ჩაქუჩი

ჩაქუჩი

თავიდან ბოცო დაარქვეს. მშობლებს შეეშალათ. რამდენიმე წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ ბოცო არ იყო მთლად კარგი სახელი, შურიანები ბოცასაც კი ეძახდნენ და მეტრიკაში "ნუგზარი" ჩაუწერეს. ცოტა რომ წამოიზარდა, მეზობლებმაც შეამჩნიეს, რომ თავი უფრო ეზრდებოდა, ვიდრე ტანი. ვინაიდან, სუსტი ფეხები კვახივით თავს ვეღარ უძლებდა, კოჭებში დაებრიცა. მამას პერიოდულად წამოუვლიდა ხოლმე ხვაშიადი, ნაცნობ-მეგობრებში წაეტრაბახა, სამამულე ლომს კოჭებში ეტყობაო, მაგრამ დახედავდა თუ არა შვილის დაბრეცილ კოჭებს, ხმას ვეღარ იღებდა, დარდს გულში იკლავდა. არადა, თავიც რაღაცნაირად ეზრდებოდა, მრგვლად და პროპორციულად კი არა, ოთხკუთხედად, საბჭოთა ჩაქუჩივით... უფრო სწორად, უროსავით, კომუნისტების დროს წითელ დროშაზე რომ იყო ხოლმე მიხატული. მოგვიანებით, როცა უფრო წამოიზარდა, ანუ როცა წამოჭაბუკდა, ერთმა დაკვირვებულმა მეზობელმა წამოიძახა: ამას მგონი შუბლის ძარღვი საერთოდ არ აქვსო. დაფეთდნენ მშობლები, გადაირივნენ, უნახეს შუბლი, საფეთქლებიც გაუსინჯეს, ყურებიც დაუზილეს, მაგრამ ძარღვი ვერ იპოვეს. ვაიმე, აწი რა გვეშველება, ამისგან ხომ არც დო გამოვა და არც მაწონიო? - იბღავლა ბებიამ და გაიშალა კიკინები. რა იყო, ქალო, ამნაირი ხომ ძაან ბევრი დადის ჩვენ ქალაქშიო? - ჩასჩურჩულეს შეკრებილმა ქალებმა ბებიას და ისიც უმალვე დამშვიდდა. მერე კიდევ გაიმართა ამ თემაზე მსჯელობა, ბაღანეს შუბლის ძარღვი რომ არ აქვს, შეიძლება უკეთესიც კი იყოს, ცხოვრებაში გზას დაუბრკოლებლად გაიკაფავს, ქიციც ეცოდინება, ქიცმაცურიც, სინდის-ნამუსი არ შეაწუხებს, დიდი კაცი გამოვაო. დამშვიდდა მთელი სანათესაო, ქალებმა ისევ შეიკრეს კიკინები. გამართლდა მათი ვარაუდი, ნუგზარი ნელ-ნელა იკაფავდა გზას ცხოვრებაში. თავიდანვე დაამუღამა და შეისისხლხორცა ერთი მეტად მნიშვნელოვანი მეთოდი - ყოველთვის უნდა ყოფილიყო იქ, სადაც სიტუაცია დუღდა და გადმოდუღდა. არა, ჭკვიანურსა და აზრიანს არაფერს ამბობდა, უბრალოდ ფიზიკურად იყო ყველგან. მეთოდი მუშაობდა. როდესაც საუნივერსიტეტო ასაკმა უწია, გარეგნულადაც თითქოს არა უჭირდა რა, დავაჟკაცებისას კოჭები ცოტა გაუსწორდა, შარვალ-კოსტუმმაც ბევრი დეფექტი დაუფარა, ჰალსტუხმაც ელეგანტურობა შესძინა და მეტი რაღა უნდოდა? არც არაფერი. მამა ფილოლოგიურ, სამწერლო თუ საუნივერსიტეტო წრეებში ცნობილი კაცი გახლდათ, ეროვნულ მოძრაობაშიც ეთქმოდა ორიოდ სიტყვა და რასაკვირველია, არ უნდა გასჭირვებოდა კლასიკური განათლების მიღება. არც გასჭირვებია. ოღონდ ერთი პრობლემა ჰქონდა მუდმივად - ჩაქუჩისებრ თავში ბევრი არაფერი შესდიოდა. უნივერსიტეტში რომ ეწყობოდა, მეზობელმა ქალებმა ერთმანეთს გადახედეს - ეგე, აკი არაო? ნუგზარის მამასაც მიეცა გული, უკვე ვეღარ მალავდა სიხარულს, ხელს თუ ჩამოართმევდნენ გამარჯობის სათქმელად, ეგრევე აჯახებდა, ჩემი შვილი დიდი პოლიტიკოსი უნდა გახდესო, აშკარად ეტყობაო. შემხვედრნი უხერხულში ვარდებოდნენ, ჯერ მხრებს აიჩეჩავდნენ და როცა დაემშვიდობებოდნენ, თავებს გადააქნევდნენ, რა ეშველება ან ამას, ან კიდევ ამის უშუბლძარღვო შვილსაო?

ჰმ... თქვენ იცინეთ და ბოცო, ჩაქუჩი, იგივე ნუგზარი მაინც მიიწევდა წინ ცხოვრების ასპარეზზე. კომუნისტების გადაშენების პროცესი დაიწყო თუ არა, ეგრევე ეროვნულ მოძრაობას მიეტმასნა და მოულოდნელად ზვიადისტების გარემოცვაშიც აღმოჩნდა. არც მაშინ უთქვამს რამე ჭკვიანური, უბრალოდ იქ იყო და იყო. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, მანამდე რამდენიმე გამომცემლობაში მოაწყო მამამ. იქაც ვერ გახდა აკაკი შანიძე. საკუთარ გულში რომ ჩაიხედავდა ხოლმე, პერიოდულად მაინც გაჰკრავდა ფიქრი: "ამხელა ოქლაქი გავიზარდე, ვერაფერი ვისწავლე, თავში არაფერი შემსვლია მტვრის ნაწილაკების გარდა და მაინც დიდ პატივს მცემენ, ნეტავ რატომ"? ძალიან ეშინოდა, ამნაირ ფიქრებს არ შეეპყრო მუდმივად. როცა მსგავსი რამ გაჰკენწლავდა, ხელს აიქნევდა, გეგონება ბუზებს იგერიებსო და უცებ ეკას გადაურეკავდა. მაშინ მობილურები თითქმის არ იყო, თითო-ოროლას თუ ეკიდა საქამრეზე - ვეება და თანაც ანტენიანი, ამიტომ სახლის ტელეფონის "ტრუპკას" წამოავლებდა ხოლმე ხელსა. აბა, ეკაო? - იკითხავთ თქვენ. ხერხეულიძე, კაცო, ჯერ რომ ზვიადოსტობდა და მერე კიდევ მთელი ცხოვრება "ნაცობს".

- ალო, ეკუშ, აღარ ვიცი, ვქნა? - იღვენთება ლამის ნუგზარი ყურმილში.

- რა იყო, ნუგო? - ეკითხება ნაზი ხმით ხერხეულიძე.

- რა იყო და... მამაჩემის ხათრით "დონ კიხოტი" წავიკითხე, მაგრამ ვერაფერი დავიმახსოვრე, თავში არაფერი შევიდა.

- ნუგო, დონ კიხოტი იყო ერთი აფრაკი კაცი, რომელიც გრძელი ჯოხით დარბოდა.

- ჰო, მაგდენს კი ვხვდები, მაგრამ რატომ დარბოდა, რა უნდოდა, ვერ გავიგე, ვერ გავარკვიე.

- სიმართლე გითხრა, ეგ ვერც მე გავარკვიე... ხომ იცი, მსოფლიო მასშტაბით რამდენი გიჟია? - ჩაიცინა ეკამ.

- არადა, მამაჩემი მიმტკიცებს, ძაან მაგარი რომანიაო, - ლამის ატირდა ნუგზარი.

- მამაშენი ძველი თაობისაა, მაგას რომ ჰკითხო, დოსტოევსკის "კრეტინიც" მაგარი რომანია. ყველაფერს ნუ დაუჯერებ.

- დოსტოევსკი სადაურია?

- თუ არ ვცდები, რუსი იყო, გადავამოწმებ და მერე გეტყვი.

- თუ რუსი იყო, არ წავიკითხავ, რუსებს ვერ ვიტან.

- წაიკითხე, ნუგო, უბრალოდ პროტესტის ნიშნად ნურაფერს დაიმახსოვრებ.

- რა პროტესტი, გოგო, მაინც ვერაფერს დავიმახსოვრებ.

- კაცო, შენ პროტესტი დაარქვი და პოლიტიკურად მაინც დაგიფასდება.

- ვაჰ, შენს გამზრდელ დედას ვენაცვალე, გენიოსი ხარ! - შემოჰკრა ტაში ბოცომ, იგივე ნუგზარმა და ყურმილი ხელიდან გაუვარდა, ტელეფონი გაითიშა.

დრო გადიოდა. ზოგი მიდიოდა, ზოგი - მოდიოდა. ზოგს კლავდნენ, ზოგს - ტ...ნავდნენ. ზოგს აძევებდნენ, ზოგს - გულში იკრავდნენ, თვითმფრინავის ტრაპზე თაიგულებით ხვდებოდნენ. ბოცო, იგივე ნუგზარი დაიბნა, ვერ გაეგო, რა ხდებოდა. თუმცა მისი სახეირო რომ არაფერი იყო, ამას გუმანით ხვდებოდა. არადა, ზვიადისტის სახელი ისე შემორჩა, ვეღარ იშორებდა. ერთ მშვენიერ დღესაც ეკამ დაურეკა და უთხრა, უნდა დაველოდოთო.

- რას უნდა დაველოდოთ, ეკუშ?

- დროის ცვლილებას უნდა დაველოდოთ, აუცილებლად გამოჩნდება თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც ამ მოღალატეებს განგმირავს.

- როგორც მახსოვს, დონ კიხოტიც თეთრ ცხენზე იჯდა, ხო?

- ნუ ღადაობ, მე არ მიყვარს ეგეთი უკბილო ღადაობები! - გაცხარდა ეკა.

- კარგი, ესე იგი, დაველოდოთ, ხო? - შეუტრიალა შეკითხვა ბოცომ.

- სხვა გზა არ გვაქვს... არც კი გაბედო და ედიკას "სასტავში" არ გაიჩითო!

- რას ამბობ, ეკუშ, ვინ მეძახის? - ლამის ჩადნა ბოცო, იგივე ნუგზარი ყურმილში.

დრო ისევ გადიოდა... ზოგი მიდიოდა, ზოგი - მოდიოდა... ზოგი ზეცაში ადიოდა, ზოგი საფლავში ჩადიოდა... ამასობაში, საქართველომაც, უნდოდა, არ უნდოდა, მაინც შეაბიჯა თანამედროვე კაცობრიობასთან ერთად 21-საუკუნეში. უცებ ნუგზარი მიხვდა, რომ მისი დრო დგებოდა. არა, განა რამე განსაკუთრებული ხდებოდა? უბრალოდ ნაპირა ყურის ძირში ღიტინი ეწყებოდა ხოლმე. ერთი ხანობა იფიქრა, შუბლის ძარღვი ამიმოქმედდაო, მაგრამ აბა, სად შუბლის ძარღვი და სად - ყურის ძირი? ღიტინმა მაინც თავისი გაიტანა, თბილისის ქუჩებში გამოსვლები იწყებოდა. კარგახანს ვერ მიხვდა, ამდენი ხალხი რას დაბოდიალობდა, მოგვიანებით კი იგრძნო, შეიძლება შევარდნაძე სახლში გაუშვანო. ერთი-ორჯერ თვითონაც მოუნდა ქუჩაში გასვლა... თუმცა გადაიფიქრა, ბებიამისის შეგონება გაახსენდა - შვილო, ფრთხილად, ემანდ ფარცაგს არაფერს გადაეყაროო. ერთ დღესაც ისევ დაურეკა ეკამ.

- ნუგოოო, უნდა გაგახარო, ბიჭო, სააკაშვილი მოდის წითელი "იკარუსით".

- აკი თეთრი ცხენითო?

- რა თეთრი ცხენი, შე ჩაქუჩო?

- შენ მითხარი, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი გამოჩნდებაო.

- წითელ "იკარუსზე" ამხედრებული პრინცი მოდის წალენჯიხიდან, არ გაწყობს?

- რავი, მაწყობს თუ არა, ჯერ არ ვიცი, - აიჩეჩა მხრები ბოცომ, იგივე ნუგზარმა და ღრმად ჩაფიქრდა.

ისინი მოვიდნენ, რამდენიმე დღე ვარდებით დარბოდნენ. შევარდნაძემ თქვა, სახლში მივდივარო. ნუგზარი ვერ მიხვდა, რატომ უნდა წასულიყო ედუარდი სახლში, ეტყობა, "პერერივზე" მიდიოდა და ისევ დაბრუნდებოდა. თუმცა შეცდა, მოგვიანებით მისი ადგილი სააკაშვილმა დაიკავა. აი, ტრიბუნაზე რომ ავარდა, ტრაკიდან ბოლი რომ გასდიოდა და ჩაი დალია, ამან დააეჭვა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.

დრო გადიოდა... ზოგს იჭერდნენ, ზოგს - ართმევდნენ, ზოგს - აუპატიურებდნენ, ქვეყანა შენდებოდა, ქუჩებში ასფალტი იგებოდა, დენი ხშირად აღარ ითიშებოდა, ბოცოს კი, იგივე ნუგზარს არავინ ეძახდა. უკვე ნერვიულობდა, წამდაუწუმ უღლიები უოფლიანდებოდა და ნაპირა ყურის ბიბილოს ძირში ღიტინს განიცდიდა. მეზობელმა სუსანამ უთხრა: ბიჭო, ეგ ნევროზია, აქიმთან მიდიო. აქიმი არა, ფეხები, ადგა და ძველ თანამებრძოლს, გულიკო გიგიბერიას დაურეკა, თუ "ნაცმოძრაობის" ელიტაში ვინმე გყავს, მიმიყვანე, იდეები მაწუხებს, თავი მისკდებაო. მართლა კი არ უსკდებოდა თავი ლენინივით, უბრალოდ საკუთარ თავს უწევდა მაზანდას. მიიყვანა გიგიბერიამ "ნაციონალების" შტაბში ხელჩაკიდებული მიშასთან და შეეხვეწა, თუ ღმერთი გწამს, შემოულაწუნეო. მიშა შეხტა და შემოტრიალდა - შემოვულაწუნებ, აბა, რას ვიზამო? სწორედ ეგეთი ხალხი მჭირდება, ხელს რომ ვერ შემომიბრუნებენო. თუმცა ისე იყო გართული მავანთა შემოლაწუნებაში, ბოცო, იგივე ნუგზარი სულ გადაავიწყდა. იჯდა ნუგზარი მისაღებში მარკშეიდერივით, შემსვლელ-გამომსვლელებს ეკითხებოდა, ეს ბზარი აქ იყო თუ არაო? არავინ პასუხობდა ხეირიანად, მხოლოდ ხათუნა გოგორიშვილი გაუღიმებდა ხოლმე ზრდილობის გულისთვის, მერე თავზე იტაცებდა ფუმფულა ხელებს და ამოიკვნესებდა: აჰა, ისევ შემაქანა, ამ წყეულმა.

მობეზრდა ბოცოს, იგივე ნუგზარს უქმად ჯდომა, ისევ გადაურეკა ძველ თანამებრძოლს, სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთზე... მეო, იქ არავის ვჭირდებიო, ყურადღებას არავინ მაქცევსო. ეს როგორო? - ჰკითხა მავთულს იქიდან თანამებრძოლმა. როგორ და აეგრე, წამოსვლას ვაპირებო. უი, უი, მოიცა, ცოტა ხანს კიდევ იჯექი მისაღებში, ამ დღეებში გამოვივლი და ორიოდე სიტყვას შეგაწევო. შეაწია, გაჭრა, ყასიდად დაელაპარაკნენ, თითქოს მოეწონათ, დაახლოებით ჩვენნაირიაო, ცოტა გამოცდილება აკლია, მაგრამ რამდენიმე თვეში მთლად ჩვენნაირი იქნებაო... რაც მთავარია, შუბლის ძარღვი არ გააჩნიაო. თუმცაო, თქვა ერთმა, ცნობა მაინც უნდა მოიტანოს, გარეგნულად არ გააჩნია, მაგრამ იქნებ მალავსო? მეზობელმა გარიკამ დაუწერა და ბეჭედიც დაურტყა, მიიტანა, მიიღეს, მიშასაც გააცნეს, დააწინაურეს, დეპუტატიც გახდა, ტელევიზორშიც მიიწვიეს, ალაპარაკეს... ჭკვიანური არაფერი უთქვამს, მაგრამ ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, შეკითხვები ხომ დაუსვეს? გაიხარა მამამისმა, ხომ ვამბობდი, ჩემი შვილი დიდი პოლიტიკოსი გამოვაო? მართლაც, ბოცოს, იგივე ნუგზარს, მამუკიჩს, დედაქალაქის სიამაყეს თვალწინ გადაეშალა უსაზღვრო პოლიტიკური ასპარეზი. ვეღარ იძინებდა. ან კი რა დააძინებდა, როცა მამულს ყველა განსაცდელის ჟამს მისი იმედი ჰქონდა? თუმცა ცხოვრებისეულმა სიმუხთლემ ისევ იჩინა თავი, ისევ ჩამოწვა ცაზე საავდრო ღრუბლები. როცა იფიქრა, ჰეეეეე, აგერ, სადაცაა გავედით დამკაშიო, სწორედ მაშინ გამოჩნდა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და თავდაყირა დააყენა ქვეყნის მომავალი.

***

ისევ დაიბნა, ეს ჩემისა... როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე - ძველებურად გამოჩემიჩდა. მიშამ დავალება მისცა, დილა საღამოს ილაპარაკე, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დამთავრებულიაო. თავიდან გაუჭირდა, ვერ იმახსოვრებდა, ტელევიზორში როგორ უნდა დაელაგებინა აზრები. არადა, დღეში სამჯერ ურეკავდნენ ჟურნალისტები, აწუხებდნენ, ეხლაც ურეკავენ, მაგრამ ეხლა უკვე გაზეპირებული აქვს - მოაღებს ხოლმე ქონიან პირსა და იძახის: მორჩა, ოლიგარქი დამარცხდა, რუსეთის ტრამალებში იმალება, მიჰა ჰამოა, გზაშია, ხვალ საღამოს ტრაპთან თაიგულებით დავხვდებით!

ამ ეტაპზე მორიგი დავალება აქვს: ზუგდიდში სანდრა უკვე გამარჯვებულია, ივანიშვილმა დამარცხება უნდა აღიაროს. რომ შეეპასუხო, ჯერ არჩევნები არ ჩატარებულაო, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე - გაეშმიშდება, ოფლიან კისერს მოიფხანს და იგივეს განაგრძობს.

მეზობლის ქალები აღარ იშლიან კიკინებს. სომეხი სირანაც კი მიხვდა, რომ ბოცოს, იგივე ნუგზარს ტვინის ხვეულები არ გააჩნია, რაღაც გლუვი მასა უდევს თავში.

- ნუგოჯან, დღეს თავი ხომ არა გტკივა? - ჩასძახებს აივანზე გადმოყუდებული სირანა იღლიაში "პაპკაამოჩრილ" ბოცოს და თან თავს გადააქნევს ხოლმე.

- თავი მისკდება, სირანჯან, წუხელ არ მეძინა, მამული განსაცდელშია, ოლიგარქი დაეპატრონა ჩვენს მინდორ-ველებს, ანადგურებს! - პასუხობს ბოცო, იგივე ნუგზარი და მანქანის კარს მიიჯახუნებს ხოლმე.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"