიონი არამიწიერი ცივილიზაციების აქტიური დაკვირვების ქვეშ მოექცა. ისინი თვითმხილველების, კონტაქტორების მეშვეობით გვაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და გვაძლევდნენ მიმართულებას, თუ როგორ წარგვემართა ჩვენი ენერგია სიმშვიდის, სიყვარულის, მეგობრობის გზით, როგორ შეგვემცირებინა უარყოფითი ენერგიისა და აზრების გენერირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები შეუქცევადი და უმართავი გახდებოდა. თალეს შონია მიღებულ ინფორმაციას უზიარებდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და საზოგადოებას.  სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ  ვერ შევძელით ზნეობრივი ზრდა და ჰარმონიული განვითარების ნაცვლად ავყევით მასობრივ ფსიქოზს.  ძმა ძმას დაუპირისპირდა, დაიწყო სისხლიანი კონფლიქტები, ნგრევა, სამშობლოს ნაკუწ-ნაკუწ გლეჯა და გაყიდვა. სიყვარულის ნაცვლად  ერთმანეთს აგრესიით ვუპასუხეთ. შედეგად, გეოლოგიური კატასტროფა, სამხედრო კონფლიქტები, შიმშილი მივიღეთ. ენერგეტიკის, საწარმოო და სამეცნიერო პოტენციალის განადგურება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინება მოხდა; ოდესღაც 15 საბჭოთა რესპუბლიკიდან უმდიდრესი რესპუბლიკა – საქართველო აღმოჩნდა „ქვის ხანის“ პერიოდში. ამ შედეგების გამოსწორებას დღესაც წარუმატებლად  ვცდილობთ. 
ამ მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ მსოფლიოში და, განსაკუთრებით საქართველოში, კვლავ ხდება პარანორმალური აქტივობის გახშირება. გავიხსენოთ 2016 წლის ზაფხული. მოვლენები დაიწყო ქვემო ქართლის სოფელ კუმისში, გადაინაცვლა კახეთში, სამეგრელოში, თბილისის მიდამოებში და დედაქალაქშიც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა.  2016 წელი პოლიტიკური ვნებათაღელვებით გამოირჩეოდა. ქვემო ქართლისა და სამეგრელოს მოვლენებმა, როგორც ჩანს, მიიქცია უცხო ცივილიზაციების ყურადღება. ასობით თვითმხილველმა მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს დახმარებისათვის. შეშინებული მოსახლეობა აღწერდა სხვადასხვა ტიპის უცნაურ არსებებს, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლებში შეუმჩნევლად აღწევდნენ და ადამიანისაგან განსხვავებულ თვისებებს ავლენდნენ. აღწერდნენ არსებებს, რომლებიც უცნაური მოწყობილობებით თითქოს იკვლევდნენ გარემოს. საგულისხმა ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მსოფლიოში გეოლოგიური კატასტროფები ხდება: თითქმის იგივე პერიოდში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა იტალიაში, ხოლო რამდენიმე თვით ადრე იაპონიასა და ეკვადორში. 
შევეცადე ერთი რეგიონის, კავკასიის, მაგალითზე, მეჩვენებინა, თუ როგორ ებმის ერთმანეთს ადამიანისა და გარემოს ურთიერთმოქმედება, რამდენად დამანგრეველია ჩვენს მიერ გაკეთებული აგრესიისკენ მიმართული არასწორი არჩევანი; თუ როგორ ძლიერდება ეს უარყოფითი მუხტი ისეთი განსაკუთრებული ველების მქონე დედამიწის ამ რეგიონში, თუ როგორი მნიშვნელოვანია  მშვიდი, სამართლიანი, მოაზროვნე საზოგადოების შექმნა და ბუნებასთან ჰარმონიით ყოფნა. დედამიწას ზოგადად ახასიათებს მსგავსი რეაქცია ადამიანების მოქმედებაზე. დიდი  ცვლილებების დროს, მოსალოდნელი ომების წინ,   საზოგადოება აღიგზნება, ფიქსირდება მასობრივი ფსიქოზი.  ეს მდგომარეობა გარემოს გადაეცემა: ადამიანის და გარემოს ენერგია რეზონანსში ექცევა და დამანგრეველ შედეგებს გვაძლევს. ხდება ტექნოგენური კატასტროფები, ბუნებრივი კატაკლიზმები. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის წინ, დედამიწაზე მიმდინარე რევოლუციორი დუღილის , სოციალური უთანასწორობის ფონზე, 1912 წლის 15 აპრილს (ზუსტად ნოტერდამის ტრაგედიამდე 107წლით ადრე იმავე დღეს)  ადამიანის მიერ შექმნილ უდიდეს ტექნოგენურ მოწყობილობას, საოკეანო ლაინერს „ტიტანიკი“ წინ აღუდგა ბუნების სტიქია აისბერგის სახით. აზრი აღარ აქვს კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს, იყო ეს ფოლადის ხარისხი, გემის გადატვირთულობა, არასაკმარისი სამაშველო ნავები, კაპიტნის დაუდევრობა – მთავარია, რომ ბუნებამ შექმნილ დაძაბულ ფონს, ადამიანების შეცდომებს მტკივნეულად  უპასუხა. პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა მსოფლიოს ოთხი უძლიერესი იმპერია: რუსეთის, ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის და ოსმალეთის.
მეორე მსოფლიო ომის წინ, 1937 წელს, ხანძრის ალში გაეხვა მსოფლიოში უდიდესი დირიჟაბლი „გინდენბურგი“. ამ ტექნოგენურმა კატასტროფამ დირიჟაბლების ერა დაასამარა.
საბჭოთა კავშირის დაშლას წინ კიდევ ერთი ტექნოგენური კატასტროფა უძღოდა: 1986 წლის 26 აპრილს კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა: ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა. ტექნოგენურმა კატასტროფამ მსოფლიოში ეკოლოგიური ცვლილებები გამოიწვია, რომლის შედეგების გამოსასწორებლად კაცობრიობას რამდენიმე ათასი წელი დაჭირდება. 

რაზე მიგვანიშნებს მიმდინარე ანომალური მოვლენები, მიწისძვრები, ხანძრები, ტექნოგენური კატასტროფები, ცუნამი, ტორნადო, ვულკანი? იქნებ კაცობრიობა ცვლილებების, ომების, დედამიწაზე ძალთა და ბუნებრივი რესურსების გადანაწილების ახალ გადამწყვეტ ფაზაში შედის? იქნებ სწორედ ეს არის, რაც ქვეცნობიერად იწვევს საზოგადოებრივ დუღილს, აგრესიას, ყოველგვარი უკეთურების გამოვლენას და ნორმად ქცევას? საით მიექანება კაცობრიობა?!
იქნებ სამყარო დღესაც ცდილობს თვალი აგვიხილოს, შეგვანჯღრიოს, გამოგვაფხიზლოს, სანამ ძალიან გვიანი არ არის-ამჯერად პარიზის ღვთის მშობლის დაფერფლილი ტაძრის  კედლებით?..

გლობალური პრობლემა

რა არის გადარჩენის გზა, სად არის ჭეშმარიტება? კაცობრიობა დიდ რესურს ხარჯავს იმისთვის, რომ სადღაც ძალიან შორს იპოვოს ჭეშმარიტება. ხშირ შემთხვევაში ეს ძიება წარუმატებელია, ეს წარუმატებლობა მოუმზადებელ ადამიანებს იმედს აკარგვინებს, აგრძნობინებს მათ, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს. სწორედ ამ დროს გამოჩნდებიან დარვინისტი მეცნიერები, რომლებიც თავის ნაშრომში  ღმერთს ადგილს არ უტოვებენ, ამით ისინი ახალ უსულგულო მიმართულებას ქმნიან საზოგადოების აზროვნებაში, ადამიანის ღვთაებრივ დანიშნულებას ხაზს გადაუსვამენ და სულიწმინდის არსს პრიმიტიული ორგანიზმის თვითგადარჩენის ინსტიქტით ცვლიან. შედეგად ვიღებთ ადამიანის მთლიანობის დამანგრეველ მოძღვრებებს. ერთიან სამყაროს ყოფენ იდეალისტურ და მატერიალურ სისტემებად, მატერიალისტური იდეოლოგიის წინ წამოწევით. ამკვიდრებენ აზრს, რომ ღალატი, მომხვეჭელობა, ამპარტავნება, სამშობლოს გაყიდვა, ქედმაღლობა, გაუტანლობა, სოციალური უთანასწორობა, მონობა, უგულოება... ყველაფერი დასაშვებია საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი მიზნის მისაღწევად. კაცობრიობა დაემსგავსა იმ პრიმიტიულ მომხმარებელ არსებას,  რომელიც მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობს და მომავალი სავსებით არ ადარდებს. გამძვინვარებული დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი საზოგადოება ამბიციურად გაიძახის, რომ სამყაროში მარტო ჩვენ ვართ და ჩვენ გვეკუთნის დედამიწა, ჩვენს გარდა არაფერი არსებობს. 70-წლიანმა ათეიზმმა ჩვენს აზროვნებას, მეცნიერებას, საზოგადოებრივ წყობას კვალი დაატყო: დაიკარგა ადამიანისა და ღვთაებრივი გარემოს ერთობლიობის შეგრძნება. რწმენა მოდად მივიღეთ და რელიგიურობა – პარტიულ ნიშნად. სიბნელით, გონებისა და სულის დახშულობით ვანგრევთ საკუთარ თავს, ოჯახებს, მოყვასს, სამშობლოს, ეკოლოგიას, დედამიწას,  ვარღვევთ სამყაროში დაწერილ და დაუწერელ ყველა კანონს, რის გამოც ღვთაებრივი პლანეტა დედამიწა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებით გვპასუხობს გვაფხიზლებს.
 ამ ვაკხანალიით სხვა პლანეტების კოლონიზაციისა და შავი ხვრელის საიდუმლოების შეცნობის ამბიციური სურვილი გვაქვს. ეტყობა, ჩვენს მოუმზადებლობას უფალი ხედავს და მასთან ერთად ის სხვა სამყაროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ჩვენზე გაცილებით მაღლა დგანან განვითარებით. სწორედ ამის გამო ჯერ ვერ ხერხდება შორეულ კოსმოსში ჩვენი გასვლა. ჯერ ადრეა! ჯერ აცდენილები ვართ ჩვენი განვითარების სწორ გზას! ჯერ ჩვენი ზნეობრივი მხარე ძლიერ ჩამოუვარდება ჩვენს ტექნიკურ განვითარებას! ადამიანმა, იარაღის მკეთებელმა არსებამ, უკვე შექმნა საკუთარი სახლის, ცისფერი დედამიწის, მრავალჯერ განადგურების იარაღი - ეს იმ ფონზე, რომ მას ჯერ მისი გამოუყენლობის არც მორალი, არც გონება გააჩნია. დღევანდელი ატომური პარიტეტი უბრალო  ცხოველურ შიშზე დგას. კაცობრიობის ბედი დამოკიდებულია  იმაზე, თუ რომელი სახელმწიფოს წინამძღოლი აღმოჩნდება უფრო შეურაცხადი და პირველი გამოკრავს სასხლეტს.

კათარზისი

მაშ, რაშია ხსნა?!

დედამიწელებმა უნდა გავითვალისწინოთ საუკუნეებით დაგროვილი ცოდნა-გამოცდილება.
გავაღვიძოთ საკუთარი სული და გონება, გავამთელოთ მრავალი ათწლეულის გახლეჩილი აზროვნება.
გავხდეთ მეტად მორწმუნენი და კაცთმოყვარენი, დავთრგუნოთ შიში და სისუსტე.
ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, შევქმნათ სამართლიანი, მოაზროვნე, ადამიანის და გარემოს ჰარმონიაზე ორიენტირებული  საზოგადოება და საზოგადოებრივი ინსტიტუტები.
ჯერ ჩვენ ვისწავლოთ და მერე შვილებს ვასწავლოთ, რომ თავისუფლება, პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას, ჭეშმარიტებას, სამართლიანობას,  სიყვარულს, შრომის უნარს, რაინდობას, აზროვნებას, მეგობრობას, შემეცნებას, სიკეთის კეთებას, სამშობლოს,  ბუნებისა და დედამიწის გაფრთხილებას ნიშნავს.
ამ დიდ და რთულ გზაზე საჭიროა ყოველი ადანიანის პოტენციალის გამოყენება-განვითარება, ხოლო მიღებული რაციონალური შედეგის ერისა და კაცობრიობის სამსახურში ჩაყენება.   
ასერომ,  შეცვალეთ საკუთარი თავი ხარისხობრივად! გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ერთი დადგენილი მომავალი! გახსოვდეთ, რომ ღმერთი თქვენშია და თქვენ ღმერთში ხართ! გააღვიძეთ მარადიული ღვთაებრივი თქვენში! გახადეთ სამყარო უფრო კეთილი და უკეთესი!

პატივისცემით, ერეკლე შონია