განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - ჩაანაცვლებს თუ არა სააკაშვილი ნიკა მელიას გრიგოლ ვაშაძით?!

განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - ჩაანაცვლებს თუ არა სააკაშვილი ნიკა მელიას გრიგოლ ვაშაძით?!

საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების ფონზე, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებმა, თითქოს ჩრდილში გადაინაცვლა. სრულიად პოლიტიკური სპექტრი „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის გადაწყვეტილებებს ელოდება. ოპოზიცია საჯაროდ მხოლოდ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე საუბრობს, მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გვპირდება და თემატურ გაერთიანებაზე კონსულტაციებს აანონსებს. „ვერსიის“ კონფიდენციალური წყარო კი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მორიგი განხეთქილება მწიფდება.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ ცდილობს, ქართველი ემიგრანტებისგან „ძლევამოსილი“ არმია შეკრას, საქართველოში, საკუთარ პარტიაში, პოზიციებს სულ უფრო და უფრო კარგავს. როგორც ჩანს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრ ლიდერს გაუღვიძა იმედი იმისა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლადაც შეუძლიათ საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ. 
 
ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ თემაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ პარტიის ცალკეული ლიდერები ხშირად აგდებულად მოიხსენიებენ მიხეილ სააკაშვილს და მას ზოგი დაცინვით „სკაიპასაც“ კი ეძახის. თუ ამაზე ადრე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობდნენ, ამჟამად ღიად საუბარსაც აღარ ერიდებიან. 
მიხეილ სააკაშვილის ერთგული პარტიის წევრები სწორედ ასეთ განწყობაში ადანაშაულებენ ნიკა მელიას, რომელიც ახლა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა და სულ უფრო მეტად ცდილობს, მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს. ისე, მელიას მიმართ პრეტენზიები ნაცებს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ, როცა მან ეს პარტიული პოსტი დაიკავა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელების დარწმუნება შეძლო, რადგან კარგად იცოდნენ, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ პოლიტიკური ბატალიები ელოდათ. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის მიერ მიღებულმა შედეგებმა, ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და ნაცებსაც მეტი ამბიციის საფუძველი მისცა. 
როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ უთხრა ნაცმოძრაობის ლიდერებს -ნიკა მელიას, გრიგოლ ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველსა და ზურაბ მელიქიშვილს, რომ მას არ აინტერესებდა პარლამენტის დეპუტატისა თუ მერების შუალედური არჩევნები სხვადასხვა ქალაქებში თუ რაიონებში, თუმცა ნიკა მელია დაჟინებით ითხოვდა, რომ პარტიას გაზაფხულზე, ზუგდიდის მერის არჩევნებზე მისი კანდიდატურა დაეყენებინა. როგორც გვიამბობენ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისგან ითხოვდა სრულ მხარდაჭერასა და ფინანსების გამოყოფას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან მკვახე პასუხი მიიღო, რომ მას ფეხებზე ეკიდა ზუგდიდის არჩევნები, მაგრამ თუ პარტია მაინც გადაწყვეტდა მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ნაცების კანდიდატი იქნებოდა მისი მეუღლე _ სანდრა რულოვსი, თავადაც აქტიურად ჩაერთვებოდა კამპანიაში, რა თქმა უნდა, ისევ „სკაიპის“ საშუალებით, ხოლო ფინანსებს კობა ნაყოფია გაიღებდა. 
სხვათაშორის ის ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, ნაცმოძრაობამ, შესაძლოა, სანდრა რულოვსის კანდიდატურა დააყენოს, ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა და „ვერსიასთან“ საუბარში ნაციონალები არც უარყოფდნენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. ახლა კი ირკვევა, რომ ნიკა მელიამ სანდრა რულოვსის მხარდაჭერაზე კატეგორიული უარი განაცხადა. პარტიაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ცივი წყალი გადაასხა ნიკა მელიას, მისი მხრიდან სააკაშვილის მიმართ საუბრის ტონი შეიცვალა. თავის მხრივ, არც მიხეილ სააკაშვილი კარგავს დროს. იგი ცდილობს, ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძით ჩაანაცვლოს და ერთგულ მხარდამჭერებს იმასაც კი ეუბნება, რომ ნიკა მელიას პარტიიდან წასვლა „ფეხებზე ჰკიდია“. 
ამბობენ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელიასთან ერთად, არც ამჟამად პატიმრობაში მყოფ დავით კირკიტაძეს სწყალობს. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ კირკიტაძეს „გმირად“ და „ლიდერად“ მოიხსენიებს, ვიწრო წრეში, ლიეჟში ჩასულ მომხრეებს ისიც კი უთხრა, რომ დავით კირკიტაძემ თავი დააჭერინა, რომ ის შეკრულია ხელისუფლებასთან და „შეიტყაპუნა“ არჩევნებზე ათასობით დოლარიო. ისე, სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია. პოლიტიკური ინტრიგების მასტერ-კლასი ხომ მან ჯერ კიდევ მაშინ ჩაატარა, როცა ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფი აიძულა პარტიიდან წასულიყვნენ და შემდეგ ყველაფერი კეზერაშვილსა და უგულავას „შეტენა“. 
ნაციონალები ამბობენ, რომ სიტუაცია ჯერ-ჯერობით არაპროგნოზირებადია, რადგან არავინ იცის, რა ნაბიჯს გადადგამს მიხეილ სააკაშვილი. ელოდებიან, რომ ნიკა მელია მალე, ალბათ, ცალკე ფრონტს გაუხსნის მიხეილ სააკაშვილის ფავორიტ ლევან ვარშალომიძეს და ნაცმოძრაობიდან მის კიდევ უფრო დისტანცირებას შეეცდება. ეს კი კიდევ უფრო შეამცირებს მიხეილ სააკაშვილის გავლენას პარტიაზე. 
„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გავლენებისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამწვავდება, რაც გრიგოლ ვაშაძის გალიდერების შემდეგ, მოსალოდნელიც იყო. მოკლედ, სანამ მიხეილ სააკაშვილი გარეთ ალაგებს, შიგნით უფრო და უფრო ირევა.

დაჩი შალიკაშვილი
გაზეთი "ვერსია"