ტელებარდაგი ყოველ საღამოს

ტელებარდაგი ყოველ საღამოს

ცალსერიანი პიესა

მოქმედი პირნი დაშემსრულებელნი: მომყვანები, წამყვანები, იმანოები, ამანოები და უაზროდ მოლაყბენი

თემა: ვინ დაიწყო ომი 2008-ში?

წამყვანი - ბატონო იმანო, თქვენც ფიქრობთ, რომ 2008-ში ომი საქართველომ დაიწყო?

- არა, როგორ გეკადრებათ!

წამყვანი - აჰ, ესე იგი, საქართველომ დაიწყო, ხომ?

- არა-მეთქი, არა, რუსეთმა დაიწყო, უბრალოდ მაშინდელი ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოეგო!

წამყვანი - გამოდის, საქართველომ დაიწყო და არა რუსეთმა.

- არა, ომი რუსეთმა დაიწყო, თანაც ბევრჯერ!

წამყვანი - რას ჰქვია, ბევრჯერ, თვალებზე გეტყობათ, რომ ბევრჯერ დამწყებში საქართველოს გულისხმობთ.

- არა, შვილო, არ ვგულისხმობ!

წამყვანი - ბატონო ამანო, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?

- არა, მე ვფიქრობ...

წამყვანი - აჰ, გასაგებია, ესე იგი, საქართველომ დაიწყო.

- არა!

წამყვანი - აბა, სალომე ზურაბიშვილმა რომ თქვა, საქართველომ დაბომბაო?

- არ უთქვამს ასე!

წამყვანი - როგორ არა, თქვა, ვიდეო ვნახე.

- მან თქვა, ომი რუსეთმა დაიწყო და საქართველო ამ ომში ჩაითრიესო!

წამყვანი - თუ ჩაითრიეს, გამოდის, საქართველომ დაიწყო.

- არა, დაწყება სხვა რამეა, ჩათრევა კიდევ სხვა რამე!

წამყვანი - როგორაა სხვა რამე?

- აეგრე, სხვა რამეა!

წამყვანი - არ არის სხვა რამე, ქალმა თქვა, რომ ჩვენ დავბომბეთ.

- თქვენ არ გესმით, რას გეუბნებით?!

წამყვანი - კი, მესმის, თქვენ აცხადებთ, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა.

- არა, ქალოვ და კაცოვ, არა-მეთქიიიი!!!

- აჰ, კარგი, იყავით ამ აზრზე, მე სხვანაირად ვფიქრობ... თუ გნებავთ, აგერ, დავით ნებიერიძეს ვკითხოთ, ფრიად განათლებულ ადამიანს, რომელსაც ინტელექტი კოსტუმის ჯიბიდან მოუჩანს წითელი "პლატოკის" სახით.

- დიახ, ეს მოღალატეები!

წამყვანი - თქვენ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა?

- ვფიქრობ კი არა, ასეა!

წამყვანი - რატომ?

- იმიტომ, რომ თქვა, ომი საქართველომ დაიწყოო!

წამყვანი - აჰ, სწორედაც რომ ასე თქვა და ნეტავ რატომ?

- ეგ გიკვირთ?

წამყვანი - არ მიკვირს, უბრალოდ შეკითხვას ვსვამ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

- ჰო... ეს მოღალატეები!!!

წამყვანი - აი, ხედავთ, ბატონებო, იმანოვ და ამანოვ?

- ჰმ... რას ვხედავთ, ეს ვინ ჩემი ფეხებია?!

წამყვანი - თქვენ ამბობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

- არ ვამბობთ!

წამყვანი - ამბობთ, როგორ არა.

- არაააააა!!!

წამყვანი - კარგი, თქვენი პასუხი აღარ მაინტერესებს, რეკლამაზე უნდა გავიდეთ.

- მოიცააა... იცი, რას გეტყვით?

წამყვანი - რას, ესე იგი, მიდასტურებთ, რომ ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ, ხომ?

- არააააა!

წამყვანი - კარგი, თქვით, გაძლევთ საშუალებას, მე დემოკრატი წამყვანი გახლავართ.

- იცით, რას გეტყვით? ომს იწყებს და ამთავრებს რუსეთი, ჩვენ არც დაწყების ტრაკი გვაქვს და არც დამთავრების!

წამყვანი - გამოდის, ომი საქართველომ დაიწყო, ძალიან სამწუხაროა. რეკლამაზე გავდივართ, მეგობრებო!

ავტორი თორნიკე ზედელაშვილი