რამაზ საყვარელიძე: "ქართული ოცნების" ძველი გვარდია თავად ქართველი ხალხია!

რამაზ საყვარელიძე: "ქართული ოცნების" ძველი გვარდია თავად ქართველი ხალხია!

გვესაუბრება 
ფსიქოლოგი, ანალიტიკოსი 
რამაზ საყვარელიძე:

- ბატონო რამაზ, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მისი მობრუნება 2012 წლის სულისკვეთებასთან, იმ იდეებისთვის ბრძოლასთან ასოცირდებოდა. თქვენ, რა მოლოდინი გქონდათ და რეალურად, რა ხდება?
-
გეთანხმებით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ღარიბაშვილი 2012 წლის სულისკვეთებასთან ასოცირდება. მისი პოლიტიკაში დაბრუნება, სწორედ, ამ სულისკვეთების სიმბოლოდ იყო აღქმული. ნაწილობრივ, ვთვლიდი, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება - ეს ნაბიჯი იმ ამოცანას ემსახურებოდა, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მეორედ მოსვლისას განაცხადა - ხალხთან და პარტიის შიგნით კავშირების აღდგენა. 2012 წელს ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი ხალხის ხელახალი მობილიზაციით შესაძლებელი იყო ამ ამოცანის გადაწყვეტა. მათი სპონტანურად ხელახალი მობილიზაცია, ნაწილობრივ, მოულოდნელადაც, ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყვიტა, როცა ძველ გვარდიას გვერდში დგომისკენ მოუწოდა. ეს, სწორედ, 2012 წელს მის გარშემო შემოკრებილი გვარდია გახლავთ. პრინციპში, ჩემი ვარაუდი, ასეთი იყო: პირველი ტურის შემდეგ გადადგმულ ამ ნაბიჯს ივანიშვილი ზოგად სტრატეგიად ჩამოაყალიბებდა და პარტიას ამ მიმართულებით წაიყვანდა. კერძოდ, პარტიაში 2012 წლის ადამიანების დაბრუნება. სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიის დასაბუთებად ღარიბაშვილის მმართველ სტრუქტურაში გამოჩენა ჩავთვალე. თუმცა, მის გამოჩენას მოჰყვა მისივე საკმაოდ მკაცრი განცხადება "ქართული ოცნებიდან" წასული წევრების მიმართ. აქ, უკვე აშკარა გახდა, რომ იგი, 2012 წლის სულისკვეთებით გამსჭვალული ხალხის შემკრები ფიგურა არ არის. ადამიანები, რომლებიც პარტიიდან წავიდნენ, 2012 წლის იდეებზე, ამ ღირებულებებზე ახდენდნენ აპელირებას, პროტესტი ამიტომაც გამოთქვეს. ახლა, რა გამოვიდა? - ეს ჯგუფი შეფასდა მარტო იმ ნიშნით, მედიაში აკეთებენ თუ არა განცხადებებს, ზოგადი სტრატეგიული ნიშანი ნახსენებიც აღარ იყო.
- რაც შეეხება ახალი სახეების ძიებას. რა მოსაზრება გაქვთ ყოველივეზე?
-
პარტიამ გამოაცხადა, რომ ახალ სახეებს ეძებს. პრინციპი ასეთია: ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი კადრების მოძიება დაევალა. გაჟღერდა შემდეგი სახის მოთხოვნები: კომპეტენცია, ენერგია, ღირებულებებისადმი ერთგულება, ოღონდ, არ დაკონკრეტებულა რა ღირებულებებზეა საუბარი. გავიხსენოთ, რა იყო 2012 წლის სულისკვეთება? - მათ სააკაშვილის პერიოდის რეჟიმის შენარჩუნება დაუშვებლად მიაჩნდათ - აი, რა აერთიანებდათ ამ ადამიანებს. ეს მომენტი ახალი სახეების მოძიების პროცესში ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. არადა, სწორედ სააკაშვილის რეჟიმთან მიუღებლობას უკავშირდება ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. ანუ, ძველი გვარდია ივანიშვილის გვერდით სწორედ იმიტომ დადგა, რომ მას სააკაშვილის რეჟიმის აღდგენა არ უნდოდა. ასე, რომ სააკაშვილის რეჟიმის, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებისა და "ქართული ოცნების" ძალაუფლებაში ყოფნის საკითხი, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ძველი გვარდია ჰქვია და რომელიც 2012 წლის გამარჯვებასთან ასოცირდება, ისევ ერთმანეთს უკავშირდება. მაგრამ ღარიბაშვილის გამოჩენამ, მისმა მკაცრმა შეფასებებმა და ახალი სახეების ძიებამ, 2012 წლის სულისკვეთების კვალი გააქრო. არადა, მეგონა, ივანიშვილი ამ კვალს გაჰყვებოდა. სწორედ, ამ გზით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის კანდიდატურამ. თუ "ქართული ოცნება" 2020 წლისთვისაც ამ ფორმულით, პათოსით იმოქმედებდა, რომ ძველი გვარდია სააკაშვილის რეჟიმის აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს, მაშინ გამარჯვების შანსი დიდი ექნებოდათ. ვერ გეტყვით, ეს ფორმულა დღის წესრიგიდან მოიხსნა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ღარიბაშვილის მოყვანის გარდა, სხვა დანარჩენი ნაბიჯები ძველ გვარდიასთან დაახლოების ფორმულაში არ ზის. ფაქტობრივად, ეს ყბადაღებული ახალი სახეების თემაა, რაც ყველა არჩევნებზე დგება და რომლის ერთ-ერთი შედეგია მაგალითად ის ელიტა, რაც "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ჰყავს - სამი ახალგაზრდა, რომელიც პარლამენტს, უმრავლესობასა და ფრაქციას ხელმძღვანელობს. ისინიც ახალი სახეები იყვნენ. აი, სწორედ, ამ ახალმა სახეებმა მიიყვანეს დაშლამდე "ქართული ოცნების" საპარლამენტო ჯგუფი. დიახ, ამ ახალმა სახეებმა მხარი დაუჭირეს "ნაცმოძრაობის" მოსამართლეებს და ჩააგდეს "პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივა - "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური შეფასება მომხდარიყო. ასე, რომ "ქართული ოცნების" ეს ახალი სახეები, ფაქტობროვად, "ნაცმოძრაობის" მფარველებად გვევლინებიან. თუკი ამჯერადაც, ახალ სახეებს ისევ ამავე პრინციპით ეძებენ - მთავარია ახალი იყოს და რა ორიენტაციის იქნება მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ "ნაცმოძრაობის" ხვედრითი წილი "ქართულ ოცნებაში" კიდევ უფრო გაიზრდება. საქმე ის გახლავთ, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ "ნაცმოძრაობის" მიმართ ის მიუღებლობა, რაც აქვთ მათ, რომელთა ოჯახები დაარბიეს, ქონება წაართვეს, ახლობლები მოუკლეს და .. ანუ, თაობებს შორის, "ნაცმოძრაობის" მიმართ დამოკიდებულებაში, დიდი განსხვავებაა. თუ ისევ ახალ თაობებს მოვიყვანთ, თავისთავად, ისინი, "ნაცმოძრაობასთან" დაპირისპირებაში პრინციპულნი არ იქნებიან. შესაძლოა კიდევ უარესიც მოხდეს - მათ რიგებში, თავად, "ნაციონალებმა" შესაძლოა თავიანთი ხალხი შეუშვან ისე როგორც დღეს არის - ეს ხალხი, ფაქტობრივად, ყველა სტრუქტურაში მიმობნეულია. `ნაცებს~ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თავისი ხალხი ჰყავს. ადიახ, სწორედ იმ ორაგნოებში, რომლიდანაც ახლა ახალი კადრები იძებნება. ასე, რომ თუ ეს სურათი არ შეიცვალა, რაც ამ წინაპირობიდან გამომდინარეობს და თუ დარჩენილ პერიოდში ახალი კადრების ძიებას სასიკეთო არაფერი დაემატა, მაშინ ჩვენ, "ქართული ოცნების" საპარლამენტო ფრაქციაში მივიღებთ ახალ სახეებს, რომლებიც უკვე არსებული არაპოპულარული სახეების გაგრძელებები იქნებიან და მეტი არაფერი. და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება საკმაოდ გაუჭირდება. მოსახლეობა პასიურიც რომ იყოს, "ნაცები" მის გამარჯვებას არ დაუშვებენ. მგონია, "ქართული ოცნება" ვერ ხვდება იმას, რომ მათსა და "ნაცებს" შორის ბრძოლა გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ბრძოლას ის სიმწვავე არ აქვს, რაც მიშას ყოფნა-არყოფნის შემთხვევაში ექნებოდა. ეს ორი ალტერნატივა, ამომრჩევლის თვალში, ერთმანეთთან დაპირისპირებულია იმ მხრივაც, რომ "ქართული ოცნების" მიმართ კომპეტენციის თვალსაზრისითაც არის პრეტენზიები. ანუ, ხალხი ფიქრობს, რომ მათ არ ჰყოფნით კომპეტენცია იმ თანამდებობებზე, რაზეც იმყოფებიან. "ნაციონალური მოძრაობის" ნოსტალგია არ აქვთ, მაგრამ ნოსტალგია გაჩნდა გაბედული, ენერგიული პოლიტიკის მოთხოვნის კუთხით. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე აფიქსირებს მოსაზრებას: "ნაცები" საქმის გამკეთებლები მაინც იყვნენო. ასე, რომ თუკი "ქართულმა ოცნებამ" თავის გამოვლენილ უუნარობას "ნაცმოძრაობის" მიმართ ლოიალურობაც დაამატა, რაც აქამდეც სახეზე იყო და რამაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის 50%-ის სახლში დარჩენა გამოიწვია, თუკი პროცესი ამგვარად გაგრძელდა და უფრო მკვეთრი სახე მიიღო, მაშინ 50%-ზე მეტი ადამიანი დარჩება სახლში. გამორიცხული არ არის, ვინც სახლში არ დარჩება, უპირატესობა "ნაცმოძრაობას" მიანიჭოს.
- საზოგადოება დაიბნა, ვერ გაურკვევია საით მიდის პროცესი.
-
საერთოდ, დავიმახსოვროთ, რომ ადამიანს თავისზე უფროსი არასდროს მოჰყავს. თაობებს შორის, გარკვეული, ფარული მიუღებლობა არსებობს. ადამიანს მოჰყავს თავისი თანატოლი ან უმცროსი. ბუნებრივია, ახალი სახეების მაძიებლებად თუ ახალგაზრდებს გაუშვებენ, ისინი, პოლიტიკაში, საერთოდ, საბავშვო ბაღს შემოიყვანენ.
მეც მიმაჩნდა, რომ "ქართული ოცნება" ძველ მხარდამჭერებს მოძებნიდა, რომელთათვისაც "ნაცმოძრაობა" მიუღებელია და ივანიშვილის გუნდი 2020წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. ეს შანსი ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ წამგებიანია ნაბიჯები, უკვე გაუგებარს ტოვებს - რა გზას ადგას "ქართული ოცნება". "ქართულ ოცნებას" არ ესმის, ვერ აცნობიერებს რა საფრთხე ან შანსი დგას თითოეული ალტერნატივის უკან. გამარჯვების სტრატეგია ერთიან, ლოგიკურ ხაზზე არ არის განლაგებული.
- თქვენი აზრით, რა მოლოდინი აქვს მმართველი გუნდისგან "ქართული ოცნების" გულშემატკივარს?
- "
ქართული ოცნების" გულშემატკივარი ელოდა იმას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ დაპირების სახით ითქვა. ამიტომ მივიდა იგი მეორე ტურზე - დაიჯერა ბიძინა ივანიშვილის პირობა და ელოდა, რომ ეს ხაზი გაგრძელდებოდა და ასეთ შემთხვევაში, იგი, ბოლომდე ბატონი ბიძინას გვერდით დადგებოდა. "ქართული ოცნებისადმი" გულშემატკივრობას იმდენად წინა პლანზე არ წამოვწევდი, რამდენადაც 2012 წლის ღირებულებების გულშემატკივარს. 2012 წლის ღირებულებების ერთგული გულშემატკივარი კი დაპირებების შესრულებას ელოდა. ერთ-ერთი პირობა იყო: 2012 წლის სულისკვეთება, შიდა პოლიტიკაში, ბოლომდე გატარებულიყო. ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ვგულისხმობ, ღარიბაშვილის დაბრუნებას, თუმცა, ჯერ სიახლეებისთვის დიდი დროა დარჩენილი. თუ, ახლა, გარკვეული ნაბიჯების მისამართით კითხვის ნიშნებს ვსვამ, ეს იმიტომ, რომ საზოგადოებასაც გაუჩნდეს იგივე კითხვები და მმართველ პარტიას მანაც აგრძნობინოს რა უნდა და რა - არა. წინ საკმაო დროა იმისათვის, რათა მდგომარეობა მკვეთრ კალაპოტში ჩაჯდეს და პროცესები ისეთი სტრატეგიით განვითარდეს, რაც უდაოდ გამარჯვების მომტანი იქნება.
- მაგრამ ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი რამდენად შეძლებს ქართველი ხალხის გამარჯვებამდე მიყვანას?
-
გამარჯვებამდე მიყვანაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვნახოთ, როგორ დაკომპლექტდება გუნდი. არსებობს იმის შანსიც, რომ თუ საზოგადოების აზრს ყურადღება მიექცევა, გუნდი 2012 წლის პროცესებში მონაწილე ადამიანებით დაკომპლექტდეს, რომლებიც საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრებისთვის მართლაც ახალი სახეები იქნებიან.
აქვე, თუ შეიძლება ერთ საკითხსაც შევეხები: ბახტაძემ გამოაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაში ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია იმ კუთხითაც, რომ პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა ხდება ფინანსების დახმარებით და არა მარტო მოწოდებებით. აქამდე, ხშირად, მხოლოდ, მოწოდებები ისმოდა: მთავარი განათლებააო, ოღონდ, ფინანსური წახალისება ამ პროცესს არ ჰქონდა. რა მიმართულებითაც ამ საკითხზე ფიქრი ხდება, უდაოდ მისასალმებელია. აქვე, მოიაზრება მეცნიერების ხელშეწყობაც. ქვეყანა, სადაც მეცნიერება არ არის, იქ, არც განათლებაა. კიდევ ერთი ასპექტია პრობლემა და სასურველია მასზე დაფიქრებაც: სასკოლო სისტემაში, დაფინანსების მხრივ, საგანმანათლებლო სისტემის დაფინანსება იგულისხმება, რაშიც ბავშვი ექვსი წლის მერე გადადის. ის ნახევარ ცხოვრებას მაინც ოჯახში ატარებს. 6 წელი საკმაოდ გვიანი პერიოდია და მით უმეტეს მაშინ, როცა ოჯახის გავლენის ქვეშ ბავშვი დიდხანს რჩება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა განათლების მიმართ ბავშვების დამოკიდებულებაში არის ოჯახი, მშობლების თაობა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა შეიძლება მოუხერხონ მშობლების თაობას, მათთვის სკოლებს ხომ არ გახსნიან?! ეს პრობლემა მთელ ქვეყანას უდგას. ბევრმა ქვეყანამ - ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ეს პრობლემა - მშობლების თაობაში განათლების დაბალი ხარისხი და მერე ამის გავლენა ბავშვების განათლებაზე, მასმედიის საშუალებით გადაწყვიტა. ძირითადად, საზოგადოებრივი ტიპის მასმედიით, რომელიც საგანმანათლებლო ფილმებით, პროგრამებით და .. შეავსო აი, ამ საგანმანათლებლო ფილმების, პროგრამების ძირითადი ადრესატები ბავშვები კი არა მშობლები არიან, მათი განათლების ამოწევის მნიშვნელოვანი ბერკეტი არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ასე, რომ თუკი ამ გზას ვადგავართ და განათლებული საზოგადოება გვინდა, რომელიც მსოფლიოში კონკურენტუნარიანი იქნება, მაშინ ეს ასპექტიც გასათვალისწინებელია. საზოგადოებრივი ტელევიზია არ უნდა იყოს კერძო ტელევიზიების დუბლიორი. მას სხვა, სწორედ, საგანმანათლებლო ფუნქციები აქვს, რაც ჩვენთანაც უნდა დაინერგოს.

თამარ შველიძე

"საერთო გაზეთი"