ჩვენი ვანო

ჩვენი ვანო

ერთი წელიწადი გასულა ვანო გოლაშვილის გარდაცვალებიდან... უფრო სწორად, მკვლელობიდან. ალბათ, გახსოვთ, რაც მოხდა შარშან 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე - ერთ-ერთ კორპუსში დაბანაკებულმა ტერორისტებმა (აჰმედ ჩატაევის მეთაურობით) ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს სპეცრაზმელებს. ტერორისტებმა მიიღეს ის, რაც უნდა მიეღოთ, მაგრამ სამწუხაროდ, იმსხვერპლეს ვანო გოლაშვილი, ქვეყნისთვის, ჩემთვის, თქვენთვის საჭირო სპეცრაზმელი, ოჯახისთვის საჭირო კაცი.

საუბედუროდ, დღეს საქართველოში კაი გვარიანადაა აღრეული ფასეულობები - ზოგიერთთა გადაბრუნებულ ტვინში გმირი არაფერია, ხოლო ტერორისტი გმირია. ამას წინებზე სადღაც წავიკითხე, საჯარო სკოლებში ბავშვებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპული ბიჭების ბიოგრაფიები უნდა ვასწავლოთო. ნამდვილად კარგი საქმე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიაში ვანოს გმირობაც არის შესატანი. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ამ ადამიანმა რას გადაგვარჩინა, რამდენის სიცოცხლე იხსნა თავისი სიკვდილით. დაახლოებით ვიცით... თუმცა ვერ წარმოგვიდგენია, რა მასშტაბების მსხვერპლი აგვაცილა. დღევანდელი ხელისუფლება მის შვილებს, ოჯახს არაფერს გაუჭირვებს, მაგრამ სამწუხაროდ, იქ მაინც რჩება დიდი ტკივილი, რადგან ვანოს გაცოცხლება შეუძლებელია.

მარადიული ხსოვნა ასეთი ვაჟკაცებისა!

გელა ზედელაშვილი