ქართველი ტელეჟურნალისტის 12 მცნება

ქართველი ტელეჟურნალისტის 12 მცნება

1. როგორც კი რესპონდენტი დაიწყებს ლაპარაკს, ეგრევე ეტაკე პირში, რათა ვერ მოასწროს აზრის ჩამოყალიბება. თუ ჩამოაყალიბა, შეიძლება შენი უმეცრება გამოჩნდეს;

2. გადაცემის წაყვანისას ხშირად გაუსვი ხაზი, რომ შენ ასე და ასე გსურს, რომ შენ ხარ სტუდიის სრული ბატონ-პატრონი. ამ დროს რესპონდენტი ითრგუნება და აუცილებლად იღებ შენთვის სასურველ შედეგს;

3. ილაპარაკე განსხვავებული ტერმინოლოგიით. მაგალითად: "გაქცევა მოახდინა", "აქცია დააორგანიზა", "შენობა დაკვამლიანდა", "საფეხბურთო მატჩი ჩაინიშნა" და ასე შემდეგ. მაყურებელს ეგონება, რომ განათლებული ტიპი ხარ;

4. რეპორტაჟის მომზადებისას მიიღე მამის მკვლელის სახე. რაც არ უნდა კარგ მოვლენას აშუქებდე, საჭიროა ხშირი სუნთქვა, ანუ ქოშინი. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს-ესაა მიირბინე ადგილზე და ყველაზე ოპერატიული ხარ;

5. ტრაგიკული სიუჟეტის მომზადებისას, ქოშინს უნდა დაემატოს გაწეწილი კიკინები. ამ დროს საჭიროა აქეთ-იქით სირბილი, გაძრომ-გამოძრომა. შეიძლება საკუთარი თვალით ხედავდე ყველაფერს, მაგრამ ჩაწერე ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან. მათ ფონზე გმირად წარმოჩინდები;

6. ნებისმიერი მოვლენის გაშუქებისას ნებისმიერ რესპონდენტს, რაც შეიძლება ღრმად ჩასჩარე პირში მიკროფონი, რათა მასაც დაეწყოს ქოშინი და სიტუაცია უფრო დაიძაბოს, ანუ მოვლენამ უფრო ტრაგიკული ფორმა მიიღოს;

7. არ გამოგეპაროს არც ერთი ადამიანის გარდაცვალება. მიზეზის კვლევას ნუ დაიწყებ, მთავარია ფაქტი. გახსოვდეს, მკვდარი ვერც თავს იმართლებს, ვერც სიმართლეს დაამტკიცებს, ვერც სასამართლოში გიჩივლებს. გარდაცვალების მიზეზად უნდა დაასახელო ისეთი რამ, რაც აუცილებლად მიგიყვანს ხელისუფლებამდე;

8. არ გამოგეპაროს ვინმეს პანაშვიდიც კი. ჩართე კამერა, შეიძლება იქ ვინმემ იღრიალოს, რომ ადამიანი, რომელიც კუბოში წევს, "ქართული ოცნების" რომელიმე წევრმა, ან სულაც ბიძინა ივანიშვილმა მოკლა. არ არის გამორიცხული, მკვდარიც წამოხტეს და ინტერვიუ მოგცეს, შემდეგ კი სამუდამოდ განუტევოს სული;

9. დაესწარი ყველას დაკრძალვას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოითხოვე პირდაპირი ეთერი, შენი ხელმძღვანელობა უარს ვერ გეტყვის, მათ ძალიან სიამოვნებთ მკვდრების ყურება. თუ არ იყოს დაკრძალვაზე შესაბამისი მძიმე მუსიკა, შენი მოწონებული დაადე. თან თვალები გადმოკარკლე, ლოყები ჩამოიხოკე, აკანკალდი, ვითომ ძალიან განიცდი. დასვი შეკითხვები პაუზის გარეშე: რატომ მოკვდა? ვინ მოკლა? რისთვის მოკვდა? ხომ არ შიოდა? ხომ არ სციოდა? "ქართული ოცნების" წევრს ხომ არ ეჩხუბა?!

11. თუ პანაშვიდიდან ან დაკრძალვიდან ჭირისუფლები გამოგაგდებენ, ისევ მიბრუნდი. თუ კიდევ გამოგაგდებენ, მაინც მიბრუნდი. არავის შეეპუო, ჭირისუფლები გამოიყვანე მოთმინებიდან, მათ აუცილებლად წამოსცდებათ რამე ისეთი, რაც მომავალში გამოგადგება;

12. არასოდეს მიბაძო "რუსთავი 2"-ის დირექტორს, თვითმარქვია ჟურნალისტს ნიკოლოზ გვარამიას, არ ჭამო წითელი წიწაკა, ის გაცილებით ეფექტურია, როცა ამოისვამ. ჯერ ერთი, უმალ გაჩნდები მოვლენის ადგილზე და მეორეც - ისეთი ტრაგიკული სიფათი გექნება, მთელ ქვეყანას შოკში ჩააგდებ.

P.S. მეგობარო, აი, შენ უკვე გაქვს დოკუმენტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო. ახლა ისღა დაგრჩენია, პრინტერზე ამობეჭდო, ჩარჩოში ჩასვა და სამუშაო ოთახში დაიკიდო. სხვა ეგზემპლარიც იქონიე, როცა ოთახიდან გასვლა მოგიწევს, დაკეცე და ჯიბეში ჩაიდე, ის იქნება შენი მეგზური და წარმატების მომტანი. ამინ!