აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

აკაკი ზოიძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):

ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს, როდესაც აქვეყნებს ამ პოსტს, რომლის მიხედვითაც "ც" ჰეპატიტის მართლაცდა უნიკალური პროგრამა, რომელმაც უკვე გადაარჩინა 60 ათასზე მეტი ადამიანი (მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა) ნაადრევ სიკვდილს და უახლოეს პერიოდში გადაარჩენს კიდევ უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს და ამით გადააქცევს საქართველოს მსოფლიოში პირველ ქვეყნად, სადაც დამარცხდება ეს ვერაგი დაავადება, - თურმე ყოფილა "მიშას მთავრობის დროს ინიცირებული", ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას კი მხოლოდ ჩაუგდია პროგრამა.

გია ბარამიძე რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემებს მიმოიხილავს და C ჰეპატიტის პროგრამაზე შეფასებებს აკეთებს - ეს ამბავი თავისთავად ღიმილისმომგვრელია და მის გუნდში დარგის სპეციალისტების ნაკლებობაზე მიუთითებს. თუმცა, რეალურად რა ინიციატივასაც იბრალებს, ზუსტად იმის საპირისპირო ხდებოდა მისი ხელისუფლების დროს.ეტყობა ბატონი ბარამიძე თვლის რომ მთელ ჩვენს საზოგადოებას ტოტალური ამნეზია ჭირს და არ ახსოვს რა ხდებოდა და რა არ ხდებოდა "მიშას მთავრობის" დროს, 
მაინც შეგახსენებთ ფაქტებს მოკლედ:

1. C ჰეპატიტის გავრცელება ზოგად მოსახლეობაში საგანგაშო იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებულმა კვლევამ ეს დაადასტურა. მიუხედავად ამისა სახელმწიფოს მაშინ არ დაუწყია არც დიაგნოსტიკის, არც მკურნალობის პროგრამა “უსახსრობის გამო”, თუმცა ორი სახელმწიფო შენობის ასაშენებლად მილიარდი დახარჯა.

2. სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სიკვდილიანობა არასათანადო მოპყრობის, C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გავრცელების გამო ყოველწლიურად 200-მდე შემთხვევა იყო (მეტიც ყოფილა). პატიმრები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ C ჰეპატიტის მკურნალობის მოთხოვნით. არაერთი ასეთი საქმე სახელმწიფომ წააგო - სამწუხაროდ პატიმრები, ვინც საჩივარი შეიტანეს სიცოცხლეში ვერ მოესწრნენ ამ გადაწყვეტილებებს. სტრასბურგის გადაწყვეტილებების საპასუხოდ, სახელმწიფომ არათუ C ჰეპატიტზე მკურნალობა უზრუნველყო ციხეებში - არამედ, საერთოდ აკრძალა დიაგნოსტიკა, რომ პატიმრებს თავისი დაავადების სტატუსი არ სცოდნოდათ.

3. მათი ხელისუფლების დროს, ყოველწლიურად მხოლოდ 200-300 პაციენტი ახერხებდა საქართველოში მკურნალობას, მაშინ როდესაც, დაახლოებით 200 000 მოქალაქეს სჭირდებოდა ეს მკურნალობა. ვინც მკურნალობდა, ესეც ექიმების, ინფექციონისტების თანადგომით და მათი ოჯახების დამსახურებით, რომლებიც სესხებს იღებდნენ, სახლებს ყიდდნენ ამ მედიკამენტების შესაძენად.

4. არანაირი ხედვა და ქმედითი პროგრამა არ ჰქონია, არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება გია ბარამიძის დროინდელ ხელისუფლებას არ მიუღია C ჰეპატიტის პრობლემის სისტემური მოგვარებისთვის.