ვახტანგ გომელაური: ჩემთვის შს სამინისტრო ძალიან ახლობელია

ვახტანგ გომელაური: ჩემთვის შს სამინისტრო ძალიან ახლობელია

ჩემთვის შს სამინისტრო ძალიან ახლობელია. 4 წელია, იქიდან წამოვედი. რაც გადავხედე, ძალიან ბევრი გაკეთდა, ბევრი სიახლეა და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ, - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმებისა და სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად, მიმდინარეობს და იგეგმება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.

„საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ცივი იარაღის ბრუნვის ეფექტიან რეგულირებას და ა. შ. ჩემთვის ეს სამინისტრო ძალიან ახლობელია, არ არის უცხო, მრავალი წელი ვიმუშავე, მივალ, კიდევ უფრო კარგად გავეცნობი. ბევრი სიახლეა, 4 წელია, რაც წამოვედი იქიდან, რაც გადავხედე ძალიან ბევრი გაკეთდა, ბევრი სიახლეა და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.