გრიგოლ ვაშაძე: ისე ცხელა, ჩემი თავის მოსასმენად არ მოვიდოდი

გრიგოლ ვაშაძე: ისე ცხელა,  ჩემი თავის მოსასმენად არ მოვიდოდი

როგორც ჩანს, გრიგოლ ვაშაძეს მაგრად აერია ისედაც არეული რამსები. გარეთ ისე ცხელა, სხვანაირად წარმოუდგენელიც კი იყო. არ უნდა იყოს არჩევნები ამ პაპანაქებაში, არა, როცა ტვინი დუღს და ენა კიდევ უანგარიშოდ გარბის! აგერ, ტიპი აღიარებს, ახლა ისე ცხელა, მე საკუთარი თავის მოსასმენადაც არ მოვიდოდიო. დიახაც, ეს თქვა სენაკში, სადაც მისი ბლაყუნის მოსასმენად ათიოდე "თავზეხელაღებული" მივიდა:

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა, ამ სიცხეში, გაგანია ზაფხულში რომ მონახეთ საშუალება, მოთმინება და ჩემს მოსასმენად მოხვედით. მე ჩემი თავის მოსასმენად არ მოვიდოდი, პირდაპირ გეუბნებით, ისე ცხელა გარეთ".

უკვე გითხარით, როცა ტვინი დუღს, მას აღარაფერი მოეთხოვება - ენა თავის ნებაზე გარბის და პატრონსაც არ ემორჩილება. პრინციპში, რომც დაემორჩილოს, თქვენ გგონიათ, უფრო ჭკვიანურს იტყვის რამეს? არა, ბატონებო, სიცხე იმდენად უჭერს სისხლძარღვებს, ენას შეუძლია დიდი შეთანხმებაც კი დაარღვიოს და გააცამტვეროს. აი, მაგალითად, ხომ გახსოვთ, "ევროპის სახალხო" პარტიის "უმფროსის" ძალისხმევით და მეცადინეობით "ნაცებმა" და "ევრონაცებმა" თავდაუსხმელობის პაქტი რომ გააფორმეს? მაგას რა დაგავიწყებთ, მთელი მსოფლიო მაგაზე არ ლაპარაკობდა? ჰოდა, ბატონმა გრიგოლმა ეგ შეთანხმებაც დაარღვია რუსეთივით. დიახ, რუსებმა იციან ხოლმე ეგრე, რაღაცაზე მოგიწერენ ხელს დიდის ამბით და მეორე დღეს აღარ ახსოვთ. რაღა დაგიმალოთ და ვაშაძემ ყოფილი ძმაკაცები ასე ჩაუშვა:

"შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მე მონაწილეობის მიღება ქუთაისში. აი, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს... მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან "ევროპულ საქართველოს" რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება, ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები... ეგენი და "ქართული ოცნება", მაგათმა ფული დაახარჯეს... მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური და მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო".

გაიგონეთ? მთელი ცხრა წელი უბედურებას ეგენი სჩადიოდნენ და მერე გავიდნენ პარტიიდანო. ეტყობა, ხანდახან სიცხეშიც გაუნათდებათ ხოლმე გონება "ნაცებს" და ეგრევე აძლევენ საზოგადოებას აღიარებით ჩვენებას - ჯერ დაიწყებენ, არაფერი ისეთი არ ჩაგვიდენიაო, მერე უცებ მიბრუნდებიან და თითს გაიშვერენ - უი, ჩვენ კი არა, ქვეყანას უბედურება იმათ დამართესო.

ვაი, ჩვენს კი არა... მაგათ პატრონს!!!

გელა ზედელაშვილი