გელა ზედელაშვილი: დროა, ოფიციალურად გამოვაცხადოთ მესამე მსოფლიო ჩხუბი!

გელა ზედელაშვილი: დროა, ოფიციალურად გამოვაცხადოთ მესამე მსოფლიო ჩხუბი!

სასაცილოდან სასატირლომდე

ჩვენ, ქართველებს ისღა დაგვრჩენია, მესამე მსოფლიო ჩხუბი ოფიციალურად გამოვაცხადოთ. რატომ ჩხუბი, და არა ომი? იმიტომ, რომ ომის თავი არ გვაქვს - ბირთვული იარაღი არ გაგვაჩნია, ხმლებით და შუბებით ბრძოლა მოდაში აღარ არი. ეგეც რომ არ იყოს, გიორგი სააკაძე მოკლეს, ერეკლე მეორე რუსეთში გადაასახლეს, დავით აღმაშენებელი აღარ არი, ვახტანგ გორგასალი იღლიაში დაჭრეს და გარდაიცვალა. განა დარჩა ვინმე, ხელში მშვილდი აიღოს და მტერს ისრები დაუშინოს?!

სხვათა შორის, როგორც ბებიაჩემი თებრო მეუბნებოდა ხშირად, იმედი ბოლოს კვდება. ბუნებრივია, ამნაირი აზრები კი მაწუხებს, მაგრამ ჩემს იმედს სული ბოლომდე არ გასძვრომია - სადღაც გულის კუნჭულში ის ჯერ კიდევ ძალუმად ჭიატებს და ჩამძახის, ამ ქვეყანაში მშვილდის მსროლელნი არ გადაშენებულანო, უბრალოდ გარემო პირობები არ აქვთო, ისინი კომპიუტერებთან სხედან და გამწარებულნი კლავიატურებს აკაკუნებენო... აი, თუ ადგნენო, თუ აიშვესო, მერე ნახავთ ისრების წვიმასო!  

იცით, განა მე ომისა მეშინია?.. არა, არც ყუმბარებისა მეშინია, არც ავტომატების კაკანისა, არც ზარბაზნების გრიალისა, არც ბომბდამშენებისა, არც ისრების წვიმისა, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, სამშობლოს დასაცავად რომ წავალთ, ფრონტიდან იმდენი ლაივ-ჩასრთვები და სელფაობები იქნება, წავაგებთ, ომისთვის ვის ეცლება? მერე კიდე... ვიცი, დაყრით ამ ტელეფონებს და გაჰქუსლავთ წითელი ხიდისკენ. კაი, ბატონებო, მოვკრეფავ, ტომარაში ჩავყრი, არ დაგეკარგებათ, მაგრამ სათითაოდ სად უნდა გდიოთ? თუ მომაკითხავთ, "პაჟალუსტა"... თუმცა, ეხლავე გაფრთხილებთ, არ დაიწყოთ, ყველას "აიფონ 9"-ები გვქონდაო.

მიუხედავად ჩემი ეჭვებისა, მიუხედავად ჩემი ხორკლიანი აზრებისა, ჩვენ, ქართველებს მაინც ისღა დაგვრჩენია, მესამე მსოფლიო ომი კი არა... მესამე მსოფლიო ჩხუბი ოფიციალურად გამოვაცხადოთ. ვიცი, ეხლა უნებლიედ გაგიჩნდებათ შეკითხვა: რა მიზეზითო? ჰმ... ჯერ ერთი, მიზეზს რა დალევს და მეორეც - საამისოდ უამრავი რეალური მიზეზი გაგვაჩნია. მაშ, ასე, ჩვენ ჩხუბს ვუცხადებთ თითქმის მთელ მსოფლიოს შემდეგი გარემოებების გამო:

რუსეთს - იმიტომ, რომ ოკუპანტია, ტერიტორიები აგვახია, 218 წელიწადია გვაწვალებს!

თურქეთს - იმიტომ, რომ ოკუპანტია, ტერიტორიები აგვახია და პერიოდულად იძახის, საქართველო ჩემიაო!

ირანს - იმიტომ, რომ მაგასაც ოკუპანტობაზე უჭირავს თვალი და პერიოდულად იძახის, საქართველო ჩემი იყოო!

აზერბაიჯანს - იმიტომ, რომ ეგეც ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიები წაიღო და ახლა გარეჯის დათრევა უნდა!

სომხეთს - იმიტომ, რომ ეგეც პოტენციური ოკუპანტია, სამცხე-ჯავახეთზე უჭირავს თვალი!

აშუშუს - იმიტომ, რომ ეგეც თავისებურად ოკუპანტია, ჩვენი გაპიდარასტება უნდა, ანუ სხვანაირად გვიპყრობს!

საფრანგეთს - იმიტომ, რომ ხან ავტობუსებს წვავენ, ხან კიდევ ღვთისმშობლის ტაძარს, ხშირად გვატირებენ!

იტალიას - იმიტომ, რომ ქართველებს ხშირად იჭერენ, გვანერვიულებენ!

გერმანიას - იმიტომ, რომ ჩვენი პაპები და ბებიები დახოცეს!

ესპანეთს - იმიტომ, რომ ეგეც ოკუპანტია, უხსოვარ დროში ბასკეთი აგვახია!

ჩინეთს - იმიტომ, რომ ეგეც ოკუპანტია, მცოცავი გრაფიკით გვიპყრობს!

არაბულ სამყაროს - იმიტომ, რომ პლეხანოვს გვახევენ!

საბერძნეთს - იმიტომ, რომ მაგათი მოხუცები ჩვენი შესანახები არიან და ჩვენს ქალებს აწვალებენ!

უკრაინას - იმიტომ, რომ ჩვენზე უარესები გამოდგნენ!

ჰოლანდიას - იმიტომ, რომ ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს სიდედრი აწვალებს და ზომებს არ იღებენ, დააქლიავა ამხელა კაცი!

ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს - იმიტომ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს აფხაზეთი და სამაჩაბლო!

ინდოეთს - იმიტომ, რომ ალაზნის ველზე მიწები იყიდეს და ოკუპანტობის ფარგლებში ქერი, ხორბალი თუ ბოსტნეული მოჰყავთ. ისე იქცევიან, გეგონება საკუთარ სახლში არიან!

ისრაელს - იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ვინახეთ და ახლა ქართველებს საზღვრიდან პანჩურებით ჰყრიან, თავიანთ ქვეყანაში არ უშვებენ. ისე იქცევიან, გეგონება ჩვენი ვალი არ ჰქონდეთ!

ავღანეთს - იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში უამრავი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირეს. გარდა ამისა, გიორგი სააკაძეს იქ რაღაც საკითხები დარჩა მოუგვარებელი და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ!

ნეტავ ვინმე ხომ არ გამომჩა? პაკისტანი, კვიპროსი და ვინიტუ ინჩუჩუნას ტომები არ მაინტერესებს - მას შემდეგ, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან გავასწორებთ ანგარიშს, ეგენი ხელებაწეულნი დაგვნებდებიან!

კი, მაგრამ როგორ გავასწოროთ ანგარიში, რა ძალებით? ჩვენ, როგორც უკვე გითხარით, არც ბირთვული იარაღი გაგვაჩნია, არც საჰაერო ისკადრილია, არც საზღვაო ფლოტი. ერთადერთი, რაც ჩვენს ხელთაა (და მგონი ამის წართმევასაც ცდილობენ), ეს არის ცხელი გული. აი, სწორედ ამ ცხელი გულის წყალობით უნდა დავამარცხოთ ყველა გადამთიელი ოკუპანტი და ამოვარტყათ საკადრისი პანჩური!

დიახაც... კინაღამ დამავიწყდა, ჩვენ ჩხუბი უნდა გამოვუცხადოთ საბჭოთა კავშირს. ჰმ... დაინგრაო, გვატყუებენ ზიგიერთნი და თვითონ ისევ საბჭოთა წესებით ცხოვრობენ, ანუ ბევრი ჩვენ და ცოტა თქვენო. ჰოოო... აი, მივადექით კიდევ ერთ საშიშ მტერს, მასონთა ურდოს, რომელიც ძალუმად მოსდგომია ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და გადაყლაპვას გვიპირებს. მასონთა ურდო ცდილობს, ჯერ ქართველობა წაგვართვას, შემდეგ კი საერთოდ გაგვანადგუროს. ჩვენ არ დავნებდებით, თუ საჭირო იქნება და როგორც ჩანს, საჭიროა, იქით გავანადგურებთ ყველას. მწვადი არაო, პაპიროსი არაო, ხინკალს 19-ის ნაცვლად 5 ნაოჭი უნდა ჰქონდესო, წითელზე არ გადახვიდეთო... რას ჰქვია, არ გადახვიდეთ, აბა, მწვანეზე ხომ ყველა გადავა?!

უკვე გითხარით, ჩვენ ბირთვული იარაღი არ გაგვაჩნია, რომ დედამიწა ერთ საათში გავხლიჩოთ შუაზე. ეს არის ძალიან ცუდი. სხვათა შორის, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, როცა გენიოსი "ნაცები" ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინ გარკვეულ წრეში წამოჭრილა იგივე საკითხი. ვანო მერაბიშვილს უთქვამს, პატივს კი გვცემენ როგორც ახალგაზრდა რეფორმატორებს, პირშიც გვიცინიან, მაგრამ ვატყობ, ჩვენი არ ეშინიათ, რაღაცნაირად ანგარიშს არ გვიწევენ, რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ ცოტა მორიდება მაინც ჰქონდეთო. სააკაშვილს უთქვამს, მე მაქვს ერთი კაი იდეა, მოდით, სასტუმრო "აჭარა" დავანგრიოთ და მის ადგილზე ისეთი ტრიუმფალური თაღი ავაშენოთ, მთელი მსოფლიო გადაირიოსო. ირაკლი ოქრუაშვილი შეწინააღმდეგებია, თაღი არა, შაშა და კოლა, აქმერიკელებს იარაღი ვთხოვოთ და რუსებს დავცხოთო. არაო, გამოუთქვამს აზრი ისევ მერაბიშვილს, ატომური ბომბი ვიყიდოთ და ეგ იქნება, ყველას შეეშინდებაო. ერთი ყველაზე ჭკვიანი გამომდგარა, მგონი კახა ლომაია, კი შეეშინდებათ, მაგრამ ამერიკელები მაინც ოღრაშები არიან, სანქციებს დაგვიწესებენ, ნახეთ, ირანი რა დღეში ჰყავთ და სადამ ჰუსეინს კიდე რას უპირებენო. კაი, მაშინ ამერიკელებს ნუ გავაბრაზებთ, სხვა რამე მოვიფიქროთო, ხელი ჩაუქნევია სააკაშვილს. მოიფიქრეს, დიდძალი იარაღი იყიდეს, ავტომატები და ჰაერსაწინააღმდეგოები, დასხდნენ, დაადგინეს, ახლა კი უძლეველნი ვართ, შეგვიძლია რუსეთს გავუტრაკოთო. გაუტრაკეს. იმათ კიდე, იმ რუსებმა ყველაფერი წაართვეს, ავტომატები და ჰაერსაწინააღმდეგოები მოხიკეს, "გრუზავიკზე" შეყარეს და წაიღეს. ამათ ამერიკელებს აცნობეს, რუსებმა ასე და ასე გვიყვესო. ამერიკელები აღშფოთდნენ, მაგრამ შენიშნეს რა ამათ მიერ გაგზავნილ წერილზე ცრემლების კვალი, ანუ ლაქები, უზარმაზარი გემი პამპერსებით დატვირთეს და გამოაგზავნეს. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტომდე სამი თვით ადრე შოთა მალაშხიას დავურეკე, რუსეთთან თითქოს სიტუაცია იძაბება და რას ფიქრობთ-მეთქი? მალაშხიას აზრები საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ რედაქციაში დამავალეს. ჰოდა, შოთამ, რომელიც მაშინ "ნაცების" ერთ-ერთი ლიდერი იყო, ეგეთი რაღაცა მომიხია: ჩვენაო, დღეს უკვე ისეთი შეიარაღება გვაქვს, თავისუფლად შეგვიძლია, კრემლის თავზე საქართველოს დღოშა ავაფრიალოთო. მაიცა, ბატონო შოთავ, მეკაიფებით-მეთქი? არაო, როგორ გეკადრებათო, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებო. დანარჩენი იცით.

ამხელა ისტორია იმიტომ მოგიყევით, ძვირფასო მკითხველებო, რომ თოფებით ჩხუბი არ გამოვა, არც ბირთვული იარაღი გაგვაჩნია, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? რაღაც სხვა გვაქვს მოსაფიქრებელი. კი მაქვს ერთი იდეა, მაგრამ რა ვიცი... პრინციპში გეტყვით, შეიძლება ჭკუაში დაგიჯდეთ: მოდით, ჯერ ქვეყნის შიგნით ვიჩხუბოთ, ერთმანეთს დავერიოთ, "პრაგონი" გავიაროთ და მერე მივხედოთ საგარეო ჩხუბს. თუმცა მეც ვამბობ, რააა, ქვეყნის შიგნით ხომ ისედაც ვჭამთ ერთმანეთს? თან პარალელურად მთელ დუნიას ვეჩხუბებით, რადგან ყველა ოკუპანტია, ამათი დედები ვატირე! უბრალოდ, ამ ყველაფერს სჭირდება ოფიციალური გაფორმება, რომ ვინმე თუ არ წაგვეხმარება, პამპერსებს მაინც გამოგვიგზავნის. ამას წინებზე გამოაცხადეს, მალე მარსზე ტურისტული მოგზაურობა იქნება შესაძლებელიო. ცოტა ძვირი კი ჯდება, მაგრამ ქართველები რამეს მოვიფიქრებთ, წავიდეთ მარსზე და უკან აღარ დავბრუნდეთ. ისე, ჩვენი ბედი რომ ვიცი, იქაც გამოჩნდებიან ოკუპანტები.

P.S. ალბათ, ხვდებით, მეგობრებო, რომ ვხუმრობ, მაგრამ ნათქვამია, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, ცოტაოდენი სიმართლე არ ერიოსო. ჰოდა, ჩემ ხუმრობაშიც ურევია ბევრი სიმართლე. გადახედეთ ქართულ მედიას, გადახედეთ სოციალურ ქსელებს და ამაში უთუოდ დარწმუნდებით.  

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"